კვირიონები
იესოს ასაკის ორი ბერი,
შავკაბოსანი, თიბისის ბანკის ეზოში.
იქვე საპატრიარქოს მაღაზიაა - ვერცხლით მოჭედილი
იოანე ნათლისმცემელით.
რა გამახსენდაა,
ივლისში, გვალვის დროს, ჯერ არ გათენებულზე,
შიშით რომ გვეფხიზლებოდა,
საბუხრეს და ანტენებს
ბუკნაჭოტები და კვირიონები რომ ეტანებოდნენ.
საბა რომ მოკვდა,
ორი თეთრი გარეული გვრიტი მოფრინდა.
მამაჩემმა გეკოსკენ გაიწია, კიბისქვეშეთისკენ,
შევთხოვე - ნუ ესვრი, მამა.
ისე უცნაურად გვაკვირდებოდნენ,
თითქოს გვარჩევდნენ სამოსახლოდან
გვეთამაშეს წეროები მიფრინავდნენ,
სად?
შორს.
რამდენი?
ერთი და საბა აფრინდა, აფრინდაა.
ჩვენ რა ვიცოდით, იმ შუადღეს
მკვდარია ბალღი.
ჩვენ არ ვიცოდით.
ნესვის დესერტით, ჩვეულებრივად, ვმსახრობთ
ოთახში,
მრგვალფეხება მაგიდას გარს შემომსხდარნი.
მოულოდნელად,
ბეღურის ბარტყი შემოფრთხიალდა,
ყვითელკნისკარტა,
ასეთი ფერის თმა აქვს საბას ერთი წლისას
სურათზე, რომელიც ჩვენ სარკის წინ გვაქვს გამოკრული,
სტუმრებს ვაჩვენებთ, აი, ეს არის ჩვენი საბა.
ლურჯი თვალებით.
ასეთი ხმა აქვს საბას -
ხოდა გავუშვით. ვარდისბუჩქიდან
დედა ჩიტმა წაიყვანა ჟივილ-ხივილით.
კნუტი გავიხსენეთ, სათონედან რომ ჩამოვსვით
მურას და ბობოს ყეფის თანხმლებით.
შუაღამეს კი დედა კატამ ფანჯრიდან გააპარა -
ასე გაგვტაცა.
არა, მაინც, როგორ გვეშინოდა ბუკნაჭოტების მოსვლა -
მათ კივილს სიკვდილი გადაჰყავდა სოფლიდან სოფელში.
იასამანის აყვავებამაც ასე იცის,
დეკემბერში.
ასე იცის ძაღლის ტირილმაც და
კვირიონების გუნდის შემოფრენამ ჩრდილოეთიდან-
ზარის დაცემა.
დღეს, ყველაფერმა უდროოდ ან ნაადრევად იცის
მოსვლა.
გასულ წელს, აფრიკაში, ზაფხულში წამოთოვა,
თან გაყინა –
ჩონჩხები ბავშვების ფიფქებს იჭერდნენ და ჭამდნენ,
შორი-ახლოს მსხდომი სვავები,
აღმოსავლეთისკენ გარეკა უამინდობამ,
სითბოს და მზის და საკვების საშოვარზე.
33 წლის ასაკში,
უკვე რამდენჯერ ვიყავი ჯვარზე,
თან ეს ყოველთვის ერთსა და იმავეს ჰგავს:
Comments
Post a Comment