მოლაპარაკე ფრინველები
აკაციის აიაზმა ღრუბლების ცხრა წყებას
მზისგვარად ამოსვლია,
ნაძვი გირჩებამოსხმული,
შავი ყურძენი სამტევანა და
გზის ლეღვი მწიფე, ბეღურებ შეჟივჟივებული -
საიდანღაც აფრიკული გვრიტიც ამოფრინდა.
მე - ოთახში,
ხელში წიგნით და ერთი.
ლეღვის ხე უპატრონო
ბეღურთა მფარველი ანგელოზი,
ჩუმად თავდახრილი,
მორცხვი მოცხარივით ტკბილი.
თუთა არ გვემეზობლება,
თან წელს ისე გაიყვითლა ფოთლების ასხმა
ერთი სიმწიფე არ შეირჩინა.
ალბათ მამრია მოწყენილი,
რომ მისი სატფო გატკბილული შავ-შავად
გზის მეორე მხარეს დგას და კაკლის
დახუნძლულ ტოტებს შეჰყუდებია.
ლაპარაკი მინდოდა და სარკე მოვიბეზრე,
წიგნით ხელში
დილის ბინდბუნდის სიშორიდან,
ან ქვევიდან,
ნაგვის ურნაში ჩაყუდებული
მოსვირინგებულსხეულიანისთვის,
ოდნავ შეშლილი მარტოსული ვიხედები აივნიდან.
ის ალბათ ასეთია:
პატარა ბიჭი,
დედაბერივით ჭაღარა ნაწნავებით.
მართალია,
ძველებრაული არ მასწავლეს,
რომ იესო წარმომეთქვა ერთხელ მაინც,
რომ ბიჭი, როგორც ყვითელი სინდიოფალა
სათონესკენ გამქრალიყო,
სამაგიეროდ, დიდი ბაბუის მამა
დადიოდა საქონლით მთაში და
უცნაურ სიზმრებს ხედავდა.
ცხენი ორთვალას შეხიზნული
თვალზე დაფრთხებოდა.
გაზაფხულის ამინდის გასაგებად
მასთან დაღესტნელი მწყემსები საშიშ მელოტ უღელტეხილს
გადმოვიდოდნენ.
შენი სული შემომახვიე,
ძველებრაულად მიბუტბუტე, იესო.
გაქრება ყველა კულუმკილი,
გაქრებიან ხითხითა ლილიპუტი ადამიანები -
დაგირჩები.
ისეთი ამინდია, ვითომ უკვე ჩადენილია მოსახდენი და
როცა ყველა გაიტრუნა,
ცა გადმოსერა ხელოვნურ ზღვიდან მოფრენილმა,
დიდმა წერომ.
ენა ამოიდგა, გაეპასუხნენ სამკუთხა
წყებად მორონინენი.
ცისკარი მათთან და წაიღო მშვიდმა ნიავმა
აკაციის აიაზმით განწმენდილი ცხრა წყება ღრუბლები.
მე ქუჩაში გავედი.
Comments
Post a Comment