სამშობლო ელეგიურია
ჰაერი
მუნკის კივილია,
პაჩეკო.
- იქნებ ჰაერი აღარ არის ჩემს სამშობლოში?
ჰაერი-მეთქი, ჰაერი!
ხელის მოჩრდილვას რას დამყაბულდი,
საომრად მივდივარ თუ რა,
რას მაბარებ ხელის დაქნევით ახალ გმირებთან,
შენი მეორე ხელით განგმირულებთან.
ჰაერი-მეთქი, ჰაერი!
მწარე არის ჩემი სათქმელი,
როგორც სულთმებრძოლს
სასთუმალთან გიზივარ და აგონიით გათანგულს,
გრილ მაჯას როდი გადებ შუბლზე,
იავნანას როდი გიხსენებ,
მესისხლე ხარ, სამშობლოო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტი
აღარც ერთი რომ აღარ შეირჩინე,
ცა ტყუილ, ხმელეთ ბერწს
სიმართლეს გაწვეთებ.
შენ კი თანახმა ხარ მოისმინო,
ვერ გამაძევებ იძულებით
ჩემი მიწიდან, ლტოლვილის სახელს აღარასოდეს
აღარასოდეს აღარ ვჭამ, მორჩა.
სამშობლოო,
ჰაერი-მეთქი, ჰაერი,
ვერ დამიკარგავ ალალ-მართალ ნაბოლარა ძმებს
თავიაანთ ქალაქში უგზო-უკვლოდ, ღია ცის ქვეშ
ვერ დაუყრი მათ კიდურებს ღორებს.
ჰაერი-მეთქი, ჰაერი!
შაოსან თეთრ დედებსაც ვერ გამომიყრი
მოძველებური სასტუმროდან ქუჩაში
და დახლებს ვერ აუყირავებ.
ლუკმას პირიდან ვერ გამოაცლი,
თეთრწვერა, დამუნჯებულ მამებს,
შენს შემხედვარეთ.
სარეცელს ხარ მიჯაჭვული სამშობლოო,
ო, ენავ, ჩემო,
სხვა ენაზე რად დაგტირივარ
და შუაღამეს შემოყრილი ყივჩაღის ძაღლივით
შეგღმუი:
ჰაერი-მეთქი, ჰაერი!
სანამდე დაგახურდავო, გაჩხრიალო.
მანამ ძვლები არ აუდგეთ,
ჩვენს გამჩხიბავებს,
ვიდრე ნებით გადაგცვალო
ხარახურაზე.
ჩემო სახლო ჩემთან.
ჩემო ძმაო ჩემთან.
ჩემო ზღვაო ჩემთან.
იქნებ ჰაერი აღარ არის
ჩემს სამშობლოში? -
ხესუს ლოპეს პაჩეკოს კივილია.
ჰაერი-მეთქი, ჰაერი!
მეც ვკივი,მაგრამ ბგერები სასულეს გამჩხერია,
ჩემი ძმების ვენებივით დავღარულვარ,
ვეღარ ვსუნთქავ შენი ცის ქვეშ
გაძარცვულო სამშობლოო.
მოდი, ოინი ვუყოთ მთელ დუნიას,
როგორც აღმოსავლეთს ვაბოლებდით.
მოდი, თვალები დაგიხუჭო,
უკანასკნელმა ქართველმა ვინც დაინახა,
შენი მკვდრეთიდ აღდგომა,
ამიტომაც ასე მოგკალი,
დაგასვენე ჩემი სისხლისგან,
შენი ხორცისგან.
მიიცვალე ლაზარე,
სასწაულს ელოდე,
სამშობლოს აჩრდილო.
Comments
Post a Comment