ნატა ვარადას დაგვიანებული „სიზმარი“
რიტა ბაინდურაშვილი
ნატა ვარადას დაგვიანებული „სიზმარი“
„ერთი საათით გვიან” ჰქვია მის დებიუტს, თუმცა სინამდვილეში დებიუტი ბევრად უფრო გვიან შედგა, ვიდრე უნდა შემდგარიყო.
იმიტომ, რომ ნატა ვარადა უკვე დიდიხანია ლიტერატურულ წრეებში ნიჭიერ, ორიგინალურ, ღრმად და მხატვრულად მოაზროვნე პოეტადაა აღიარებული და თაყვანისმცემელიც ბევრზე ბევრი ჰყავს.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართული პრეზენტაციაც მისი დაგვიანებული დებიუტის აღიარება გახლდათ.
თუ რატომ დაგვიანებული, `ჩვენი მწერლობის” რედაქტორმა როსტომ ჩხეიძემ საღამოზე ბრძანა:
– ბევრი კარგი წიგნი გამოდის ბოლო დროს ჩვენში, მაგრამ კარგ წიგნებშიც არის გამორჩეული, რომელთა შორისაცაა ეს კრებული. სამწერლო სარბიელზე ეს ნატა ვარადას დებიუტია, რომელიც, წესით, ბევრად ადრე უნდა შემდგარიყო და, ალბათ, კიდევ უფრო დააგვიანდებოდა, რომ არა ჩვენი, მისი მეგობრების, ძალდატანება და ძალისხმევა.
კრებული გამოსაცემად დიდი ხანია მზად იყო, მაგრამ შემოქმედებითი პასუხისმგებლობით ზედმეტად შეპყრობილი ავტორი იმდენჯერ მიუბრუნდა მას, იმდენჯერ ჩაასწორა და გადააკეთა, რომ უკვე წიგნის `გაფუჭების” საფრთხე შეიქმნა. ხდება ასეთი რამ შემოქმედებაში – რაღაც დონემდე ჩასწორება და დახვეწა კარგია, მაგრამ როდესაც ეს დაუსრულებლად გრძელდება, მერე იკარგება ის მთავარი, რითაც ღირებულია წიგნი. ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით ნატას და დღეს, საბედნიეროდ, მკითხველს უკვე აქვს ხელთ მისი ლექსების პირველი კრებული, რომელიც თავისი სიღრმით, ფილოსოფიით და ლირიზმით ნამდვილად გამოირჩევა.
იგი აფხაზეთის ომში ტრაგიკულად დაღუპულ მამა ანდრიას ეძღვნება, რომლის გმირობისა და თავდადების ამბავი ყველას მოგეხსენებათ და ეს ნატას ძლიერი შთაგონების წყაროდაც იქცა. მამა ანდრიასადმი მიძღვნილ არაჩვეულებრივი ლექსთან ერთად წიგნში მთელი ერთი ციკლი ეთმობა სასულიერო თემას – ბიბლიური პასაჟებისა და სიბრძნის ღრმა და ლირიკული გააზრებით. შთაგონებითა და ექსპრესიულობითაა სავსე კრებულის თვითეული ლექსიც და ამ შთაგონებას წიგნს თანდართული ქრისტინე რობაქიძის მხატვრობაც აძლიერებს, ხოლო ნინო სადღობელაშვილის მშვენიერი ბოლოსიტყვაობა შესანიშნავად აგვირგვინებს მას. ვულოცავთ ნატას პირველი კრებულის გამოცემას, ხოლო პოეზიის მოყვარულთ – თანამედროვე ქართულ ლექსთან ზიარების კიდევ ერთ სიხარულს.
ნინო სადღობელაშვილი:
ძალიან ვგულშემატკივრობდი ამ წიგნის გამოსვლას, რადგან მას მკითხველთან, ნატას შემოქმედების თაყვანისმცემლებთან მართლაც დააგვიანდა. მაგრამ ის არის თვეების, წლების ნაფიქრი `სიზმარი”, და თუ რატომ, ერთ ამბავს გავიხსენებ: იყო ერთი ასკეტი ბერი, რომელიც განმარტოებით, უმკაცრესი წესით ცხოვრობდა და ისეთ თვითგვემას იყო მიცემული, რომ ანგელოზიც კი დაიტანჯა მისი ცქერით და გამოეცხადა ერთხელ. ჰკითხა: ასე ძალიან თავს რად იწამებო? – მინდა გავიგო, სამყარო როგორ არის მოწყობილიო – უპასუხა ბერმა. მაშინ ანგელოზმა გაიყვანა იგი ერთ ადგილას, სადაც წყალი იყო და ამ წყალზე კაცი ტივტივებდა: აი, ეს არის სამყაროო... სულ ეს არისო? გაიკვირვა ბერმა. ეს არისო, მიუგო ანგელოზმა და გაქრა. შეწუხდა ასკეტი, იფიქრა, ანგელოზი დამცინისო, და კიდევ უფრო უმატა თვითგვემას, კიდევ უფრო შეიზღუდა ცხოვრება. ისევ გამოეცხადა ანგელოზი და ისევ იგივე დიალოგი გაიმართა მათ შორის. ახლა სხვა წყალთან მიიყვანა ანგელოზმა ბერი და იქაც იგივე სურათი უჩვენა – წყალზე მოტივტივე კაცი. დაიბნა ასკეტი და უთხრა ანგელოზს: მტანჯავ თუ პასუხს მაძლევ ჩემს კითხვაზეო. მაშინ ანგელოზმა უპასუხა: პირველად რომ კაცი ნახე, ის იყო ღმერთი. იმ ღმერთს დავესიზმრე მე. ის მეორე კაცი მე ვიყავი, მე კი შენ მესიზმრები. ახლა წადი და შენი ცხოვრება იმაზე ფიქრს მიუძღვენი – შენ ვინ გესიზმრებაო...
ნატას პოეზიაც სწორედ ის არის, რაც მას ესიზმრება. ამ სიზმარში დროთა, თაობათა ფიქრია აღბეჭდილი და მთელი წიგნიც ასკეტური მსხვერპლშეწირვის ტკბილ-მწარე სხივებით არის განათებული. საკუთარი `სიზმრის” ძიება ხომ ყველაზე მძაფრი შეგრძნებაა შემოქმედისთვის და ამ გზაზე წარმატებებს ვუსურვებ ნატას...
ნანა კუცია:
ბედნიერებაა, როცა პოეტის ნააზრევი ერთ წიგნად იკინძება... ნატა ვარადას ლექსებს აქამდე `ულუფ-ულუფად” ვეცნობოდით ხოლმე ჟურნალებში, მაგრამ ახლა წიგნად შეიკრა და ჩვენ ხშირად შევძლებთ ვისტუმროთ მისი პოეზია. მიყვარს მისი ლექსები და სხვა ყველაფერსაც იგი ლექსივით აკეთებს: ლექსივით იცვამს, ლექსივით მეტყველებს, ლექსივით ცხოვრობს...
ნატას სჭირს `კეთილი მოხუცებულობაი გონებისაი”, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან – არა. ის შეიძლება ჰქონდეს ხუთი წლისას, თხუთმეტი წლისას ან არ ჰქონდეს არც ასთხუთმეტი წლის ასაკში. და ეს სიბრძნე გონებისა მის ყველა ლექსს ატყვია. ის არის ძალიან ყურადღებიანი, პასუხისმგებლობით სავსე პოეტი, რომელიც ყველაფერს ვერ მიიტანს მკითხველთან.
Comments
Post a Comment