რთვლობისას
ალაზნის ველებს ალი მოსდებიათ,
მზეწაკიდებულნი გარბიან გრემისაკენ,
ზვინებად ხვავდება ყურძენი სანახებთან
ხუჭუჭა ვაჟები ტანტალით წურავენ
ტკბილ წვენს და სიცილით კაკალი
იმტვრევა ნაჭუჭად.
ეს ქარი აშარი აშლის ალექსანდრის
სიმინდის ტაროსავით ყვითლად მოელვარე
თმასა და წვერს.
ქარს მიჰყავს ლევანიც, მოუსავლეთისკენ.
მწიფეთ და უმწიფართ უბეში ჩაიწვენს
ენკენისთვე.
სადღაც, ბადაგში ხარშავენ ღობის გოგრას,
იქვე, მაჭარი დუღილში იპარება.
ჰოი, დედოფალო,
შირანის ვარდივით ისპაჰანს გწურავენ,
ქართველთა უნაზესთან კვლავ რიდით საზიაროდ
წამებით გადუღებენ.
კავკასიონი ცისკრისას გაფითრდდა -
ჩამოიარაო ოქროს ქოშებითა, ვარდისფერ დედოფალმა,
ალავერდს,ცას თეთრად შეაკრთობს,
თან ცეცხლად იელვებს, რთვლობისას.
Comments
Post a Comment