ესმას და რენოს ფერთა ბრწყინვალე დღესასწაული
…იბადება ადამიანი და მასში მარადიულის ხსოვნა, ერთიანობა უსასრულობასთან ცინცხალია. უმეტესობა ასაკის მატებასთან ერთად შორდება მარადიულ ჭეშმარიტს, იძირება შემოგროვილ ჩენჩოში… ჩემი შემოქმედებით სწორედ ამას მინდა შევახსენებდე ადამიანს, რაღაც მივიწყებულს, ძირეულს, ძალიან ნაცნობ-ჩვეულებრივს; არ ვაძლევდე მის სულს პირველადის, ბედნიერის, კეთილის დავიწყების საშუალებას. (ესმა ონიანი)
ორი ფერი - ერთი ლაჟვარდისფერი, ზეციური და მეორე, მცხუნვარე, გადადუღებული მზისდარი მეწამულისფერი, როგორც დედისა და ყრმის გამოსახულება, გამორჩეულ ფერთა ნამდვილი ამობრწყინება ტილოზე და ნიჭიერების, როგორც სულიწმინდისეული მადლის გადმოქცევა – ეს პირველი შთაბეჭდილებაა, რომელიც არ შეიძლება არ დაგეუფლოს, როცა ორ ქართველ, უაღრესად თვითმყოფად, ერთი შეხედვით, და ალბათ, ასეცაა, მხატვრული სკოლის განსხვავებულ წარმომადგენელს შეხვდები, ისევ და ისევ უზენაესის ნებით.
ის, რაც ამ ორ ადამიანს და შემოქმედს აახლოებს ეს არის თანადროული ეპოქა და ქალაქი – თბილისი. კომუნისტურ და უღმერთო, დროის გაშეშებული ბელადების ფონზე აღმოცენებული ორი ღვთის ყვავილი, ქალი და მამაკაცი, ორი სრულყოფილება ნიჭისა, და მინიშნება ირგვლივ მყოფ ადამიანებისთვის – არ მიმიტოვებიხართ, ნუ გეშინიათ. მაშინდელ ადამიანებზე არაფერს ვიტყვი, თუმცა როგორც ჩანს, შიშის ძალით ბევრი ძალითაც იტყუებდა თავს და ჭეშმარიტებას გაურბოდა – ესეც ერთ-ერთი ნიშანთაგანი.
როგორც რიგითი ქართველი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნახოს და გაიცნოს ესმა ონიანის და რენო თურქიას სამყარო, თავს უფლებას ვაძლევ და ვწერ, რომ ფიროსმანის სული ორად გაიყო და ჩვენ გვაქვს სულიერების ორი უმაღლესი ნათელი გამობრწყინების ხატება.
გაზაფხულის მშვენიერ თბილ დღეს, ნიკოლოზობას, ესმა ონიანის დასთან, ქალბატონ ირინა ონიანთან, მხატვრის ბინაში წვეულებაზე ვიყავი მიპატიჟებული. `ესმასთვის შეთქმულები” (ასე ხუმრობით ვიხსენიებთ ერთმანეთს, გამომცემლობა `ინტელექტის“ თანამშრომლები და მეგობრები) ქალბატონმა ირინამ შეგვკრიბა. პატარა ნიკოლოზ კვარაცხელია, როგორც იმ დღის ანგელოზი განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას გვიცხოველებდა.
ოდესმე ყოფილხართ ზღაპარში?! ოდესმე თქვენც აღმოჩნდებით, თუ ესმა ონიანის სახელოსნოს, მის გამოფენას ესტუმრებით. როცა მის ფერების ოკეანეში დედამიწიდან შორს აღმოვჩნდი, რატომღაც გამახსენდა, რენო თურქიას სახელი და გვარი და მისი უცნაური კომპოზიციები მხატვრობაში. დიდი ხანია მინდოდა რენოს შემოქმედებაზე პატარა წერილის დაწერა და ესმა ონიანის სახელოსნოში გახსენებული მხატვარი ჩემამდე ისევ მოვიდა.
მქონდა ბედნიერება პირადად გამეცნო რენო თურქიას მუზა, მისი მეუღლე, ძალიან უცნაურად მორიდებული და ჩუმი ქალბატონი. ის იყო განუზომლად მწუხარე და ბედნიერი ერთობლივად, როცა საუბრობდა გარდაცვლილ მხატვრის უკვდავ შემოქმედებაზე და თავის სიცოცხლეს უძღვნიდა რენოს შემოქმედებას.
მისი მოგონებები, რომელსაც გამოსაცემად ამზადებდა, ჩანაწერები მხატვარზე ჩემთან დარჩა. თვითონ კი უცბად გაქრა. დამიტოვა, ასევე, რენოს შესახებ გამოცემული პატარა ფერადი და ლამაზი წიგნი.
ესმა გომელაურს, რენოს მეუღლეს, ერთხელ მორიდებით ვკითხე, ბავშვი არ გყავთ?! მითხრა, რომ ჩემი ავადმყოფობის გამო, რენო არ იყო მომხრე შვილი გამეჩინა, ექიმებმა გვითხრეს, თუ ბავშვს გავაჩენდი, დავბრმავდებოდი.
რენოს შეეძლო მსხვერპლის გაღება. ის ხვდებოდა რომ მის მხატვრობას უკვდავება ეწერა და საყვარელ ქალს შეუნარჩუნა თვალისჩინი. სხვათაშორის, რენო თურქიას უცნაური, მისტიური ცხოვრების შესახებ ჩანაწერებში ძალიან საინტერესო ამბებია მოთხრობილი. არ ვიცი, გამოსცა თუ არა წიგნად, თუმცა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა საზოგადოებისთვის გაეცნო, თავს ნებას მივცემ და ამ წერილში რამდენიმე ნაწყვეტს აქ მოვიტან:
..„დედაო ღვთისა, მზეო მარიამ,
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე”… - ხშირად წარმოსთქვამდა რენო შთაგონებით, და მე ვფიქრობ, არა მხოლოდ გალაკტიონის თაყვანისცემის, მასთან სულიერი სიახლოვის გამო.. „სილაში ვარდი – ცის სილაჟვარდე” – არა მხოლოდ საყოველთაოდ აღიარებული ამ შეუდარებელი რითმით აღტაცემის გამო. რენო ღვთის მადლით დაჯილდოვებული, ჭვრეტის, ნათელხედვის უნარით, ამ სიტყვებში თავის ბედისწერასაც ასურათხატებდა.”
„მახსენდება, ჩემმა დედამთილმა მიამბო რენოს ამ ქვეყნად მოვლინების შესახებ: თურმე, 11 აგვისტოს (1926 წ., სოხუმი) სამშობიაროში გვიან ღამით დაბადებულა, იმ დღით ყველაზე ბოლოს, „ჩეფჩიკები” უკვე აღარ ჰქონიათ და ე.ი. არ შეხვედრია. დილით, როცა მოუტანეს, „კატეგორიულად” (არაფრით) არ დაუხურავს, ტირილით აუკლია იქაურობა.
ეს გარემოება თითქოს სიმბოლურ გამოხატულებად იქცა რენოს ცხოვრების ხასიათის წარსამართავად და გასაცნობიერებლადაც. მას ამქვეყნიური თითქმის არაფერი გააჩნდა (არც ინდომა). ყველაფერი, რითაც უხვად იყო დაჯილდოებული და რითაც ირგვლივ მყოფთ ხიბლავდა, უზენაესისაგან ჰქონდა მინიჭებული.” (ესმა გომელაური. რენოსკენ სავალი გზებით).
შემთხვევითი არ არის, რომ რენო თურქიას მუზას და მეუღლეს სახელი ესმა ჰქვია, სწორედ ის სახელი, რომელსაც ატარებდა ესმა ონიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი სახელი და მეც, შემთხვევით არ `მესმა” სახელოსნოში რენო თურქია.
გაგანია კომუნიზმის ეპოქაში, შექმნა სულიერების კუნძული, მუშაობდე თავდავიწყებით, ცხოვრობდე აბსოლიტური ასკეტიზმით, არანაირი ცხოვრებით ტკბობა და მატერიალური საცხოვრისების კეთილმოწყობით გატაცება – დამეთანხმეთ: განსაკუთრებული და ღირსეული ადამიანების შემთხვევაში ხდება მხოლოდ.
რენო თურქიას ყველა მხატვრული ტილოს უკანა ხედზე მოჩანს ეკლესია. ხეების, ტბის, პეიზაჟების ფონზე აუცილებლად შორს ოდნავ ბინდ-ბუნდში, მაგრამ ყოველთვის პატარა ეკლესიას მოჰკრავ თვალს მნახველი. რწმენის არსებობის ეს უტყუარი დასტური, როგორც ხელმოწერა. შორეულ ლაჟვარდისფერის თვალის მიმტაცი ელვარება, გაყუჩებული ბუნება და გარემო ადამიანს თავშესაფარს სთავაზობს. ხოლო პორტრეტებიდან, მოდის ფარული სევდა და აბსოლიტური მორჩილება, რომელიც სასულიერო პირებს ახასიათებთ.
ასეც წერს:
ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, წინ წამოვწიო ყველაფერში დანახული მშვენიერება...
. . . საღებავებში, ამ საოცარ შენაერთებში დიდი გამომსახველობითი ძალა იმალება. . . მაგრამ რა მშვენიერი და ძლიერიც არ უნდა იყოს ფერი, ის კარგავს ყოველგვარ აზრს, თუ კი სიმახინჯეს ემსახურება, ან არაფრის მთქმელია და უბრალოდ, სურათის ფორმალურ ნაწილს წარმოადგენს.”
რენო თურქია …
. . . საღებავებში, ამ საოცარ შენაერთებში დიდი გამომსახველობითი ძალა იმალება. . . მაგრამ რა მშვენიერი და ძლიერიც არ უნდა იყოს ფერი, ის კარგავს ყოველგვარ აზრს, თუ კი სიმახინჯეს ემსახურება, ან არაფრის მთქმელია და უბრალოდ, სურათის ფორმალურ ნაწილს წარმოადგენს.”
რენო თურქია …
ესმა ონიანთან მდუღარე ენდროსფერში (როგორც მაკა ჯოხაძის მეტაფორაა) გათქვეფილია ბიბლიური პერსონაჟები, ხოლო პორტრეტების გრადაცია, მათი დაჭიმული სხეულები ფიზიკური ძალის დემონსტრაციაა.
მათ შემოქმედებას ადამიანთა სიყვარულისა და ურთიერთ საჭიროების საიდუმლოს გაცხადებასაც დავარქმევ, -ადამიანთა დროებითი სიცოცხლის აუცილებლობას. ხელოვანთა სულიერი ცხოვრების კრედო, სწორედ, სიცოცხლის, მართალია ხანმოკლე, მაგრამ მარადიული სახელისთვის სამყოფ დროში გამოხატული თანადგომისა და ენერგიის გაცემის უშურველობით გამოირჩევა და გადაიკვეთება. გარშემო მყოფთა სიკეთით ყოფნის უდიდესი სურვილით. როცა ესმა ონიანის ჩანაწერებს ვკითხულობ, ასეთი განცდა მამა გაბრიელზე მოგონებების დროსაც მიჩნდება, გული მწყდება რომ არ მქონდა საშუალება პირადად გამეცნო და თუნდაც ერთი სიტყვის მეშვეობით მასთან ურთიერთობის ბედნიერება მქონოდა, რადგან სიტყვის ძალით, ის ძალიან საჭირო და ადამიანისთვის სასიცოცხლო რჩევებს გვწერს. თუ გაგვიჩნდება სურვილი დავინახოთ, შევიგრძნოთ და გავითავისოთ, რა თქმა უნდა. მხოლოდ სინამდვილის – ამ სიტყვის გამორჩეულობის შესახებ რამდენი რამის თქმაა შესაძლებელი. მისი წიგნიდან – ესმა ონიანი. ლექსები, ესეები, წერილები. თბილისი.2000) თითქმის მთელი მასალის გადმოტანის სურვილმა შემიპყრო, როდესაც ეს წიგნი გადავშალე და შიგ ჩავეფალი. ლექსები, ნამუშევრები, საბავშვო პოეზია, წერილები, ფიქრები, ჩანახატები - უმდიდრესი მასალა ახალგზარდა თაობების გონებას და ანალიზს დიდი მოთმინებით ელის. ელის თავის დროს.
ერთ-ერთი ქვეთავი სათაურდება ასე: ძველი რვეულებიდან, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მალე გამომცემლობა „ინტელექტი” გამოსცემს ცალკე წიგნად, ესმა ონიანის ჩანაწერებს და დაინტერესებულ მკითხველს მიეცემა საშუალება ეს უნიკალური აზრები ახლოს გაიცნოს. მე კი ახლა ქრონოლოგიის გარეშე, აკი ასე უწერია ესმას ქვეთავის ეპიგრაფად (არავითარი ქრონოლოგია - სხვადასხვა რვეულებში გაბნეული გადმოვწერე. ვწერ როგორც არის, - შენიშვნების სახით.) ვეცდები ისეთი მონაკვეთები ამოვარჩიო, რაც აქტუალურია დღესაც.
*
სამყარო იმისთვისაა, რომ ყოველთვის გაიოცო.
*
ღმერთად „დაშლის” უნარი.
ჩემთვისავე პარადოქსული იყო უცებ ეს აზრი.
ყველაფერი ერთ-ად ღმერთი,
რამდენი ხანია მქონდა გემო - ერთი-მრავალი, მაგრამ ახლა იყო გემო მიმართულებით - ერთიდან მრავლისაკენ.
*
(ეს არ არის ცარიელი სიტყვები - ამაშია ღვთაებრივი ძალა)
რაც უფრო (კარგია) (ნამდვილია) (ადამიანი, ოჯახი, სახელმწიფო, ერი) - მით ძლიერი საპირისპირო ძალა სდევს, უპირისპირდება მას - მაგრამ ნათელი, სასიცოცხლო, ჭეშმარიტი ყოველივე (სულიერობა) - ეს რეალური, სრულიად რეალური ენერგიაა; უპირველესი კი ამათგან ისაა, რომ საპირისპირო ბნელი ძალა, დაწოლა, იწვევს სწორედ ამ ენერგიის „დაწყებას”, გამოწვევას, გამომჟღავნებას, მთლიანად არსებული უძრაობიდან მაშინ ინივთება და გამოედინება იგი, მით უფრო და უფრო ძლიერდება და სპობს თავისსავე წამქეზებელ ძალას.
*
(ისევ პირველი ნაწერებიდან)
ჩვენი სიცოცხლე არის სარკმელი უსასრულობაში, მუდმივ საადამიანოდ არარსებულ არსებობაში გასახედად; იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რომ ის არსებობს და იარსებებს ჩვენთვის ადამიანურად არ არსებული, გვეძლევა სიცოცხლე.
*
..ამავე დროს სხვადასხვა ანტაგონისტური ნაკადი და ყველა ცრუ, იბრძვის ადგილის დასაკავებლად, არის გადაწონვა-გადმოწონვა, ჭეშმარიტება კი დაძონძილი ოდისევსივით ჩრდილში გამდგარი უცქერის ამ პაექრობას და დავიმშვიდოთ თავი და ვიფიქროთ, რომ ის თავის წუთს მოესწრება.
*
(ძველი რვეულებიდან)
(ისევ გონებასთან დაკავშირებით)
არაფერი არ მაღიზიანებს ისე, უფრო სწორად - მეცინება - სიტყვა „თანამედროვე”.. რამდენად რამდენად რამდენად უფრო თანამედროვეა ბარათაშვილი ახლანდელ პოეტებზე. ესენი შესაძლოა კოსმოსზე წერდნენ, ადამიანის მთვარეზე დაფრენაზე, რადიოტორებზე, როგორც სახლის დაგრეხილ ნერვებზე, ალუმინზე, მინაზე, თვითმფრინავზე, ფიზიკაზე, ატომზე; თავიანთ (ვითომდა) თანამედროვედ განერვიულებულ ფსიქიკაზე, ტელეფონების უეცარ ზარებზე, მაგრამ ესენი უიმედოდ უფრო მოძველებულნი არიან, გონების მუდმივ თანამედროვეობას უაღრესად ჩამორჩენილები.
*
ისევ რითმაზე
(ჭეშმარიტ მდგომარეობაში) რითმა ბედნიერი „სისწრაფის” გამოვლენაა, მისი გემოა; დასტურია სულისა და ხორცის - ასწრაფებისას ერთმანეთში შერწყმის ეფექტისა - „იდეა” ხდება სხარტი, ელვარე და ზემოქმედი.
*
როგორც - კადრები ჩახვეული, გასაშლელი („ლენტად”) - დაბადებამდე - მოცემულია - იმიტომ მეცნობა - ყოველი მომენტი და ფერწერაში ჩემი გამოხატვის სტილი - ჩანთქმა თბილ ბნელ-ნათელ ტკბილ მთლიანობაში - სანამ არ ჩაინთქმებიან (წინასწარ კი არ ვფიქრობ, თვითონ პროცესში მთხოვს გემო-მადა), ვერ ვკმაყოფილდები. “.
ესმა ონიანის ეს და სხვა ჩანაწერები, ძველი რვეულიდან ამოუწურავი სიბრძნის ქანებია. შლი ერთს, აღადგენ, შენში გარდასახავ და მეორე, უფრო ღრმა თავისკენ წაგიღებს, დაგანაწილებს, რომ ერთი მთლიანობისკენ შეგიტყუოს და შეგკრას.
ალბომიდან – ესმა ონიანი ფერწერა, პოეზია ესსები, რომელიც მე მიმაჩნია საუკეთესო წიგნად თუ ალბომად რაც კი ჩვენი ერის შვილებისათვის, მისი ოჯახის წევრებს გამოუციათ, ეს ალბომი ქართული სულიერების ასევე ერთი დიდი ამონათებაა. ვკითხულობთ ასეთ ტექსტს:
`ანა აბაშიძე”
არის ერთ-ერთი პორტრეტი ციკლიდან - `წინაპრები”. საუკუნის დასაწყისის ფოტოზე ნანახი პაპიდის იერი მიზიდავდა კეთილშობილებით, დახვეწილი, ლამაზი სახის ნაკვთებითა და ხელი მტევნებით; ინტერესს მიღვივებდა ისიც, რომ იგი ახალგაზრდა გარდაცვლილა და მინის რაღაც საგანი, რომელიც მას ფოტოზე უჭირავს, ჩემს მიერ წამლის ჭურჭლად აღიქმება. მე მთლიანად დავარღვიე კომპოზიცია და სრულიად არ მივსდევ ფოტოს – ჩემთვის საინტერესო მხოლოდ ნაკვთების, იერის იდენტურობა და რაღაც მოუხელთებელ სევდიან-ამაღლებული გამომეტყველება იყო. ყოველივე ზემოთქმულმა მოითხოვა შემდეგი ფორმისმიერი განხორციელება: ნაკვთების რაც შეიძლება ლაკონური ძერწვა და მხოლოდ მიმქრალი კონტურებით მინიშნება სათქმელისა, სახის ნაზ-მომწვანო ვარდისფერი ლაქით მინიშნება სიძველეზე, ფოტოსმიერ ინფორმაციაზე, გარდასულობის სევდაზე; ასევე ფონის ინერტულ ფერზე ვარდების მოოქროსფრო-ყვითელ ლაქებს ჭკნობადობა-წარმავლობის ასოციაცია უნდა გამოეწვია. გულსაბნევის კარაქისფერ ლაქასა თუ საერთოდ ამ მინორულ განწყობას ერთგვარად უპირისპირდება და გარდასულის თანამედროვეობაში გარდატეხვის მომენტს გვახსენებს სავარძლის საზურგის ღია ლურჯ-ცისფერი ზედ გამოკვეთილი ფხიზელი თეთრ-მოცისფერო ლაქით.
და ბოლოს:
*
(რომელიღაც დღევანდელი ჩვენი პოეტის ლექსში წავიკითხე – ჩავისახე `კურდღელივით” და შიშით და სხვა) მე მისი საპირისპირო გრძნობა მქონდა და რაზედაც ის წერდა, ძალიან ხელოვნური მეჩვენა. ჩემთვის კი ყველაფერი ასე იყო: სული ჩემი ჩაფრინდა ჩემს დედად და მამად არჩეულ სხეულებში, იმიტომ, რომ მათგან სიყვარულის არაჩვეულებრივი სინათლე-სიკაშკაშე მოლივლივებდა. მე სიხარულით გაბრწყინებული, ღიმილით, ცეკვა-თამაშით ჩავეშვი ჩემს ადამიანურ ნავსაყუდელში, მე ვიგრძენი ჩემი სულისათვის ადამიანად გასაფურჩქნი კეთილმყოფელი ადამიანური განსაზღვრულობა. სწორედ იმ წლებში (ალბათ ზემოხსენებულ პოეტს ვგულისხმობ) განხორციელებულისათვის ცივ ხაფანგად კი არ მექცა დედის საშო – პირიქით, რაც მომყვა, მისი ხსოვნა ადამიანად ყოფნის მთელ მანძილზე არ შემნელებია! მადლობა და დიდი მადლიერება ჩემს ქართველ დედად და მამად განხორციელებულ სულების სიყვარულს, რომლის სინამდვილემაც განაპირობა გამოსხივების ის ძლიერი სიკაშკაშე, ჩემს სულს რომ დაენახა და გახარებული, ფართხაფურთხით მიიზიდა. “.
ესმა ონიანის პოეზიას ჯერ კიდევ ჭირდება თაობების გამოღვიძება, მისი მკურნალი სიტყვების გათავისებას - წლები.
ესმა ონიანი უდავოდ იყო პოეზიის დედოფალი (ნოდარ ნათასია ტერმინია), სიტყვების ფეთქებადი და ვულკანივით ამომფრქვევადი ძალით შესრულებული ნაწარმოებებით, რენო თურქიას პოეზია მასზე დაქორწინებული ესმა გომელაურია.. მისი დამოკიდებულება საყვარელ ქალისადმი, როგორც, სამყაროსადმი, მისად მოწიწებისა და მორჩილების გაცხადება, თითქოს და სამადლობელია ყოვლად წმინდისადმი. დამერწმუნეთ პოეზიის ულამაზესი გამოვლინებაა.
ეს ორი მხატვარი ერთად სულიერების მართლაც, რომ ზეიმია და საქართველოს თაობების და ეპოქების აღმოჩენის წინააღტაცება. გადაურჩე ამ ქალაქს, როცა მას ახრჩოლებდნენ კომუნიზმის ბოროტების ყვავილთა ბოლით, ხოლო მოქალაქეებს წამლავდნენ დასმენის, შურის, ვერ ძღომის ცდომილებებით, შენ კი სულიერების ამ მწვერვალზე მდგომი, ისე რომ ბიწიერების ნასახი არ აგირეკლავს – მაგალითია.
ქართული სულის გაბრწყინებას ხშირად გაოცებაში მოვუყვანივართ, როცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიწიდან ამოსულა უცნაურად დახვეწილი ოქროს სამკაულები, ღმერთების პანთეონისა და მათი კერპების ქანდაკებები გვიხილავს, მაგრამ ამ ორი უმაღლესი ფერის - საწყისის ლაჟვარდისფერისა და სააღდგომო კვერცხისფერის (მაკა ჯოხასი თქმის არ იყოს) გაცხადების, ასეთი უზარმაზარი სიმდიდრის წინაშე როცა დგახარ, ნამდვილად იცი, რომ არასოდეს ეს სიმდიდრე მტვრით არ დაიფარება, რადგან ამ ყველაფერს უფალი მფარველობს, რა თქმა უნდა, რწმენაში ძლიერდები და გინდა თქვა, დიდება შენდა ღმერთო.
Comments
Post a Comment