გვარის ხე
გენეალოგიასავით
1.
სხვენის წარმართი ბლუ მეომარი
აბჯარ-ასხმული,
ებრძვის ობობებს _
რკინის სკივრია დაჟანგული, ბოქლომგაყრილი.
ეს ნაჭდევები ღიღილოთა გასცემს ბუნებას,
ასწევ და, რას არ გადააწყდები: კვირისტავი,
თითისტარები, გასაღებები.
დაგეროტიპებს სიძველის სუნით, ხის ზანდუკში
ჩამოსაქნელ ცვილსა, საკმეველს დასძინებიათ.
აი, ეს არის მამასახლისი საბას ცოლის
საბედას მზითვი.
თავწმინდა გიორგის
ძველ გავაზს, გორის თავს
სახლობს საბა მონაგრით.
მამა გიორგი, მამის მამა მოსე,
იაკობი, არსენა, ლევანი და
მათე.
შავ მთას,
წინათ რომ კალოს გალეწდნენ,
ცხვარს და საქონელს თოვლიან ზამთარს კვალში
დამდგრები გზას უკვალავენ.
მამა გიორგი, მამის მამა მოსე,
იაკობი, არსენა, ლევანი და
მათე.
ჩვილი საბა მღვდელს კალთას დაუგორეს,
დიაკვანის ნუსხურ-ხუცურით აედგა ენა.
2.
საბას მამის, გიორგის, შიში დადის სოფელში.
მრავლისმნახველ ბერდედებს,
ხევისბერებს თმათეთრებს დაუხსომებიათ გაუგონარ ამბად,
მთიდან ჩამოუსვლელად,
სახლეულთა ყოფას ისიზმრებდა, დილაობით
რაც მეორე საღამოს უსათუოდ ხდება.
კერის ნაკვერჩხალს
უთენიას სულს უბერავს ელისაბედა.
ელი, ელისაბედი,
იაკობის ასული.
უეცრად, მაინც ჩანაცრდა კერა და ახალ გავაზს,
სადაც ამბობენ მიწის სიღრმეში ტბააო ღრმა და
არავინ იცის როდის იფხიზლებს,
ამოვა წყალი, დაფარავს სოფელს, აი, აქ ჩადგა
საბამ ხის სახლი.
საბას თორმეტ შვილიდან მხოლოდ ერთი
შერჩა.
სამი კუბო ერთად. მეთორმეტე აკვნიანა
გარეთ გადგა საბედამა.
რაღად მინდა ცოცხალი,
ესეც მომიკვდება.
სოფლის ბოლოს მცხოვრებმა
დედაბერმა ითხოვა, თითისტოლა ბალღი.
ყრმა გიორგი უეცრად იქცა ვლადიმერად.
მოვატყუოთ ეშმაკი, ეს ძველისგან არის.
ნათლის ანგელოზი კი ძილში
დამღერს ნანინას.
მარიამის დაწინდვაც მოხუც იოსებზე,
ეშმაკის გზის არევა, სხვა აბა, რა არის?!
3.
აი, დალოცვა ბერიკაცების:
ეგ ლადოაანთ ბალღი ყოფილა,
ღმერთმა ამრავლოს კაი გვარისა.
და ისიც მახსოვს,
როცა პაპა სახლშია და გარეთ კი ცრის.
კავკასიონის ხეობიდან გადმოხვეწილი,
ბებერ დევივით აბუზული ნისლი დუდღუნებს.
შემოდგომის ტალახიან ბურუსიდან
შემოდის თედო, პაპის ძმობილი.
ჩუმი კაცი, ძლიერ მოხუცი.
სხედან უბრად, ჩანავლებულ ღუმლის სითბოში,
ჩაის სვამენ და გასცქერიან მესერს გადაღმა,
როგორ აიშვა მამალმა თავი,
როგორ იყივლა დიდკაცურად სამჯერ და მერე ფრთები
შეაფრთხიალა.
არც ერთი სიტყვა არ დასცდენიათ სახლისკაცებს,
ჰაერი კი ტკბილი თაფლივით გამლღვალი დადგა.
თედო ძია საღამოს პირას,
წამოდგა ზლაზვნით.
გახედა პაპას. ულვაშებში გაუკრთდა ღიმი.
- ახლა კი წავალ, შენ კი დარჩი, ჩემო გიორგი.
წავიდა სხვა გზით, უფრო შორიდან მოუარა,
მოუსავლეთით.
სამი დღის შემდეგ მამალი ისევ ღობეს ყიოდა,
თედოს ცოლი კი მიყვებოდა მუხის სასახლეს,
მიწას ცრემლით დაჩერებული,
ოთხად მოხრილი.
დევბურუსობას, თედოს სტუმრობას,
კალენდარზე დაწერა პაპამ:
დამშვიდობების ნისლის საღამო.
ასეთი იყო.
სიტყვების იქეთ იხედებოდა.
მარიამი კი ლადო-გიორგის წამოეყვანა
ძველ გავაზიდან ახალ გავაზში.
ხარებაანთ უფროსი გოგო.
კაწაწა თმით. გაცრეცილი იის თვალებით.
მარო ბაბოს მანანაც ერქვა.
ორსახელიანები გიორგობის
შუაღამისას,
დიდ ქვევრ-ზედაშეს,
სამანთებულ სანთლიან თიხის ჯამს,
დოქით შავ ღვინოს და ქადებს
წირავენ.
გიორგობა კი
უთენია, წითელი მამლით შემოდგებოდა.
მარიამმა,
ოღონდაც ეს არ დაივიწყოთო,
სამი სანთელი
ჩვენი გვარის მფარველისაა,
დაგხედავთ მწვერვალებს მავალი,
ჩვენი თავწმინდა გიორგიო.
ოთხი გოგოდან მხოლოდ
მესამეს
ახლა, პატარა გიორგისთან ერთად ინთება
გიორგობის სამი სანთელი.
Comments
Post a Comment