ხელის ანბანი (ყრუებისთვის)




მთა დაეფარა ორიქალკთა* ნაღვენთებს, მაშინ, ტყვე გერმანელთა საფლავები გვირაბს გაჰყოფდა - სამანს უდებდა - შიგნით გვირაბში ყინვის ჟამს მხოლოდ, ადამიანთ რკინის ჯართებში, კედლებს შორის, გამდინარე ფოსფორისფრად ანთებულთვალთა ნაზი კიაფით მომწვან-მოყვითლო ბლანტ მოჩვენებებს. ჟანგისფერ წყალში, ნელ ნაკადში თოვლის მდინარე ჩაწოლილი. ცხვრებს არწყლულებს მწყემსი უცნობი.
მწვანე დეკების ყვითელ კიალებს არ უჩნდა ბოლო. და ამ თეთრი მინი ბუსით, მივქრივართ, ვზივართ, გვესმის ხმები: ირანელთა, ფრანგთა და ჩეხთა. სქესაღრეული ცისფერები, წითელქუდას ზღაპრის გმირები. ბებოს ჰგავს არიელი გამხდარი და გერმანელი მამრი ყმაწვილი ტყვედ ჩაუვარდა.
არაგვი მოსთხლეშს, ლოდებს სლიპიანს და სიპი ქარი ჰაერს აგრილებს. სპილენძის კონას  შუა მდინარეს ჩაუგდებენ, მეთევზეები - არაგველები, მამა კალაპოტს ამაგრებს ფეხით, შვილი კი სიღრმეს ფხას გაუსინჯავს. კალმახები, იქვე წითელი იარებით, გუბეში ხტიან. მადამს, კანადელს, მამით ჩერქეზს და დედით იმერელს, ფასანაურის მურყნის ხეები გულს ეფონება. შორს მთის მწვერვალზე გერგეთაობს წმინდა სამება და ნახანძრალ, დედოფალს ჩვილით, თაფლის სიტკბოში გაჰხვევს ჩვენება. შავი ბერი, შავფაფანაკით, ბიჭისთვის, ვისაც კიდურების დამბლა ებოძა, შუადღის პარაკლის აღავლენს და დას სამ წლისას, მამაო ჩვენოს ათქმევინებს თავს დამდგარი დედა.
ბავშვი ლოცვას დაიჩურჩულებს, მერე ეტყვიან:
რაც შენ გინდა, ის უნდა სთხოვო, რაც შენს გულს სურს. ძლივს ნასწავლი, ერთი, ორი სიტყვით, ძლივს ამბობს: - ეშველოს, გიოს, იესოო - უმარცვლავს ხატებს, სასწაულმოქმედთ, მუხლზე ჩოქვით და ხელებ გაშლილი.
უკანა გზაზე, ჩამოღვენთილი ორიქალკების მიწა-გორების ნაგაზები დაცლილ სოფელში, დედა-ბოძებს დაპატრონებულ  სულებს შეჰყეფენ. ჩვენს ჩაფიქრებულ ნედლ სურვილებს, მყინვარის თხელი, თეთრი ნისლები, ცად ცას წაღებულთ, გუნდებივით, ბარს დაუშენენ. ანანურთან კი აყმუვლდება უპატრონო ძაღლი.
წყალსაცავის ფსკერიდან აჰყივლდება მამალი..

    


*
ორიქალკი - მთის სპილენძი, ყვითელი ფერისაა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო