ელექტროდეპო 2


გავშეშდი.
დღეს ადრე დაწექი. ბალღები ჩაქოლეს, მე მაგათი პატრონი დედები..
 - შუქი გვინდაა, შუქი მოგვეციი. გარე მხარე გაჩახჩახებულია, რამდენ ხანს ვიყოთ ბნელაში?!
   გონება გამინათდა. გამახსენდა ბიძაჩემის გეკო და ავტომატი, ახალ წელს მე და სოფოს რომ გვასროლინეს იქედან და მერე მთელი უბანი ამბობდა, ამათ სახლში ერთი ტანკი არ უყენიათო. შემოვბრუნდი, ჩანთა იატაკზე დავაგდე. წინ ბებიაჩემი გადამიდგა.
 - ხელი არ ახლო, იცოდე.  სხვენზე ადი, _ დაამატა  და თვითონ გარეთ გავიდა.
   ამ ღამეს შუქი არ მოვა. ადრე დაწექი. ჩემი ბრძანებით გაითიშა რაიონი, ჩემი გოგოები ვერ ნახავენ ამათ ჩაქოლილ პატარა ბიჭებს.

***
ეზოში დიდი ბურბური იდგა. ელები მაღლა აემართათ და სასოფლო-სამეურნეო იარაღი მოეღერებინათ, თითქოს სათიბში იდგნენ. განსაკუთრებით ჩვენი შორეული ნათესავი ნიკოია აქტიურობდა. სკოლაში პაპაჩემმა დაასაქმა, მევენახეობას ასწავლიდა ბავშვებს. იძახის, თქვენა შუქი გინთიათ, დვიჟოკს ათრახთახებთ, მე ბნელაში ვზივარ. მამეცი, შუქი მინდა მე. პაპაჩემთან აბუზული მოდიოდა, სულ წაგებული მიიძურწებოდა. ვერა ვერ ისწავლა ჭადრაკის თამაში. შეხედე, ხინკლები როგორ შინშხლავე, _ უჩლექდა ენას.
-          მარიამ დედია, თქვენ რომ სადილს გააკეთებთ, მისი სუნი მთელ ქუჩაზე დგება.
         წაგებულ ხელს არ იმჩნევდა ხოლმე და უმალ პატარა გასართობ ხის სათამაშო კაცუნას გაითამაშებდა. ბებო გაწყობილ სუფრას თეფშს დაამატებდა და  პაპა მაგიდასთან დასვამდა. კუთხეში მიჯდებოდა, თავს ზევით არ ასწევდა, არასოდეს თვალებში არ შემოგხედავდა, ისე იცოდა ჭამა.

***
ნიკოია ენაბლუ ნამგლით იყო. მის გვერდით, ასევე გონჯი ქალი იდგა, სახლის ჭუჭყიან, ჩამოხეულ ტანსაცმელზე რაღაც ძენძი მოეხურა და ტალახიანფეხებგალაჯული დამდგარიყო შუა ეზოში. ვიცანი. მთელი ცხოვრება მზესუმზირას ყიდდა და ხურდის თვლაში იყო გალეული.
- ეგ გოგოები ამოგიწყდეთ თქვენა, არ ეღირსოთ ბედნიერებას... _ კრიახებდა დედაბერი.  
თან ახლოს მოიწევენ, უკვე სახლში შემოცვენას აპირებენ. მაშინ მივხვდი, ცალკ-ცალკე ესენი ყველა მშიშარა და გაიძვერაა, ახლა ერთად ავაზაკურ საქმეზე გამოსულნი, ეშხში იყვნენ ჩავარდნილები. ხალხი, ერთად მდგარი, ცუდი საქმის ჩადენისათვის ყოველთვის მზადაა, სისხლის სუნიც კი არ უნდათ, როგორც საჩხუბრად გაწვრთნილ ძაღლებს, ოდნავ წააქეზებ და საკუთარ შვილებს აფატრავენ, არაფრის გულისთვისაც კი. სხვებიც ვიცანი. ისინი მიწისპირა სახლებში მცხოვრები გლეხები, სწავლა-განათლების გარეშე დარჩენილები არიანორ თივის ზვინის, ერთ ცხენის და ახლშეძენილ შავ-თეთრ ტელევიზორების იმედადიქეთ არც კი გაუხედავთ, ცივილიზაციისკენ  და სოფლის გადასახვევი იყო მათი საზღვარი, იქ მთავრდებოდა სამშობლო.
კიდევ კარგი, ჩემი არც ერთი კლასელის არც ერთი მშობელი არ ყოფილა იქ. არც ჩემი კლასელები, სავარაუდოდ, სკოლაში იყო ყველა. რომც გაეგოთ, არ მოვიდოდნენ, არც მათი მამები არ მოვიდოდნენ ჩემს ჩასაქოლად.

***
ავედი სხვენზე. ავიდა ბებიაჩემი გარეთ და ორი სიტყვა თქვა:
- მოშორდით აქედან.
გაშრნენ. გაუმეორა.
 - ვერ გაიგეთ, მოშორდით-მეთქი.
უცბად წკავწკავით დაიშალნენ. ქუჩის უდღეურ, მშიერ ძაღლებს ჰგავდნენ ზემოდან. მერე კი მოხდა რაღაც, რაც წარმოუდგენელია და არც დამიჯერებთ. ნისლიან და გუბეებიან ეზოში, სადაც ათი, მწკრივად ჩარიგებული მაღალი ბზის ხე გვედგა, ღია ჭიშკარში შემოვიდა ორი პატარა ბალღი. რვა წლისა და სამი. რეიტუზებიანი, ფეხზე პირდაღებულ ბაჩიებით. პატარა ბიჭს ცხვირიდან სისველე მოსდიოდა და თან თონის პურს კბეჩდა. შემოვიდნენ გალეულები, ოდნავ წელში მოხრილები, დიდი კაცებივით სერიოზულები, თავზე და სახეზე ლურჯი იარებით და გულ-მკერდ-წითელსისხლიანები. ბზის ხეებთან გაჩერდნენ. გაიცინეს და უფროსმა ხელი გაიქნია, თითქოს უარის ნიშნად. თვალებში ცრემლი მედგა, ცრემლის ორმოები. მე ნიკოიაზე ვჯავრობ, მეთქი მამა რომ მოვა, ვეტყვი ყველაფერს და ამ ნიკოიას ვაცემინებ, ამ უმადურს, ხინკლებს კარგად სანსლავდა-მეთქი, და ეს უფროსი ბიჭი დგას წვიმაში. ცრიდა, ხო, საშინლად. მე სხვენის დიდი ფიცრების ღრიჭოებიდან ვუყურებ. ხელს მიიდებს გულთან და მერე უარის ნიშნად გაიქნევს. მივხვდი, მე არაო, მე არაოო.. პატარაც ბაძავდა და იღრიჭებოდა, რაღაცნაირად ბალღურად, გულუბრყვილოდ, თამაში ეგონა თუ რა იყო. სახე ხელებში ჩავრგე და ასე გამოვედი ეზოში. მოფრიალებული რკინის ჭიშკრის დასაკეტად გავიქეცი. სანამ მივხურავდი, წვიმიან და ტალახიან ორღობეს გავხედე, არავინ იყო. კარი რაც ძალი და ღონე მქონდა მივაჯახუნე და საკეტიც ჩაიკეტა. როცა გამოვიხედე, უცნაური ცისარტყელა გადაიჭიმა  ცაზე, ორი თან. თუ გადაახტები ცისარტყელას, სურვილები აგისრულდება. ფეხებმიტყუპებული ორჯერ, როგორც სახტუნაოზე, გადავხტ-გადმოვხტი. - აქედან წავიდე, რაც შეიძლება შორს წავიდე, _ ჩავიფიქრე და რადგან დიდი ხანია წამოსული ვარ, ახლა სურვილს ხმამაღლა ვამბობ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო