ქალი ძაღლებით
ქალი ძაღლებით ღამ-ღამობით გამოდიოდა სურსათ-სანოვაგის შესაგროვებლად და ის, პირდაპირ დიდი ხნის განმავლობაში მზეზე გდებისაგან უვარგის, ნაგვის ბუნკერში მოსროლილი საკვებით ნაყრდებოდა. მაწანწალა ქალს სეზონის შეუფერებლად, ოდნაც უცნაურად ეცვა, თუ სხვა არაფერი ჰქონდა უცნაური, მაგრამ საბოლოოდ, იგი ამ თავისი გამორჩეული უცნაურობებით გახდა საცნაური. თბილი, ზამთრის დაძონძილი და ჩრჩილისგან ალაგ-ალაგ ამოჭმული პალტო მიწაზე მისთრევდა, ხოლო თავზე თოთხმეტკეცად შემოეხვა ჩალმას მსგავსად საშინაო ჭრელი ხალათი, სადაც ჩაივლიდა იმ ადგილას კილომეტრობით დასტოვებდა ხოლმე მძაღე სუნს და ღამის სიჩუმეში გატრუნულ, გაშეშებულ მასივს ეიფორიაში ტოვებდა. შავ პირ-სახესა და თვალების აღმოსავლურ ჭრილის მიხედვით ეს ადამიანი არა ადგილობრივ მკვიდრად შეგვეძლო ჩაგვეთვალა. ანუ არაამქალაქელად, არაქართველად. წამობურცული ზედა ტუჩი და პირის ღრუდან გამოჩრილი ზედა ჩამოშვებული კბილები გამომეტყველებას განწყობის დარად უცვლიდა და განსაკუთრებით, მისი სიარულის მანერა დაამახსოვრდებოდა გამვლელს, თუ ეს უკანასკნელი შეძლებდა და მედგრად დახვდებოდა არა ქალის თანმხლებ უამრავ ქუჩის ძაღლთა ხროვას, არამედ ამავე ქალის უკუნ მზერას, რომელიც ზებუნებრივობას ავლენდა, შემხვედრის მომავალში ჭვრეტას ექვემდებარებოდა და სულში ჩაძვრობის წადილს ამჟღავნებდა. უეცრად გამოჩნდა ქალი და მაშინვე ერთნაირად აალაპარაკა მასივის ხუთივე კვარტალი. მართალია, ახლა ზაფხულის სეზონი იდგა და გადამწიფებული ხილით, ქათმის ძვლებით, მაწვნის ერთჯერადი ქილებით ივსებოდა სანაგვე ურნა, პირველად იგი აქ, გაზაფხულის პირას, წვიმების სეზონზე, ოცდაათ წელზე მეტი ხნის გაყრის შემდეგ, კაცს ქალი საძინებელ ოთახში დახვდა, ამას ვერაფრით იფიქრებდა, ან უფრო კი ყველაფერს იფიქრებდა და ამას კი ნაკლებად. მაშინ, როცა მან დახურა გარაჟში გახსნილი ვულკანიზაციის მცირე საწარმო და მანქანის ზეთით და ბენზინის სუნით გაჟღენთილი, საკუთარ ბინაში დაბრუნდა. კვერცხები სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო, მერე სწრაფად ჩართო გაზის წყლის გამაცხელებელი, სურდა ხელები ცხელი წყლით და ელიავას ბაზრობაზე ნაყიდი ცისფერი საპნით გულდასმით დაებანა, იმ დღის ტაოტი რომ ჩამოერეცხა და თან გადახსნილი ჭრილობა ხელისგულზე, რომელიც მისი სამუშაოზე მიღებულ ტრამვად ითვლება, უნდა დაემუშავებინა. აბაზანის კარი ღია შეამჩნია, გაუკვირდა. ზუსტად ახსოვს დაკეტა გასვლისას. იგი სახლიდან გასვლის წინ, გულდასმით ამოწმებდა გაზის, შუქის ჩამრთველებს, ასევე აივნისა და ფანჯრების საკეტებს და ყველა ოთახის კარს, მათ შორის სააბაზანოსი. თავში გაელვებულმა აზრმა, გულისკენ გადაინაცვლა, გულმა რეჩხი უყო. და ბოლოს, უნებურად ტვინში საიდანღაც, ოდესღაც ნადირობისას ცხვირწინ აფრენილი დედალი ხოხობი, საგულდაგულოდ დავიწყებული საკუთარი მეუღლე, შუააზიელი დაინა წამოუფრინდა. - დოროთი კემპელი, – აღმოხდა სასოწარკვეთილ ზეინკალს და გიჟური სისწრაფით, ელეთ-მელეთ ცემული საძინებელში შეიჭრა. - დოროთი კემპელი დაბრუნდა, – ამოიოხრა. დაინას, რომელიც ყაზახეთის ერთ მივარდნილ სოფელში ცხოვრობდა, ჯარში მყოფი გადაეყარა. თხუტმედიოდე წლის, უფრო პატარასაც კი, გოგონას, დიდი ოჯახის მოვლა ებარა, ასევე შემოდგომა-გაზაფხულზე საკარტოფილე მიწას აბარინებდნენ. პირველად, გზად შემოხვდა დიდი კალათი ეკავა ხელთ და გამორბოდა. შავი ეშხიანი გოგონა შეშინებულს ჰგავდა. ჯარისკაცმა დაუყვავა და მანაც მოუთხრო. - წვიმის შემდეგ სოკოზე მომინდა წასვლა, მინდორზე გავედი და სოკოების კრეფას შევუდექი, უეცრად უკან მოვიხედე და ვხედავ ჩემს გვერდით თითქმის, ისე იყო მოახლოებული, ზეციდან მოხუცი დაეშვა. თეთრი წვერი და ნათელი სახე მზეზე უელავდა, ასევე თეთრი ტანსაცმელი ემოსა. არაადამიანურ არსებად წარმოვიდგინე. მან თავისკენ მიხმო, ხელით და მე, რა თქმა უნდა, გამოვიქეცი. დიდხანს მოვრბოდი, უკან რომ გავიხედე აღარც კი ჩანდა, გამქრალიყო. დაუყვავა, დიდხანს უყვავებდა და შემდეგ თან ჩამოიყვანა. თუმცა, ახლა აქ,ზემო პლატოს, მეხუთე კვარტლის ბოლო კორპუსში, მეთექვსმეტე სართულზე არაფრით არ ელოდა. ქალს ხმა-კრინტი არ დაუძრავს შვილებზე, მართალია არ ჰყავდათ, მაგრამ სიჩუმეს რაიმე საგანი ან მიზეზი მაინც ხომ უნდა ჰქონოდა, 30 წლის წინ ისინი ხომ ასევე უცნაურად დიდი სიჩუმის ნიადაგზე დაშორდნენ ერთმანეთს. დაინა წავიდა მაშინ, მაგრამ შეეძლო მეზობლებზე მაინც ეთქვა რამე. არა და არა, ის დუმდა და მხოლოდ მაშინღა ამოიხედა თავისი ყომრალი თვალებით, როცა საწყალი ზეინკალი სამზარეულოში კვერცხებს ტეხდა და გაჯით გალესილ კედლებს ყვითელი ქათმის კვერცხის ცილა და გული ცალკ-ცალკე, გოგლი-მოგლივით წურწურით ჩამოსდიოდა. დოროთი კემპელმა აღმოსავლურ მასაჟის კაბინეტში იშოვა სამუშაო ადგილი, თუმცა მცირე ხელფასით, სამაგიეროდ პრესტიჟული სახელის მქონე კლინიკაში მუშაობამ მას წარმატება უბანში მოუტანა. ბავშვები, მოხუცები და ქალები მისი კლიენტები გახადა, მხოლოდ მისი ქმარი, რომელმაც მეორე დღესვე ვულკანიზაციის საამქროში ყარაულის შტატი შეითავსა და სხვა კორპუსის მაცხოვრებელი მამაკაცები სათოფეზე არ ეკარებოდნენ მას. გაზაფხულის ბოლო დღეს, როცა ზაფხულის მძვინვარე სიცხეები დაიჭირა, ზეინკალი სახლში შუადღეს დაბრუნდა. ყველანაირი გათვლით ცოლი, რომელთან თანაცხოვრებასაც გადაჩვეული გახლდათ სამსახურში უნდა ყოფილიყო, კაცს საკუთარ აბაზანაში შხაპის მიღება ეწადა, მაგრამ ეწადა მხოლოდ, ბეჩავს. -დოროთი სახლში რატომ ხარ? - გაკვირვებულმა შეხედა ჰოლში გამოსულ ქალს და მუხლმოკეცილმა იატაკზე ჩაიჩოქა. დაინა იდგა მცირე ზომის ნაჯახით ხელში, ხოლო მეორე მარცხენა ხელის მუჭში ძაღლის თავი ისე მაგრად ჩაებღუჯა, ძაღლს კბილებში მოყოლილი ენა სიმწრით თუ სხვა რამ მიზეზით, მოულოდნელად მოსძვრა კიდეც. -სადილს გიმზადებ, - შეგეძლო დაგერეკა. -ააააჰჰ, ჰაჰაჰაა- ისტერიულად აყმუვლდა გარაჟის ყარაული. დაინა მოტრიალდა, მერე ნელი ბრუნები აკეთა და სანამ ასეთი სვლით სამზარეულოში გაუჩინარდებოდა, ზეინკალის მზერას არ გამოეპარა, რომ ვიწრო დერეფანი სხვა ძაღლთა თავებით გადავსებულიყო. ისე გიჟური სისწრაფით მიეჭრა ქალს, რომ თან დაეჯაჯგურა. -დოროთი კემპელ, - ვინ ჯანდაბა და ოხრობა ხარ, რა ჯიში და ჯილაგი?! - თან ამას ყმუილით და წკავწკავით შესძახებდა ხოლმე. - საერთოდაც რა გინდა ჩემგან?! დაინას თავი არ აუწევია. უსმენდა. - დოროთი კემპელ, ამდენ ძაღლის ხორცს რომელ ბაზარში ასახებ?! - უეცრად ამოიგმინა ზეინკალმა და ცოლმაც უკუნეთად, თვალები მარწუხისფერად შეანათა. - დეზერტირებში ვაბარებ, კაპიკებში. ფულით ხელოვნურ განაყოფიერებას გავიკეთებ და შვილს გაჩუქებ. - შენ დემონი ხარ?! დოროთი კემპელმა ნაჯახი მოიქნია, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, სამჯერ, სამჯერ, სამჯერ, სამჯერ და ოთხჯერ. ნელი წრე-ბრუნვებით სახლს შემოუარა და წივილი დაიწყო, თან შუბლზე ხელებს იცემდა და წანაზარდებს თმაში მალავდა. დაინას, ასევე კუდის მსგავსი წანაზარდი აწუხებდა. თითქოს დაბადებიდან ტანი უგრძნობდა, რაღაცას. ბავშვობისას თანატოლებთან ერთად არასდროს ჩაცუცქულა, ამის გამო, მან გადაწყვიტა თავის თავისთვის სხვა თავისუფლების ხარისხი მიენიჭებინა და იგი პირველად, პირდაპირ ფეხზე მდგარი შარდავდა. ახლაც ეს გაიხსენა, კარგად რომ ჩაისველა, მხოლოდ ამის შემდეგ მამაკაცი გაასუფთავა და მისაღებ ოთახში დააწვინა, ძაღლების თავი და ფეხები ერთ ტომარაში მოაგროვა და საკუჭნაოში ჩაკეტა, ხვდებოდა კარს გამოხსნიდა და კიბეების რეცხვას მიადგებოდა. თვალის ჩინის წინ გარბენილმა კადრებმა, შაქარზე გამოსული მუნჯი მეზობელი, მელოტი ბადრიც კი ბრინჯივით დააბნია. როგორც დიდ ეკრანზე, ისე ცხადლივ დაინახეს ორივემ, პოლონელ-ებრაელი ბებია, მოხუც კაცს როგორ ახერხავდა ხის საჭრელი ხელის ხერხით თავს. არაყი, რომელსაც ქმარი ცოლს ართმევდა და გადაუქცევდა ხოლმე, ასევე ცოლის ძმა, რომელიც ასევე გაუთავებელი სმის და ბღლარძუნის გამო საკუთარ თავს და დას ვეღარ ცნობდა სახლიდან გაუგდო დაიანას პაპამ, ეყო კიდეც ბებიას ქმრის სიცოცხლის გამოსალმების წადილს. დაინა ღუმლის ქვეშ იჯდა და თან დამწვარ ზურგს იტყავებდა და თან ბებიის ძახილის გამო ხელებს ყურებზე იფარებდა: უყურეე, უყურეე! შენს სისხლშია ეს. დაიმახსოვრე პატარა ძუკნა. დიდხანს გაგრძელდა ვულკანიზაციის მუშაკთა მიმოსვლები, მათი თანამშრომლის ბედსა თუ უბედობის გამოსავლენად, მათ მთელი ვულკანიზაციის, მოტორების და სხვა ხელოსანთა პროფკავშირებიც კი ჩართეს, მაგრამ ამაოდ. ახალგაზრდა კაცის ამქვეყნიდან გასტუმრების ამბავი ბურუსით მოცული დარჩა ქვეყნიერების აღსასრულამდე. შვიდიოდე ძაღლით გარშემორტყმული დაბალი, დაძენძილ ზამთრის პალტოში გამოხვეული არსება განაპირა ეზოში იპარებოდა. ღია ონკანთან ძაღლებს ელოდა, როდის მორჩებოდნენ წყლის სმას. სავსემთვარეს ცხოველებიდან ყველაზე დიდი შეჰყმუვლებდა და სანამ ქალიც ხმას აუყოლებდა სათითაოდ ყველა ძაღლი ამოიძახებდა: - აუუუუ, დოროთი კემპელ. ქალაქი ღამეში გატრუნული საყვარელივით, უბრად იწვა ზურგშექცეული და მოთმინებით შესუდრული ელოდა, როდის გადაკარგავდა დროის ქარიშხალი ამ უცნაურ მოსიარულე ადამიანთყოფილს, სხვა ჰორიზონტზე. |
Comments
Post a Comment