ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი.
|
ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი.
რადგან გეძებე და არ კი მნახე,
გდევდი ფეხდაფეხ და ვერსად შეგხვდი. ბავშვობის დამშრალ მდინარეებთან, ჭალაკების მწვანე კორომთან, გველთა ბუდობის მხარესაც გაველ, ვინ იცის, მხარი აგექცა და იქ მეხილე. რადგან გეძებე სოფელს ამოსულ, მკვიდრთა შორის და არსად ჩანდი, გაკაჭული ვაზის ძირებში ჭირხლმოდებული მიწასავით, დავსევდიანდი. ავიკარი გუდა-ნაბადი, ჩამოცვენილი ხმელი ფოთლების წითელ-ყვითელი მოსასხამით გზას დავადექი. მდინარე, ცეცხლიც, ალვა და მთებიც, ოქროს ვაშლები და გველეშაპი, ხახვის ფურცლები, ძაფის გორგალი, დევები, ქაჯნი და ღვთისშვილები გზად გადამაწყდნენ, დედაწულიან აყრილიყვნენ დამუნჯებულნი, წამოსულიყვნენ ჩემს საძებნელად. ასე, ფასკუნჯთა შეჭრილი ფრთებით დასრულდა მოკლედ, ჩემი ზღაპარი. ოღონდაც, მაინც, რადგან, შენ მაინც, შენ მაინც სადმე, სხვასთან, წყაროსთან, მელოდე, როგორც მე დაგეძებდი. მახსენე, უკან გამოვბრუნდები. შემომხვდე, ჭასთან დამაშვრალი, იჯდე მარტოკა, სიცხისგან მთვრალი ირწეოდეს მზე შუბისტარზე, მე ფეხშიშველა, მტვრიან შარაგზას მოვყვებოდე, მოვღიღინებდე, თმაში მეკონოს ათასი ვარდი, ეკლებზე კაბა გამოდებული და გაოფლილი შიშველმკლავებით თიხის დოქი მხარით მომქონდეს. უქმროს მიწოდო მრავალქმრიანი, დამიდო თვალწინ ჩემი წარსული. თითქოს ვბრუნდები ისევ იმ სოფლად, საიდანაც შენს კვალს ჩავუდექ, კოჭამდე დამწყდარმდინარეები, ახლა მფარავდნენ და შოშიები, ჭალაკები, ირმები და ამომავალი მზის სხივები, ცისკრის ნამიან პირი-სახეს მბანდნენ დილიდან. ფასკუნჯები - დედალ-მამალი, მიმაქანებდნენ უფრსკულებისკენ, თოხარიკობდეს ჩემი ძმობილი, კუზიანი, გრძელძუა კვიცი. და ხახვის ფურცლები, ძაფის გორგალები და აღმოსავლეთის ქარვისფერ ზვრებში, მწიფე მტევნების სიტკბოში ვიდგე. მიწაც თივთიკს მიფენდეს ფეხქვეშ. სამხრეთის ქარი, ასფოდელოთა გვირგვინებით შუბლსაც მიმკობდეს.
სულო, შენც შენი უბრალოებით, ნათელსა მფენდე.
წყალი მთხოვო და მიცქირო თვალში, განზე გავწიო თიხის ჭურჭელი. „სიცოცხლის წყალს მომთხოვდი, ქალო, სამაგიეროს, ანუ გამმრავლებ?! მითხრა: მე ვარ შენთან მოლაპარაკე. |
Comments
Post a Comment