ფრთები და ხელები

…ამოვა ხვალაც მზე...
ნინო სადღობელაშვილის „ფრთები და ხელები”

ჯოჯოხეთის კარი დარჩენიათ ღია, 26-ის დეკემბრისა, ნაღამეურ ბჭეებს შორის უკაცრიელად დარჩენილ ქალაქის მიწისქვეშეთში დაფეთებული ხან გასასვლელს მივაწყდები, ხანაც შესასვლელს. კარს აღარ აწერია, „ნუ მიეყრდნობით” და ორი შავ-შავი ბოშა – გიშრის ბეჭედთვლიანები, მელკიადესის მაგნიტივით უდაბურების ჩრდილიდან მიკვესებს თვალებს, აქეთ თეთრწვერა, წითელცხვირა ალკოჰოლიკს სძინავს და მაჯაზე, ხატების სამაჯური გულდაგულ დააჩნდა. -ჯოჯოხეთის კარი მოუღიათ; - გამაფიქრდა ანაზდად, თითქოს ცერებზე შემდგარ მამალს დაეყივლოს დილა-ბნელაზე და საიდანღაც, მთვარესავით ამოცურდა: ფრთები და ხელები, ფრთები და ხელები, ფრთები და ხელები..
სიტყვები ჰაერივით საჭირო იმწამს და ჩავისუნთქე.

ნინოს პოეზიას რომ ვეხები, სულ ერთ სურათსა ვხედავ. მზით გაჩახჩახებულ მინდორზე, ჩამომსხდარან პაპები და ბებიები, თეთრები და ტკბილები. ამ ჩვენი გოგოს ლექსებსა ჰკითხულობენ, დაიმღერიან – ხანდახან ნატირალივით, ხანდახან საგალობლებივით, ხანდახან სადიდებელივით და ხანაც საქორწილო სიმღერებსავით. არა აქვთ დაღლა, სახეზე სულ ნათელი გადასდით და გადმოსდით და ამ სიზმარეულ ჩვენებას, ხან ბოლოქანქარა რომელიმე ჩიტი დააფრთხობს, ხან სხვანაირი თიბათვის მზე, ხან განაპირა მდინარის სული, ხანაც გუთნისდედას ღამის ღიღინი.
დააფრთხოს და დაფრთხეს, წავიდეს თავის გზაზე. ზღაპრებიდან წამოსულ გოგოს, გზა რომ დაგრძელებია და ქალაქს ჩავარდნია წამწამივით, ხელს რაღად ამოისვამს, განა ქალაქი არიფია?! მშვენივრადაც იცის ამ ზღაპრების გემო.. თავისი სისხარტით, მწარე სიმართლით, ფერადი ხალიჯ-ფარდაგებივით, ლურჯითა და წითელათი, ჩამოუყვანია ეს ზღაპრები ამ ერთი ციდა სულისასას და გაუშლია და გაუშლია: აბა, მზითვადა, აბა ფეშქეშადა, აბა კიდევ ერთი-ორი ალიყული, აბა, ესეც შელოცვებისა, ესეც კიდევ გერობისა და დედინაცვლობისა.
რა გაბადრული იქნება დიდი პაპა ლუკა, ხოო, ლულა, ლუკა, რაზიკაანთი. აი, როგორ გადმოღვრილა მისი სული ფშავის ტყეებშია, წამოსულა კოპალასა და იახსარს კარზედა ჩამოუვლია და ნინოს ლამაზ გულში დეკასავით გაუშლია. თუ სადმე უნდა ჩასახლებულიყო, ალბათ აქ. როგორც ჩანს, დიდმა სულმა იგრძნო როგორ შორდებოდნენ ქართველები, აღარც ესმოდათ მისი სიტყვებისა და მისი ამბებისა და ახლა ნინოს ლექსები, გასაღებების აცმულასავით, ნინოს ლამაზ სულში ია-ფურუსულასავით გადაშლილან, რომ ისევ და ისევ დიდი ფშავლის სამყაროს საზიარებლად. წაგაკითხებს ვაჟასა, წაგაკითხებს და გულისგულთანაც მოგიყვანს.
მდინარეში გაწმენდილო, სიყვარულისა და უბრალოების სადიდებელო, როგორ ამოსულხარ შუამზეში და ბოდბის ატმისფერი ღვთისმშობელის სიტყვებს მოარაკრაკებ.
თუ სადმე უნდა გაეხარა ჯვარცმულსაც, თუ სადმე უნდა დაევანა და სული მოეთქვა გამჩენსა, ალბათ, აქ. ამ წიგნის ფურცლებს შორის, სიტყვებს ჰაერივით ელივლივა და ექროლა და გაბრწყინებულიყო, ათას ლამაზ ხატად და თავის საშინელი სიმართლით დაედასტურებინა, კიდევ და კიდევ, მარადჟამს, როგორ ხმიანობს თიხის სუფთა ჭურჭელში, როგორ წკარუნობს და სკვნილის დამარცვლასავით გაბმულ ერთხმიანობაში, ამოიფრქვევა ხოლმე.
თან ლექსებთან ახლოს ყოფნა ზიარ-ჭურჭელივითაა. გადმოდის დაფარული ნიჭისა და მადლის ძალა, მოგფენს შენც სითბოსა და გინდა გაუყუჩდე ტკივილებად წამოხეთქილ ამ მდინარეებად და ღამეების დღის სინათლედ ქცევის პროცესიებს. თითქოს, პოეტი, დედური საწყისისეული ენერგიით ნეგატივებს ამჟღავნებს პირველქმნილი სამოთხის მითისას და ქართულად, ფშაურად და იმერულად, თბილისურად და ადამიანურად, უფრო კი ეს ბოლოსეული: დუმუზის სიზმარიც გამოიკვეთება, ეგვიპტური ქებანიც, საფოს ეპითალიმიები, ჰომეროსის ჰიმნებიც და ინდური საგალობლებიც ან უფრო ქრისტიანული დაუჯდომელი. ყველა ენა და ყველა მითი, ყველა ხალხი და ყველა ეთნოსი, ხომ ერთს, უფალს აღუვლენს ლოცვას და ზუსტადაც, რომ ნინო სადღობელაშვილის პოეტურ სამყაროში ხდებოდეს ეს მისტერია.

დიახ.ნინოს ახალ პოეტურ კრებულში ლექსების სათაურებსაც რომ გადახედო, წაიკითხო დაიმახსოვრო გულის მეხსიერებით - ყველა სათაური, ბრწყინავს მდინარის ცოცხალი ვარდისფერი მარგალიტისფერად. სათაურის ერთი, ორი სიტყვა უკვე მალამოსავით არის, თავად არის ლექსიც და პოეზიაც.
ხალხური და საყველასო რომ ეგონათ, „ვერცხლის თასადაც მაქცია” და დაიმღერდნენ ხატობას და დღეობებზე. დედი, წუხელ სიზმრად ვნახე, ვეფხისა და მოყმისა, წუთისოფელი ასეა – ამ გალობა-სიტყვა-თქმებსაც ასეთი სიფრიფანა, შინაგან ხმას აყოლილი სულგანაპირა მდინარისა გოგო ეყოლებოდა ავტორად და მთის ბუბუნა, გაზაფხულის პირას მოდიდებულ მთის მდინარეზე, რომელსაც ლოდები დარდებად მოაქვს და ნაპირებს ახეთქავს, მასზე გადებულ საცალფეხო ხიდივით ქარში მოფრიალეს და მიწას ჩაჭიდებულს ჩამომსგავსებული, თავის ამონახეთქს სინაზითაც და პირში თქმითაც, გაცხადების ნიჭად თვალწინ გაგიელვებს.
…„ამოვა ხვალაც მზე” _ ხვარამზის ლექსის საიდუმლოს აცხადებს ნინო. დაიბადება პოეტი ფშავლის ქალი, მერცხალას ტრფიალი და ნანდაური,. და... იბადება ისევ თავიდან, რომ ჩვენს დროში მისი წანატაცები სიყვარულისა, დარდისა და ნატირალი სიყვარულის უჩვეულობა გაცხადდეს და სიზმრებიც გაიზმოროს, მაგრამ შენ რომ ბიჭი ნახე სიმზრად, შვილად გეყო და ომში უნდა გაგეგზავნა, ასე აცხადდეს: სიზმარეთს ჩამოდარდებულ გულს, ათას ახდენილ ნატვრების ფიერვერკად ეხუვლოს, გილოცავ, ნინო. სულიწმინდა შენთანა.

მცირე გადახვევა:

იპროვიზაცია №1
სახისმეტყველება და სიტყვითმეტყველება, სტროფი, კონვენცია, რითმები, შინაარსი, ფორმა, აგებულება, მეტაფორა.
ლექსის შესახებ როდესაც წერ, აუცილებლად კლიშეებს კი არ უნდა მივარდე, სულაც არ არის აუცილებელი. სიმბოლიზმი, სიურეალიზმი, ხალხურობა, ტროფულობა.. ჩემს თავს ველაპარაკები, არაფერი იფიქროთ.

- ჩემი სული განაპირა მდინარეა - ამოთქვამს ავტორი და, როგორ გინდა, მიუბრუნდე და ამ ლექსზე ამოძერწო ვერლიბრი, კონცეპტუალურობა, ნარატივი. დაარქვა და მიაწერო ამა თუ იმ მიმდინარეობას, ამა თუ იმ კლასს, ამა თუ იმ ეპოქას. „ჩემი სული განაპირა მდინარეა”.
როგორც პოეტს ვერ შეეკითხები იმ ინტიმურ პროცესსზე, რასაც წერა ჰქვია, როგორც ვერ დაეკითხები რიტუალებზე და მუზების შესახებ, რადგან პასხუი შეგაჟრჟოლებს: „ჩემი შინაგანი მე, სულიწმინდაა." ასევე, ვერ დაშლი ლექსს, ვერ გაშლი, ვერ დააქუცმაცებ.

სული ჩემი

სული ჩემი განაპირა მდინარეა...
ის მოდის მინდვრიდან ჭალაზე,
ყანიდან ტყისკენ...
ის მოდის დიდ პაპის ყელიდან,
ურმული ქვებზე
თოხარიკით მოაქვს და
ისეთი ბედნიერია
როცა სიმღერით მოდის!..
სული ჩემი განაპირა მდინარეა
და რა ძალა აქვთ მდინარეებს
რომლებიც მთვარის ძირში წვანან?
წამოაგებთ ხოლმე ხანდახან
ფსკერის სიზმარი,
ვარსკვლავი გადაცდებათ
ელდისგან,
შფოთავენ თვალებდაჭყეტილები და
ეს შფოთვაც რაღაცის გასენებაა ალბათ...
როცა სული განაპირა მდინარეა,
შეგიძლია შენთავსვე გაუნაპირდე,
მუხლებქვეშ შეიკეცო ტალღები და გაუყვე გზას...
ლურჯია მისი ტევრი და
ალაგ-ალაგ თევზები
ბატონებად აყრია...
დგახარ, მაგრამ
ტანში მდინარე დაგიდის,
დუმხარ, მაგრამ
საიდანღაც მღერი...
ასე მღეროდნენ შენამდე
ამვლელ-ჩამვლელები,
ზაფხული იყო მათი ტემბრი და
თუთის წვენი-ტკბილმოვანება,
მიჰქონდ-მოჰქონდათ პირით წყალი,
მარტოობის ჭაში ასხამდნენ,
საღამოობით წკრიალებდა ხოლმე
ჭის ოწინარი და
ეს დრო იყო,
მდინარე რომ ფსკერზე
კენჭებს ითვლიდა...
თითო კენჭი-
თითო წელი, თითო საათი...
სიმღერა ჯობდა
წარმავალის უგუნებობას...
როცა სული განაპირა მდინარეა და
შენ კი ვინმეს
ნესტოებდაბერილი დაეძებ,
ჩახედე ტალღებს,
ფურცელ-ფურცელ რომ მოაქვთ
ცისკრის ფსალმუნი,
მწვერვალის ცრემლივით
ქვევითკენ გორავენ...
ჩახედე მათ და
გაიხსენი გულისპირი,
შენც ის ხარ
ვინც უნდა ტალღებთან იცეკვოს,
ვინც მდინარეში ტაატით შევა და
თავზე სხივებს გადაიფარებს...
სული ჩემი განაპირა მდინარეა,
მიდის, მიყავხარ
მოღიღინე მარადისობა.


ინტერპრეტაცია №1
ერთი იგავია მათეს სახარებაში. სამარიელი ქალი, ქალაქ სიქარში, თვლაარეულ მერამდენე ქმრის სახლიდან გამოსულა და ჭასთან მივიდა, თიხის ჭურჭლით ხელში, წყაროს ამოსაღებად. ნახა იქ მჯდარი ახალგაზრდა კაცი იუდეველთა ტომიდან. ცხელოდა და შუადღის მზისგან ძალღონე გამოცლილმა ჭაბუკმა ქალს წყალი სთხოვა. იუდეველებს ჩვენი ტომის ქალები ხმასაც არ სცემენ და წყალს როგორ დაგალევინებო, გაიკვირვა ქალმა. ხოლო იესომ უთხრა, შენ რომ იცოდე სიცოცხლის წყალს მომთხოვდიო, ქალო.. ხოლო ღმერთი რომ სულია, მას შემდეგ გაანდო, რაც ქალს თავისი წარსული მოუყვა და გააკვირვა.
ამ ბიბლიური ამბავიდან სხვა თუ ვერაფერი ის მაინც უნდა გავიგოთ რომ სულია ღმერთი და ჩემი სული ანუ ღმერთი, როდესაც პოეტმა ჩაიფიქრა, სულიწმინდის ძალით, განა ეს მისტიური ხილვა არ არის?!
ჩემი სული განაპირა მდინარეა - განა, რომელი?! სიცოცხლის წყაროს შენაკადი?!

რაფსოდია №1
- ჩემი სული განაპირა მდინარე; -
ბატონების ნანინა და იავნანა, კიდევ საქორწილო, კიდევ ომში წამსვლელთა, კიდევ სატრფიალო, ყველა ადამიანურ თავგადასავალს თავისი ამომღერება ერთვის. დაჯდება აღაზა ალუდას ცხედრის შორი-ახლოს და მოსთქვამს და მისი ნატირალი, გულის ფსალმუნებრივი ამომღერებაა. თუნდაც თეონა ქუმსიაშვილის განსვლა მდინარის გზით და მისგან დატოვებული სიმღერა, გულის ტალღების გამომწვევი, აქეთ ნაპირზე გამორიყულ-დარჩენილი განგების ნებით, ესეც ხომ, თავად ცხოვრებიდან ტაეპი, პოეზიია.
როგორც ჩანს, ნინო სადღობელაშვილის სულმაც ამოიმღერა, როცა ირგვლივ, ჯოჯოხეთის კარი მოღიავებულია, როცა ადამიანები გაურბიან ღამის დეპოებზე მელკიადესის მატყუარა ბოშების ვნებიან, აშმორებულ მზერას, და როცა, სადღაც სიშავეში გექაჩება ბრუნავი-მორევი გარემო, მოგწვდეს ხმა, პოეზიიდან, როგორც გამოწვდილმა ხელმა წყალგამყოფზე გადმოგიყვანოს.

ინვენცია №1
ხვარაზმშა
როდესაც ტარიელს, ვითა ლომს, ლომის კაბიანს, ახსენდება ვეფხვი ნესტანი, იგი კლავს სურვილს და აქრობს, იგი ხვარაზმშას ასევე ხმლით კლავს.

ხვარამზესაც, დაბადებულს პოეტად, ბედად დაჰყოლია, მოჰკლას და ჩაიკლას თავისთავშივე უწრფელესი ხორციელი ტრფობა და მან სიცოცხლის ბოლომდე ამ სიყვარულთან ჭიდილში დასტოვოს წუთისოფელი.

ხვარამზე მთათა შვილია, თავისუფალი და ჰაერივით დაუმორჩილებელი. ის ვაჟა ფშაველას დედის ბავშობაში თანშეზრდილი დობილია. როცა ვაჟას დედა მოიგონებს, თავის სოფელში ქალწულობას ნანახ ხილვას, „მინდორზე ვხედავ ოქროს ტახტრევანზე გალობენ პატარა ანგელოზები და ადიან-ჩამოდიან". ისიც, ხვარამზე, ამ მინდორის მჭვრეტელია და სავარაუდოდ, მაშინ ხვარამზეც ამ ხილვის თანამომსწრე. ამ მინდორს შემოავლებს ხატ-ჯვაროსნულ მელნისფერ ქამარ-სარტყელს, როცა მისი ნანდაური ცხენით გადაივლის და გადაკვეთს და მის ნაფეხურებს შეინარჩუნებს, სანამ წვიმა და თქეში გადაშლიდეს.
ამოვა ხვალაც მზე - ასე, ჩაბრუნებული, ნეტარებისა და ვნებების დამთგრუნველი მზე, და ის იქნება ღამისა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო