რადიოპიესის გაგრძელება


ხილვა მეხუთე
    მეფე ლუი  და ფრანსუა ებაასებიან ერთმანეთს, მეტრონომის ხმის ფონზე
ფრანსუა -    ოი, მეფუნა, ეგ ლამაზმანი, ამო ხმითა და მოკლე კაბითა, ყურსაც გიტკბობს და თვალსაც სირაჯთ მსგავსურად  წყალს ალევინებს. მე წვრილხელოსანთა დასტიდან, მემაქმანე და მექოშე მყავდა, მაგრამ ქალებზე საუბარი ასე შორიდან, მე სახრჩობელაზედ მითოკილი თქვენ კი ეტლში ჩაბრძანებული, შეუფერებლად მიმაჩნია, არ გვეკადრება.
ლუი - ერთი ამას დამიხედეთ. ამ სითავხედეს არ შეგარჩენდი უმალ თავი წაგძვრებოდა და სახრჩობელას არ გაკმარებდი, მაგრამ შენი ყისმათის რა ვთქვი, წადი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს შენ სიმაღლე სანთელნი უნთე.
ფრანსუა -    დიდო მეფუნა.  მე ერთი ვინმე მელექსე ვარ, კოკილაერი, სქოლარ-არშიყი. მედავებიან ბერის დაჭრას, თუმცა გარწმუნებთ, იგი თვითონ გამოენთო და უცნაური დაშნა გრძელი ფლასიდან გამოაძვრინა.
ლუი - მევალეთა რა პასუხს აძლევ?! ფარსო მეხოტბევ ბოზთა დიაცთა?!
ფრანსუა -    ჰმ, პრინცი განა ათასგზის არ მყავს, ნადიდები ჩემთა ბალადთა?!
ლუი - მე ეგ პრინცი მომეხსენება ვინც უნდა იყოს.
ფრანსუა -    ის ვინც ჩემს მსგავსად უბრალოა.
ლუი - ამდენ ლაყბობას, აბა ერთი, სანამ მარყუჟში გამონასკვულხარ, ერთი ჰანგი შენი მაჟღერე.
ფრანსუა -     ანუ?
ლუი - აბა, შეხედეთ ამ უგუნურს?! ვითამ ვერ ხვდება. ჩამოჰკარ, მიდი, ბალადები სიყვარულისა, მე ლუი ვარ თუ ვიღაც სქელი მარგო გგონივარ?!
ფრანსუა -    მეფუნავ ჩემო, განა უფასოდ ვინმე ახლა აკვნესებს ქნარსა?! ისეთი დროა დრო ფულია და მეც ლოცვის დროც აღარ მრჩება, ჩემი წამები დათვლილია, მეტრონომი რიტმით ირწევა.
ლუი - უყურებთ ცოდვილს, თვით ლუის, განა მეთორმეტეს, ლუი თერთმეტას , რა რიხით და შემართებით ეპაექრება, თითქოს მე უნდა წამძვრეს თავი სამ საათისთვის?!  რას ითხოვ მაინც?!
ფრანსუა -    ხო, კანონები ისეთი გაქვს დაწესებული ნს მეტს ვერავინ ვერ არღვევს და რა გენაღვლება?! უკანონობამ მოგვჭამა ძირში თავისუფლება, შენ კი რა გიშავს, ლამაზმანთა გვერდით დაჰქრიხარ ხან თოვლს, ხან ზღვასა. რა უნდა გთხოვო უსამართლობის ამ ჭაობში - სიცოცხლე მხოლოდ. პოეტისათვის სიცოცხლეზე ტკბილი და ამო, არაფერია. ჩვენ მგოსანნი სიცოცხლეს ვეტრფით.
ლუი - მაშ თქვი, გაურითმე წრიულად და გული ჩემიც მორბილდება,  იზაბოს ხელში ისედაც ლამისაა მე თვითონაც ავმღერდე მეფე.
ფრანსუა:
უგნურნი, ტრელნი, წბილნი,
ხელმრუდენი, გზაბრუდენი,
ვინც ადგახართ ცოდვის ბილიკს,
წაღმართისკენ არ ბრუნდებით,
მოდით გონზე, თორემ ვინძლო
სახრჩობელამ გიმასპინძლოთ.
განა ცოტა თქვენთაგანი
სამარცხვინოდ დაისაჯა,
გულში შურით, ხელში დანით
ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.

სანამ გვიყვარს ძმა და თვისი,
ძნელსათმენსაც ვითმენთ მანამ,
თორემ განა ჩვენ არ ვიცით,
დილეგია ეს ქვეყანა.
გზვერავს შლეგი, სად და რა დროს
გეცეს, ყელი გამოგღადროს.
ღმერთს მაშინღა გაიხსენებს,
როცა თოკი ცისკენ ქაჩავს.
, რა მწარედ იმტვრევს ხელებს,
ვინც დააცხრა სხვათა ნაჯაფს.

შხამის ლესვა, ყაჩაღობა,
გული ხელით, სული კბილით,
,,არ დამასწრონ”! – უნდო ყოფა,
,,არ წამასწრონ”! – უნდო ძილი
ნუთუ გვიღირს? ნუთუ გვიღირს
ვამჯობინოთ გმინვა ღიღინს?

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო