ღარიბი მღვდლების ვაჟების ნაბოლარა ასულები
ქართლში რომ ხმა გავარდება, ზვავივით ჩავა ფშავისკენ.
თუ სვეტიცხოვლის დედა-ზარი რეკს, გრემს ბერები
ხმას აყოლებენ.
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ჯერ
არ გამეფებულიყო წითელი ტერორი, რასაც უპირობოდ მოჰყვა შემდგომ პატიოსან
ეპისკოპოსთა, მღვდელთა და ბერების დევნა-შევიწროება. ჯერ შორს იყო 1918 წლის
გამარჯვებამდე და შემდეგ, 1923 წელს, სასტიკი იმერელი ბიჭის ღალატამდე – იმ დღემდე,
როდესაც დადგებოდა: არნახული ნგრევა
ქართული ტაძრებისა, ჯვრებისა და ხატების წალეკვა, გუმბათთა აფეთქება და მღვდელთა
წვერის შეჭრა-შეკვეცა.
დღის შუქზე, ჯერ ღარიბი მღვდლების ოჯახებში ქართლში
და ფშავში - ბრეთსა და ჩარგალში - ნაბოლარა ვაჟების დაბადებას ზეიმობდნენ და
წმინდა საიდუმლოზე - მათ განათვლაზე სიხარულით ზრუნავდნენ.
გავა დრო, გავა მრავალი წელი და ბედის განგებულებით
პატარები ერთმანეთს გორის სასულიერო სასწავლებელში ერთ მერხზე, გვერდი-გვერდ
მიუსხდებიან – შიო და ლუკა. ერთს, წმინდა შიო მღვიმელის დღეს დაბადებულს, პატარა
შიოსა და შემდეგში ძია შიოს, საქართველოს პატარების უსაყვარლეს პოეტს, სწორედ შიო
მღვიმელის ფსევდონიმით ცნობილს შიო ქუჩუკაშვილსა და მეორეს კი ლუკა მახარობლის
მოსახელეს, ვაჟა-ფშაველად აღიარებულ ლუკა რაზიკაშვილს, დაახლოებით ერთი
ბედ-ყისმათი დაენათლებათ, საქართველოს ჭირისუფალთა ბედი, უფრო კი უბედობა და
ისინიც, მამულიშვილთა სასახელოდ გმირულად ზიდავენ საქართველოს პოეტების,
სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანების სახელსა თუ ბედისწერას.
განა სწორედ უზენაესის ნება არ არის, როცა მწერალი
ვაჟა ფშაველა თავის უკანასკნელ, სიცოცხლის წამებს იმ პატარა ბიჭუნას მიანდობს,
რომელსაც ჯერ კიდევ გორის სემინარიაში სწავლის დროს დაუმეგობრდა და უბის წიგნაკში
საიდუმლოდ ჩაწერილ პირველი ლექსების პწკარედებს უკითხავდა? დიახ, შიო მღვიმელი
ვაჟა ფშაველას გულისცემას მიუგდებს ყურს, მაჯაზე თითებს დაადებს და დაუთვლის
მაჯისცემას და ბოლოს, მგოსანიც მას ჩააბარებს სულს. განა ეს არ არის განგების
ძალა?! როცა ორი პატიოსანი ქართველი ერთმანეთს სიცოცხლესაც ანდობს და უკანასკნელ
ამოსუნთქვასაც.
მაგრამ ჯერ სიკვდილი შორს არის, ბუბუნებს მიწის
ხარივით ფშაველი ლუკა საკუთარ მხარეში, დიდად ხელმოკლედ აცხოვრებს ოჯახს, მაგრამ
შრომას და ჯაფას კი არ იშურებს. ხანდახან, რაიმე საქმეზედ ქალაქშიც ახერხებს
ჩამოსვლას, გაცვეთილი ჩოხის კალთებით, ტალახიანი ქალამნებით, იქნებ ერთი ორ
საქონელსაც გამოირეკავს, გუდას მოიგდებს ნანადირევი ცხოველისას და ამ ტყავში კი
ისეთი ნაწერები დევს, ისეთი ამბები, კაცს თუ ხელში ჩაუვარდა, თვალი უჭრის და მით
უმეტეს გონებაც, წაიყვანს მაღალ მთათა მწვერვალებისაკენ, ჩიტებისა და ცხოველების
ენას ასწავლის, მთის ადამიანების ათად-წესებისა თუ სამართალ-უსამართლობისას
მოუყვება და თავს ვეღარ კი დაავიწყებს. ჩამოდის ქალაქში უკვე დასნეულებული ვაჟა ფშაველა,
ამაოდ. მისთვის არც ჰონორარია გამოწერილი, ლექსებსაც აღარ უბეჭდავენ.დაადგება
ვერის აღმართს და შიოს პატარა და ტკბილ ბუდეში გაათევს ღამეს. ვაჟას ძმა, ბაჩანა
იქავე, მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობს, მაგრამ ვაჟას თავისი ბავშვობის მეგობარი, შიო
ქუჩუკაშვილი საკუთარ თავსაც კი ურჩევნია, შიოს მოკრძალებული, პატიოსნებით და
სიკეთით სავსე სახლეულობა ვაჟასთვის ჰაერზე მეტია. მოუკითხავს პატარა, სამ
თეთრბროლივით კრიალა გოგონას ფშავიდან წამოღებულ ხილეულს და მერე კი, შიოსთან
ერთად ტკბილ მასლაათში ღამესაც გაათევს.
შიო ქუჩუკაშვილი ბავშვების საყვარელი პოეტია. ძია
შიოს ბევრი პატარა შორიდან ეტრფის. მისი ლექსები ზეპირად იციან და ეს კარგად იცის
ძია შიომ, თვითონ წიგნების მაღაზიაში მუშაობს. უვლის თავის პაწია მაღაზიას, თან
ისიც უხარია, რომ ხშირად ჩვენი ქვეყნის მწერლები იქ მოიყრიან ხოლმე თავს. ერთხელ,
როცა უკვე ავადმყოფობდა ალექსანდრე ყაზბეგი და საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობდა
თავს, მოულოდნელად შიო მღვიმელთან, საღამოსპირზე, მაღაზია რომ უნდა დაეკეტა,
სწორედ მაშინ მივიდა და იქვე მაგიდასთან ჩამოჯდა. მოწყენილი და მშიერი ჩანდა. შიომ
გაუღიმა, მერე რამდენიმე ახალ გამოცემაზე გაისაუბრეს, ბოლოს შიომ გვერდით
ახლადგახსნილ სოლოლაკის საფუნთუშეში მიიწვა დაალექსანდრეც დაჰყვა, ბავშვივით კუდში
მიყვებოდა, უბრად. შიომ ათიოდე ფუნთუშა და ლიმონათი აიღო და დახლთან ახლოს
ჩამოსხდნენ. ალექსანდრე ყაზბეგი კარგა გვარიანად მოშიებული ყოფილა. ათივე ფუნთუშა
რომ ხელად მიურთმევია და ლიმონათიც დაუყოლებია, შემდეგ შიოსთვის დარცხვენილს
უთქვამს:„თითქმის რამდენიმე დღეა ლუკმა არ ჩამსვლია, ღმერთი გაგახარებს.
ძია შიო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ ჰქონდა
ფული და სახლშიც ნორმალურად ვერ გამოეკვება შვილები, სხვისი დახმარებისთვის
არასოდეს უკან არ დაუხევია. მოულოდნელად, მაღაზიის პატრონებმა ძია შიოს წიგნები
მოუსაკლისეს. ეწყინა შიოს, უკანასკნელი კაპიკებით დაფარა დანაკლისი და მაღაზიიდან
წამოვიდა. არაფრით არ გაუთქვამს, რომ ხშირად ხელმოკლე სტუდენტებს მიჰქონდათ ხოლმე
თხოვებით წიგნები, თუმცა უკანვე, მეორე დღესვე აბრუნებდნენ.
შიოს სამი გოგონა ჰყავდა, ვაჟიც შეეძინა, მაგრამ
ერთ ზამთარს, გაუცივდათ პატარა, უშეშობის გამო და ფილტვების ანთებას გადაჰყვა. ეს
რომ გაიგეს ვერის უბნის შეშის გამყიდველებმა, ერთი ურემი შეშა შემოუტანეს და ეზოში
დაულაგეს. გოგონებიდან, ნაბოლარა ქეთევან ქუჩუკაშვილი, დღეს ცხოვრობს მარტო, 98
წლის ასაკში. ქეთევანმა ბევრი კარგი წიგნი დაწერა, პიესების ავტორიცაა და
ლექსებსაც წერს. ახლახანს ერთი პიესა დაასრულა, რომლის გამოქვეყნებას აპირებს. „თუ
არ გჯერა ჭინკების, ფერიების, ჯუჯების არსებობის, აბა ისე რა მწერალი ხარ?!
დიახაც, ყველაფერი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც ამ ცეროდენა არსებების ხელშია,
ღმერთიც ჩვენი სიკეთეა, მთელი ღამე ვლოცულობ, ვევედრები უფალს, საქართველო
გაახაროს“. განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ქეთევანს მამასთან, ხანდახან
სხვა ბავშვების უზომოდ დიდ სიყვარულს, როცა ხედავდა თავისთის გულში ეჭვიანობდა,
მაგრამ ხმამაღლა როგორ იტყოდა. „მამას ერთი შავი პალტო ჰქონდა. მასთან მოდიოდნენ
ხოლმე, სთხოვდნენ, ძია შიო ყველა გიცნობთ, უყვარხართ და ამა და ამ კაცს იქნებ ესა
და ეს ჩვენს გამო სთხოვოთო. მამა გამოიღებდა პალტოს, გაასუფთავებდა, გაახლებდა და
წავიდოდა ჩუმად. გაუკეთებდა და თვითონ უფრო მეტად გახარებული ჩანდა ამ ამბით, ჩვენ
რომ რამე დაგვჭირვებოდა კი არაფრით არ გააკეთებდა.“ ვაჟა ფშაველას და მამას დიდი მეგობრობა
ჰქონდათ, როდესაც მამა ბრეთიდან ძმას თელავში მიჰყავდა ბერებთან, გორში შიო
დავითაშვილმა დაიტოვა და სემინარიაში ჩარიცხა. ცოტა ხანში ვაჟაც, თელავიდან
გადმოუყვანიათ და შემდეგ დაძმობილებულან. მას შემდეგ, ერთი სულისანი ერთად
მოდიოდნენ. ვაჟას შვილებსაც ვიცნობდი, ვახტანგს, გულქანს.
გულქან რაზიკაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებს
სანთელივით ჩამოქნის სოფელ ჩარგალში, მამისეულ სახლთან ახლოს, ახალ ბინაში
შებუდებული, მარტოობასა და მამის ლამაზი სიცოცხლის მოგონებებში. მანამდე კი
დაწერს, თუ როგორ ეპყრობოდა პატარა ქალს მამა, როგორ ასწავლიდა ქართველობას, როგორ
ზრდიდა და არწივის მართვესავით კვებავდა და გეშდა პატიოსნებისათვის, სიკეთისთვის
და სილამაზისთვის რომ ეცოცხლა.
გულქანს მამაზე
მოგონებაში აი, ასე უთქვამს: „ისე დავბერდი სიხარული რასა იქვიან, არა ვიცი. გული მაწუხებს ლაპარაკსაც ვერ ვიტან. ექიმებთან ვერ მივდივარ. ერთი-ორი ქათამია, იმათ ვერ ვანებებ თავსა… ტყეში დაბერებული ვარ, საქონელში. ძროხების მოვლაში გავიზარდე და დავბერდი… რო წვიმს, წვიმს, წვიმს, დგეხარ ველზე შიშველ-ტიტველი, დაბერდები, აბა რა მოგივა.
მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდით…
მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ასეთი. მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ… თავის დედის სახელი დამარქვა – გულქანი. სიკვდილის წუთებში ეთქო, გულქანი დამრჩა შუა გზაზედაო. ხუთ შვეილში მარტო მეღა ვარ დამრჩალი ბუვივითა. ხუთმეტისა ვიყავ, მამა რო დამეღუპა… მოხრილი ვარ, ძლივს დავცოცავ. ვერაფერი ვერ ვიცი წუთისოფლისა. ხალხი აქამდე მაშინებდა, ეხლა მივეჩვიე… …
დღე -ღამეს ასწორებდა მამაი, მე ჭრაქს უზიდავდი საქონიდან, ღამე იმას უნთიებდი და ისა სწერდა. რო დასწერდა, მკითხავდა მოგწონსო?.. ალბათ მცდიდა, როგორ ესმისო. კარგია, მამაო,რო ვეტყოდი, სახესა ნათელი გადაუვლიდა…
ძროხებში დავბერდი, საქმეში დავბერდი, ახლაც ვერ გამაშვებინებენ საჩეჩელ-საქსოვ-სართავსა. მამაიც ეგეთი იყო. სუ შრომა… –შვილო არ მომიტანეო ჭრაქიო? … ნავთი არა გვქონდა…
ალბათ მცდიდა, განა მესმოდა, მაგრამა, მამა რო მიყვარდა, ვეტყოდი, კარგია, მამო, კარგიო… – ყოჩაღ, ჩემო ქალო, ყოჩაღო!.. ბეჩავი მამაი!..”
მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდით…
მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ასეთი. მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ… თავის დედის სახელი დამარქვა – გულქანი. სიკვდილის წუთებში ეთქო, გულქანი დამრჩა შუა გზაზედაო. ხუთ შვეილში მარტო მეღა ვარ დამრჩალი ბუვივითა. ხუთმეტისა ვიყავ, მამა რო დამეღუპა… მოხრილი ვარ, ძლივს დავცოცავ. ვერაფერი ვერ ვიცი წუთისოფლისა. ხალხი აქამდე მაშინებდა, ეხლა მივეჩვიე… …
დღე -ღამეს ასწორებდა მამაი, მე ჭრაქს უზიდავდი საქონიდან, ღამე იმას უნთიებდი და ისა სწერდა. რო დასწერდა, მკითხავდა მოგწონსო?.. ალბათ მცდიდა, როგორ ესმისო. კარგია, მამაო,რო ვეტყოდი, სახესა ნათელი გადაუვლიდა…
ძროხებში დავბერდი, საქმეში დავბერდი, ახლაც ვერ გამაშვებინებენ საჩეჩელ-საქსოვ-სართავსა. მამაიც ეგეთი იყო. სუ შრომა… –შვილო არ მომიტანეო ჭრაქიო? … ნავთი არა გვქონდა…
ალბათ მცდიდა, განა მესმოდა, მაგრამა, მამა რო მიყვარდა, ვეტყოდი, კარგია, მამო, კარგიო… – ყოჩაღ, ჩემო ქალო, ყოჩაღო!.. ბეჩავი მამაი!..”
ქეთევანი კი შიო მღვიმელს სექტემბრის თვეში
დაჰბადებია, ნაბოლარა გოგოსთვის 13 სექტემბერს, დედოფალ ქეთევანის დღეს დაბადებულს
სახელიც ამ დიდი წმინდანისა დაარქვეს და მერე, მამა შიო მთელი სიცოცხლე თავის
მოკრძალებულ, თითქმის ღარიბულ ბინაში არც სითბოს მოაკლებს და ისეთ კეთილსა და
მინდობილს გაზრდილს, რომ დღესაც კი რომ ის პატარა ბუდე ბანკს ჩააბარა, 98 წლის
ქეთევანი უფლისთვის სამადლობელს არ იშორებს:„ნათესავი გოგო გადავარჩინე,
სხვანაირად არც მომაფიქრდებოდა, მამაჩემმა ასე მასწავლა.“
1995 წლის დეკემბერში, ბანკიდან მოსულმა მოხელეებმა
ქეთევანი შიო მღვიმელის ქუჩიდან გამოასახლეს, ეზოში დატოვეს ბარგით და მიატოვეს.
ზის ეზოში ქეთევანი, გარშემო შემოუწყვია მამის ნაქონი ნივთები, ვაჟა ფშაველას
ნაჩუქარი წიგნები, გალაკტიონის ხელნაკეთი, ავტოგრაფიანი ვარდი-სუვერინი, უამრავი
ხელნაწერი და ავეჯი. დაიწყო მოულოდნელად თოვა, წამოვიდა ფიფქები და გადაათეთრა
ვერის უბანი. ესეც ერთ-ერთი ვერის უბნის მელოდიაა.
ის ღამე სადარბაზოში გაათენა და გარეთ რომ
გამოვიდა, შეხედა - მისი შეკრული ბარგი
გაუტეხავთ, წაუღიათ ჭურჭელი და შიო მღვიმელის ბიბლიოთეკა კი ატალახებულ თოვლიან
ქვაფენილზე მოუბნევიათ.
ცნობილმა მეცენატმა გვერდით ქუჩაზე ნახევრადსარდაფი
უქირავა და დღემდე მისი შემწეობით თავი აქვს შეფარებული.
მაგრამ, როცა თავდაპირველად, სრულიად მარტო
აღმოჩნდა პაწაწინა ოთახში და თავი მოუყარა თავისი ოჯახის ნივთებს, აღმოაჩინა რომ
მისსახლს: “ისეთი ფანჯრები აქვს მზე არსაიდან არ მოადგება, ამიტომაც ბეღურები და
მტრედები არ მოდიან“, გადაუყრის პურის ნაფხვენს და არავინ მოდის, არც მეზობლის
კატები, არც მაწანწალა ქუჩის ძაღლები. ერთ საღამოსაც ჩაბნელებულ ქალაქში, მოწყენით
მჯდარმა ნავთქურაზე ჩაი აადუღა და ძველისძველი, ოჯახის რელიქვია ჩაის ფინჯნები
გადმოიღო. შაქარი გათავებულა, მაგრამ რა უშავს, ნავთქურა ჩააქრო. ცხელი წყალი
ფინჯნებში დაასხა და ჩაიც დაამატა. უეცრად იგრძნო, სიბნელეში როგორ შემოვიდა მამის
ლანდი, მიუჯდა თავისუფალ სკამს და ქეთევანმაც მამასთან საუბარი გააბა. მამა მოდის
ჩემთან - თქვა ხმამაღლა და გაეღიმა”.
- მამამ
იცოდაზამთარში სკოლაში გაცილება. თავის თბილ შავ პალტოში ჩამიწყობდა ხელებს და მითბობდა, ან ხელს თუ ჩავკიდებდი,
ასეთი თბილი ხელები არავის ჰქონია. დასდევდნენ ხოლმე ბავშვები ძია შიოო, ძია შიოო,
უყვარდათ ძალიან შიო მღვიმელის ლექსები და მე კი ვბრაზდებოდი, ვეჭვიანობდი. მე
მახსოვს სამი წლისამ ვნახე ჩვენთან მოსული ბაჩანა რაზიკაშვილი, ვაჟას გამოეგზავნა.
იმ წლებში ავადმყოფობდა ვაჟა ფშაველა და მამამ გადაწყვიტა თბილისის მაშინდელ
საავამყოფოში დაეწვინათ. ხელმოკლედ იყვნენ ყველანი, მაგრამ ერთმანეთისთვის
თანადგომა არ ეშურებოდათ. ბაჩანამ ამიყვანა ხელში და მაფრიალა ცოტა ხანს. მას
შემდეგ გამოვაცხადე ჩემი შეყვარებულია ბაჩანა მეთქი. ცისფერი თვალები ჰქონდა და
მაღალი,ლამაზი კაცი იყო.
ვაჟა ფშაველას დედის მოგონება ახსოვს: სხლოვანის
მინდორში ქალწულობისას ნანახი ხილვა, ღრუბლებზე როგორ ადიოდნენ კიბის საფეხურებზე
პატარა ანგელოზები და გალობდნენ. ვაჟას მამა და ბიძები სასულიერო პირები იყვნენ.
ვაჟას, თვითონ მთელი ცხოვრების შეგნებული ნაწილი, სიკეთის, ჰუმანურობის და
სიმართლის ძიებაში აქვს გატარებული, აკი, წერს გულქანი:
„ლოგინში ვიწექით ბალღები. დედაკაცი ვინმე შემოვიდა. დედას თავი სიპის ქვაზე ედო…
ვაი , რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა, ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგდო, ჩვენიცა. არც სხვის სწორად გვცმია სა არც სხვის ტოლად გვხურვია…
ჰო , ვინმე დედაკაცი შემოვიდა ჩვენთანა.
- კეკე, კეკე, ქალოო!- და თავი გადაუგორდა დედასა… ეგ მახსოვს. მამა ყვარელში იყო წასული, იქ ეთქვათ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლო მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო… ნეტა აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავ მამასა მოამბე იმ დროს მისვლია… შინ რო მოსულა(მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ამ ფანდურსა და თან დამღერის:
ნუ მოხვალ, თორო ინანებ,
მოსვლაში არა ყრიაო……
თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო!- დედასა… ნუ მოხვალ თორო, ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს-დედასა.”
ვაი , რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა, ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგდო, ჩვენიცა. არც სხვის სწორად გვცმია სა არც სხვის ტოლად გვხურვია…
ჰო , ვინმე დედაკაცი შემოვიდა ჩვენთანა.
- კეკე, კეკე, ქალოო!- და თავი გადაუგორდა დედასა… ეგ მახსოვს. მამა ყვარელში იყო წასული, იქ ეთქვათ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლო მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო… ნეტა აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავ მამასა მოამბე იმ დროს მისვლია… შინ რო მოსულა(მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ამ ფანდურსა და თან დამღერის:
ნუ მოხვალ, თორო ინანებ,
მოსვლაში არა ყრიაო……
თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო!- დედასა… ნუ მოხვალ თორო, ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს-დედასა.”
სტუდენტი ვიყავი საბავშვო გამომცემლობაში რომ
დავიწყე მუშაობა. იქ გამომცემლობის რედაქტორი, ნონა კალანდარიშვილი ყვებოდა,
თავისი მეგობრის, ყოფილი თანამშრომლის, შიო მღვიმელის შვილის ამბავს, თუ რა
გააკეთა, როგორ დააგირავა ნათესავმაგოგონამ მისი ბინა ბანკში და შემდეგ როგორ
დაეკარგა ის შემთხვევითი ნათესავი, როგორ აღმოჩნდა ქუჩაში. ყვებოდა, ასევე, რომ
როცა მის დასახმარებლად კეთილ ადამიანებს მიაქვთ რაიმე, ის ცალკე დააწყობს და
შემდეგ მომსვლელებს უკანვე გაატანსო, ფულს გაჭირვებულ უბნელებს დაურიგებსო, მხოლოდ
იმას ჩივისო, რომ ამ ნახევრად-სარდაფში მამის ნაქონი ხელნაწერები ნესტისგან
მინადგურდება და ფანჯარასთან კი ვყრი პურის ნაფხვენებს და ბეღურებს ვერ
ვიშინაურებო. მაშინ ქალბატონმა ნონამ ისიც მომიყვა, როგორ დააწერინა ქეთევან
ქუჩუკაშვილმა, გამომცემლობის რედაქტორმა, მწერალ გიორგი ლეონიძეს „ნატვრის ხე“.„
სერია მზადდებოდა გამოსაცემად, მწერალს თავისი ბავშვობის შესახებ პატარა მოთხრობა
უნდა დაეწერა. გიორგი ლეონიძეს სთხოვა ქეთევანმა და რომ შეაყოვნა მოტანა, გულმა
უგრძნო, რომ გიორგი რაღაც კარგს წერს ალბათ და მოდი ვაცადოთო. როცა გიორგი
გამომცემლობაში გვესტუმრა ხელნაწერით ხელში, წაგვიკითხა თავიდან ბოლომდე, ჩვენ
დიდხანს ჩუმად ვუსმენდით და ბოლოს ყველამ გაოცებულებმა ვიტირეთ. მწერალმა კი
ქეთევან ქუჩუკაშვილს მადლობა გადაუხადა, რომ არ ამაჩქარე, ამიტომაც გამოვიდა ასეთი
კარგიო“.
მე, შიო მღვიმელის ორტომეული მქონდა, ეს ჩემი
პირველი წიგნები იყო და ძალიან მიყვარდა, სასწრაფოდ გავიგე „თბილი პურის“ ავტორის სახლის მისამართი და
ვესტუმრე.
სხვათაშორის, ამ გამომცემლობაში, ერთხელ ახალგაზრდა
ჟურნალისტმა დარეკა, შიო მღვიმელის ქალიშვილზე შევიტყვეთ რომ ცოცხალია და წერილს
ვამზადებთ და იქნებ შეგვახსენოთო, ეს იმ შიო მღიმელის შვილია მცხეთასთან
მონასტერში რომ მოღვაწეობდაო?! ეს ადრე იყო, 1998-99 წლებში, ეკლესიურად ჯერ რომ
ვიღვიძებდით.
ქეთევან ქუჩუკაშვილმა, რამდენიმე წლის წინ პენსიის
დანაზოგით, დიდუბის პანთეონში დაკრძალულ მამას საფლავის ქვა შეუძინა და აჩუქა.
მახსოვს, მრავალი პირი დაესწრო და ტელევიზიითაც გაშუქდა. მეორე დღეს ვესტუმრე ქეთო
ბებოს და მადლობა ვუთხარი, რომ მეც დამირეკა და მიმიპატიჟა, ბედნიერი იყო,
უხაროდა. მეც ბედნიერი ვიყავი, რომ მაშინ, როცა შენს ქვეყანაში ასე გამეფებულია
ტაციაობა და განუკითხაობა, შეგიძლია ჩუმად და მოკრძალებულად აკეთო კარგი საქმე და
არ იყვირო, არ ითხოვო. მიხაროდა, რადგან ვგრძნობდი ეს ის შემთხვევაა, როცა უფალი
შენთანაა.
ორი ქართველი პოეტის, შიო
მღვიმელისა და ვაჟა ფშაველას, იგივე შიო ქუჩუკაშვილისა და ლუკა რაზიკაშვილის
ბიოგრაფიულ ცნობებში ვკითხულობთ, რომ „მწერალი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში“,
ვინ გაიზარდა, ვიცით და შემდეგ, ამ ღარიბი მღვდლების ვაჟებმა, კეთილი ნაბოლარა
ასულები მოუვლინეს ქვეყანას, მათი შემოქმედების სიკეთის უპირატესობის კიდევ
ერთი, ადამიანურ გამოსახვით.
მომენატრა, თეთოო....
ReplyDelete