უმსგავსის მონოლოგი

აღაზე უნდა ვწერო?
საკუთარი თავიღა შემომრჩა ან მასზე უკეთ ვინ ვიცი. მით უმეტეს, ახალი წლის ოთხი უქმე დღე მხოლოდ, მხოლოდ ამოკეტილმა გავატარე და ეს ყველაზე ნამდვილი ახალი წელი, იძულებითი სასჯელით მოვიყვანე. აი. ასე.
ამათ ეგონათ რომ ვარ, იმათ ეგონათ რომ ვათენებ თანამშრომლებთან, იმას ეგონა, რომ მარტო არ ვარ და იმას კიდევ ეგონა, რომ ფორუმელ (:) მეგობრებთან ერთად ვილოცები სადმე შობის საყდარში.
და რატომღა წერ?
აბა, რა ვაკეთო? იცი, რა არი, როცა ხვდები, რომ შენს ნებაზე ხარ მიშვებული, რაც შენი მთელი ბავშვობიდან დღემდე, ყველგან თანმდევი სურვილია და სისხლი ჩააქციე მოგეპოვებინა, ეს თავისუფლება, როცა საკუთარ თავთანაც კი მეზობელივით გრძნობ თავს და საკუთარ სახლშიც, სტუმრად გგონია თავი, გინდა ახალი რამ გამოიგონო და ამიტომაც იწყებ წერას.
მაინცდამაინც ვერლიბრი რატომ?
რა უცნაურია. აბა სხვა რა? რადგან მთელი ცხოვრებაა ვერლიბრი. ეს ოდნავ პოეტური და ოდნავ პროზაული გაელვებები. ნამდვილი და ცრუ განგაშები. ლამაზი მეტაფორები და კადრები.. გახსოვს, ის რიტუალ-წესი ოჯახის? ფოტოალბომის გარდერობიდან ჩამოღება და ნარდის გადახურვა და პიტნიანი ჩაის მომზადება და მერე ყვითელი სურათების თვალიერება რომ ერქვა?
მაინც რამდენი ძველი ფოტო იყო ბებიის ხავერდის გარეკანის ფოტოალბომში? რამდენი ერთი..
აი, მაგალითად, ეს დიდი ფოტო.. ადგილ-ადგილ თუ ალაგ-ალაგ დაცხრილური, ქაღალდის უხილავი ჭიით დახვრეტილი..
შენი პაპის მამა, საბა მამასახლისი ეკლესიის ეზოში თეთრდროშიან ხალხთან ერთად.. ძალიან მაღალი და ბებერი ვერხვის ორი ხე.. ზამთარია, როგორც ჩანს.. შიშველია და ხმელი ეს ხეები და გაბარჯღული.
მთელ სოფელს თავი მოუყრია. კახური შავი თექის ქუდებით და მუხლებგამობერილ წინდებში ჩატანებულ შარვლებით, ქალამანამოცმულები. მიწაზე, ეგრევე, დაუწყვიათ შოთის გრძელი პურები და ფოკუსისკენ აქვთ თავები მოღერილი.. ეს ფოტოამბავი, ათი ათასი წელი რომ გავა, მერეც გემახსოვრება და სანამ შენი ერთი პატარა ლექსი, სადმე, რომელიმე დაცენტრილ (ხეხ) ლიტერატურულ პორტალზე იქნება გამოდებული, შიშველი მახასავით, მანამდე გემახსოვრება ეს ერთი პატარა, უსახური სოფლის ამბავი.
კიდევ ერთი ფოტო.
ბებია სკოლაში.
ზის რაღაც ძალიან თხელი და ფარატინა. ამ ფოტოს გახსენებისას. ის, 82 წლის, ძალიან დიდი მუცლით და წელში მოხრილი, კაწაწა თმით თვალწინ მიდგება..
ის მიყვება მწვანეთვალება უჟმურ კაცზე, რომელიც, მე ვნახე ზუსტად 15 წლის შემდეგ.
ეს კაცი ბღვერიაა, მაგრამ ძალიან ლამაზი. თეთრი, ტანმორჩილია, მაგრამ ძალიან ლამაზი.
იცის, ვიცი ჩემ დას რომ გაიტყუებს ხოლმე სკოლის უკანა ეზოში, ხეებში ყოფნა უყვარს და ალერსი.
იცის, მამაჩემთან უნდა მივიტანო ენა და მიბღვერს.
მიბღვერს.
თუმცა ეს არაფერია დღეს.
რადგან, ისიც მახსოვს, ხუთნი დანი ვიყავით და ერთი ბიჭი-ძმა - არჩილა გვყავდაო. ჩემი ბრალი იყო, ეს მეხუთე პატარა გოგო, სამი წლისა, ისეთი ლამაზიო.. ყველას გვჯობნიდა სილამაზითო. მე ჩამოვდგიო ადუღებული წყლიანი ვედრო ღუმლიდან.
მეო. წამოვიდა ეს ბალღი ბორიალითო, ტრიალითო და ჩავარდაო. ჩემი ბრალიც არ იყოო. ღვინოში დამბალ ხმელ პურებს გვაჭმევდაო დედაჩვენი. მეც ცოტათი თავბრუ მესხმოდა და რეტიო და მიწოლილი ვიყავი ფარდაგზე და ჩამძინებოდაო. დამწვარი. დაფუფქულიო.
წავიდაო.
ის ფოტოალბომი წაიღო ბიძაშვილმა. უცხო გვარ-ტომის ფუძეზე ჩათესა. წაიღეს მამიდაშვილებმა სხვა ნივთები. პაპაჩემის ოქროს მედალი, ლენინის ორდენოსანი პაპისა. კიდევ გამოართვა ჩემს უფროს დას, ბებიაჩემის დამ, თავისი ძმის წერილები. ფრონტიდან გამოგზავნილი. ჩემს დას ბებიაჩემმა თუ ბებიამისმმა აჩუქა.
ეს თექვსმეტი წლის თვალებციმციმა ბიჭის ამბავია, ქერჩში რომ მსახურობდა ჯარში. დარჩა ასე. დებისთვისაც, ჩვენთვისაც. მამისთვისაც, ფოსტის შენობაში რომ მიეყინა სკამს, ომის შემდეგ 30 წლის შემდეგ. ოთხი დის ძმა. ხო. ოთხის ძმა.

სამი წლის ვარ..
ახალსოფლის ტყეში, წმინდა გიორგის მიტოვებული ეკლესიაა.. მხოლოდ ჩემი ბებიის გვარმა იცის, იქ მისასვლელი ბილიკები.. რადგან, მათი გვარის ახალგაზრდა ავადმყოფ კაცს, გადადებული რომ იწვა ბნელში.. გამოეცხადა წმინდა გიორგი და უთხრა: აგღადგენ, მაგრამ ჯერ შენ უნდა წამომაყენოო.. განცვიფრდა სასიკვდილოდ განწირული, ტანზე წითელ წყლულება-ყვავილებ ამოსული კაცი.. მეე? შეეენ? წმინდა გიორგი? აქა და აქ.. ტყეში, უღრანში..
ქვა ქვა ვიშლები და ვნადგურდები.. მოდი, ამოდი.. შემაკეთე.. წელში გამშალე..და მეც გიშველი.. წამოფრენილა შუადღისას.. გასცქერიან თურმე მშობლები.. გაზაფხულია..
ადიდებულ ავანისხევში მთის ქვალოდებს რომ მოაცურებს..მოღრიალებს ბაყბაყდევივით. შევარდნილა ეს საპყარ-კაცი.. და გასულა თურმე გაღმა.. ავარდნილა ფერდობზე და ტყეში ნადირივით გაუჩინარებულა.. გაჰყვა მამა, გზა ბილიკ ბილიკ.. და ნახეს.. გუმბათგაცლილი წმინდა გიორგის ჩუმი საყდარი..

ხო..
ჩემი გვარი.. ყოველ გაზაფხულს.. ადიოდა და წმინდა გიორგს ქადებს დამცხვარზე სანთლებს უნთებდა.. წაგვიყვანეს პირველად მე და სოფო.. სოფო უშიშარია.. დიდი გულადი ვინმე.. ჩემი პაპა დედას ეძახის..
ოო, ამ დროს ლამის არის ბოღმამ გამხეთქოს.. საბედა ხარო.. დედამთილი.. იცინის ბაბოც. ჩემი დედაო.. ჩემი მეზღაპრე.. და რაღაც დაწნულ ხიდზე დაგვსხეს..
გაირბინეთო.. ქვევით მოშხუის ფსიხი ავანისხევი.. დაბლა არ უნდა ჩავიხედოთ.. გარბის სოფო.. ზანზარებს თოკივით დაწნული, სიფრიფანა ხიდი.. და.. აი, შიშიიიგავშეშდი..
თან ერთ ადგილას ჩამტვრეულია.. ვიხედები.. უკვე აქაფებულ ტალღებში ვარ და.. ასე შიშით მისულმადღეეეეეეეეეეს.. დღეეეეეეეეეეს, კიკიროგორც მამას, გავებუტე.. შენს ტაძარში არ შემოვალ.. არ შემოვალ..
არ შემოვალდა, დილას პორტალზე სიტყვების თოკი დამხვდა.. ნუ იცქირები იქეთ.. ასე ჰქვია.. და ახლა, უშიშარივით გადავდივარ ამ თოკზე. და ვუბრუნდები ტაძარს, მგონია

მე აღარაფერი გამაჩნდა.
მე შემიძლია წავიდე, რადგან ფესვები მარტო მიწა როდია.
მე ალბათ წავალ. თუმცა კონტინენტი უცვლელია. დრო კი შეიცვლება.
საბა მამასახლისის ცოლს, საბედა ერქვა.
პაპაჩემის დედაა ეს საბედა. სოფოს ეუბნება პაპა, დედაჩემი ხარო. გავსკდი გულზე. რას ქვია დედაჩემი ხარო. სულ საბედააო, ეუბნება პაპასთან მოსული 90 წლის თედო. ზღაპრები უნდა მოგიყვეო სოფომ. კუზიანი კვიცის ზღაპრები.
შენ ხარ ჩემი დედაოო, პირწავარდნილი საბედა ხარო.
საბედას დატოვებული მზითვის სკივრი ჩამოვათრიე ამ ზაფხულს სხვენიდან. კლიტეც ეგრევე ეკეთა და გასაღებიც. ფითილებით და თითისტარებით. ჩამოვათრიე და ვრეცხე ჭის წყლით. მიყურა მამამ სახელოსნოდან, ვწუწაობ თან.
ვიცინი. ვისხამ ამ წყალს ტანზე, შიშველ ფეხებს მატიტელა ბალახს ვუსვამ.
ჩხუბობს დედაჩემი. იცინის მამა. ასე გავრეცხე ეს სკივრი.. ვუყვარვარ მამას როცა მიხარია. როცა ცხვირ-პირი ჩამომტირის, სახეს მარიდებს და საერთოდაც, შარმაზანასთან გადადის და ჭადრაკს ეთამაშება.
ამ სკივრში ყველაფერი რაც შემომრჩა ჩავდე. ზემოდან ძველი, თუჯის სამოვარი დავადგი, ჩემი საწოლის გვერდით. რაც გადამირჩა.
აი. ღვთაების მთაში დანით მოკვეთილი თაგვისკუდას ტოტი. ორი სანთელი ჩაუმწვარი. არარსებული ბერდიას წერილები. ერთი წლის მანძილზე უწყვეტად გამოგზავნილი ცრუ სასიყვარულო ბარათები. რაც ვაპრინტერე სოფია ფონ კიუნი, სანამ წაშლიდნენ. ხავსივით კი გადაყვა იმ პლიუსსამებს.
წაიღო ხავსივით ინტერნეტის წყალმა და ნიაღვარმა. თეთრფურცელა ლექსები. ნაბოდვარი. მონოლოგები. გამოგონილი ტკივილებით სხეული რომ ამილოკეს და შემოეჭამათ. პოეზიას მივეცი მერე ეს ხორცი. ეს გოგო .
და ახლა შემიძლია წავიდე.
ჩაწვება ქეთევანი ამ საწოლში ამოვა სუნი და მოედება ოთახს.
ქეთევანი, რომელიც სოფოს საშოში ცხრათვე გვემალებოდა. სოფო, დედაა ჩემიამბობს ის. ქეთევანი კლიტეს მოარგებს გასაღებს და ახსნის თავს ამ ძველ, რკინის სკივრს. მე კი ორი საათის განსხვავებით ვიდგმები რომელიმე გაჩახჩახებულ ხიდზე.
ნაგიჟაროო, არა ხარ ნორმალურიო.
რატო გწყინდა? იყოს ერთი გიჟი რა. ვის რა უშავდება.
მადლენა მირეკავს შობას. დარეკავს. 4 ათასი ევრო.
ქალაქის სახელია ვერონა. ვაა. რომეო ენდ ჯულიეტა. ძუძუზე ხელს რომ დავადებ პატარა ჯულიეტას მაშინ მივხვდები გიყვარვარ თუ არ.
გიყვარვარ თუ არ.
ეთც რა
ამიტომ ვერლიბრი. ძაღლი თუ მეყოლება, მხოლოდ, იმიტომ, რომ ეს ამბები აღარ დავწერო.. ის ჩუმად მოისმენს ამბებს და მერე გავა და ეზო-ყორეს მოედება და წკმუტუნით გაიტანს გარეთ.
წერაც ასეა.
წერა. ბედის, ამბის, შენი.
სამში, შუაღამეს ის მოვიდა და კორპუსებს შორის დამეძებდა.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვინმე ამ ქალაქის განაპირა მასივში დადიოდა და ეიი, აუუუსახელი მესმოდა მძინარეს და პირველად, რატომღაც მომაგონდა, რომ მან თქვა, მე მოულოდნელ დროს მოვალ და თქვენ ვერ მიცნობთ მე.
და განთიადამდე მე მას ვურჩევდი სახელს: მკურნალი.
და როგორც ყოველთვის ვცდებოდი.
ახალი წლის პირველ ღამეს კი თორმეტჯერ რომ განათდა ცა. და ყველა კორპუსის ყველა აივნიდან ამოვიდა ცეცხლის ენები. და ცის ჩრდილად იქცა თეთრი მიწა, მერე ხეებმა დაიწყეს მოძრაობა. ეს არ იყო ქარი. ხეები მოძრაობდნენ..
ჩვენ ცოცხლები ვართ. უხაროდათ. ჩვენ ცოცხლებ.
უხაროდა….

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო