ორი სავარჯიშო ქალებისთვის

კვირტები მარტში

..შენც აფეთქდები ვიცი,
კვირტების გელის ბედი,
სულში ჩამიღვრი იმედს,
როგორც სიყვარულს შვენის. ო. ჭილაძე


მარტმა დედამიწას წამოუარა -
სამშობიარო ტკივილები, წყლის დაღვრა.
აბა, შენ როგორ წარმოიდგენ,
მილიარდი კვირტის ქარიშხალი, ერთ უმთვარო ღამეს,
ტყეების და გორაკების მანძილს
გადასცდება?!
ეს ძალაა, გეომაგნიტის, როცა მზეზე
ფეთქდება მონატრება.

ჩვენც, მიწის შვილნი,
კვირტებივით ამოხეთქილნი,
ზოგიც უკვე შემოდგომის ფერში მიხრწნილი,
ხერხემლის გასწვრივ შავი ჩიტების ტატუირებით,
ოდნავ გულთან გარბენილი ბასრი ჩხვლეტით და
ცრემლოვან მღვიმეებს მიღმა ვირტუალურად
ვამჩნევთ -
ჰადესს ეპარება
ჯოჯოხეთიდან ატლასის ბროწეულისფერი კაბით,
მწვანეთვალება პერსეფონე და დედასთან გარბის.
ჩვენც კი ვგრძნობთ, მიწის წყალნარევი
ადამის შვილნი, რომ რაღაც ხდება ჯადოსნური,
იხსნება ჯადო. თიხა იმღვრევა.
ფრინველები უბრუნდებიან ზამთრის ყინვისგან
გამომშრალ ბუდეს;
ყვავილები მიწას ჭრიან ნაზი ყლორტებით
ამოდიან - ოკეანეთა გაგიჟებებს
მისცენ დასტური.
აბა, ახლა წარმოიდგინე, რა ხდება ცაში?!
იერარქიით დაწყობილნი, ოქროს საკრავით
აღჭურვილნი, საყდარნი, მთავარანგელოზნი,
უფლის ძენი და ასულები ხსნიან ედემის ბაღის
კარიბჭეს, მხოლოდ უკან დაბრუნება
ერთქმნილებისთის.
ერთჯერადი აქცია. ჩამოფასებული.
პოეზია არ არის მხოლოდ, მარტის ქარიან ღამეში გარეთ
გადი და ნახავ, ზეცას ზეთის ტილო გააკრეს:
სამშობიარო ტკივილებით ვენერა მინოსელის გაზაფხული,
ხეებზე მილიარდი კვირტი ახალშობილი,
გაკვირვებული დედამიწა ამ სასწაულით
შენ კი გძინავს და გესიზმრები
და ძილში მფიქრობ, გათენდება და პირუჩუმარი
გაეპარები ერთსულხორცს აბრეშუმის თეთრეულიდან,
გააღებ ონკანს და წყალს ეტყვი:
წაიღე, წყალო, სიზმარი ჩემი,
არ ამიცხადდეს მასთან ერთად კარიბჭედან გადმობიჯება.
წყალი წამოვა წკანწკარით, მდინარის გავლით ამოვა
ბექობს და სარკეში მაცქერალს მეტყვის:
აბოდებს, გეტრფის და ესიზმრები.



უმარილო სადილი,
ქვამარილი ცრემლების თანხლებით


ქუჩაში, საშოვარზე გაშვებულ ჩვენ კაცებს,
შავი მარგალიტის მსგავსი ასულები
ხვდებიან ცოცხებით.
ერთჯერად ფერად ცელოფანით,
(თან გავატანეთ წინა ღამის ნაგავი),
ქუჩის მეეზოვე შაგვრემან აისორებს
სახე ეღრუბლებათ მათ შეხედვაზე.

ოფისის ავეჯიდან მტვერს წმენდენ და იატაკს ხეხავენ,
სომხის თმაგაღიავებული ქალები,
ჩვენი კაცები აბოლებენ, ათიდან შვიდამდე.

ქალაქს, ბნედიანღამიანს დგებიან ბაჯები. ტოვებენ
მძინარე შვილებს, ქმრებს.
გარეთ გამოდიან, მოლა ახმიანებს მინარეთს.
ძაფის გორგალებს იკავებენ,
ხელები მექანიკურ სართავივით
თავისუფლებას თავისით ახვევენ კონებად -
ბაზარში გაფენენ ბოსტნეულს.
ქართველი ქალები,
ძაფებგადახვეულ მწვანილის კონებიდან
მონატრებას ამოვახვევთ.

ჩვენი კაცები მიდიან ავღანეთში,
ჩადრიან, კუნაპეტ ყურმოჭრილ ლამაზ ქალებს,
მშვიდად რომ დაეძინოთ -
ავღანი ობლების სკოლის გზას განაღმავენ.
პირველი ნატირალი ერგებათ მუსლიმ დედებს,
ავღანელი ბერდედები თვალებს უხუჭავენ -
მათ, ვისაც, უჩუმრად მიწაში ვასაფლავებთ,
მათ, ვის, საფლავებზეც ჯვრებმა იყვავილეს.
სამშობლოსათვის, უსახელოებს,
გროშის ფასად უფალს ვაბარებთ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო