რელიეფი. ბზის ხე



გეხარა - ანგელოზს ექვსფრთოსანს, ასთვალას
ატმისფერი ყლორტივით ხელები გაუწვდია,
მუხლებზე მლოცველისკენ.

გეხარა - გაბრიელს ელვარე სახეზე ფერი აქვს
სიცოცხლის,
მუცელზე დაიწყობ უთეთრეს თხელ თითებს,
თავოდნავ გადახრით, თვალდახრით იღიმი,
გაშლილი ორქიდეა.

გეხარა - ცხრა თვეს თუ სისხლით გამოიზრდი,
საათში მოკლავენ მაგ სისხლის გამოცლით.
ბროწეულის სიალალით აყვავებული ხე
ცისკარს ახმება.

დევნა და გმობა და დასწამონ ცილები,
ეკლიან გვირგვინით ატარონ აღმა-დაღმა,
იელის ყვავილობას.

საკუთარ წამების მოწმედ თვით უფალი
ჯვარზე გამოაკრან, როგორც
გამოაკრავ ჩვილს მწყემსთა ბაგაში
და მოგვთა საჩუქრებს ქვრივ-ობლებს მოახმარ.

ყაყაჩოების ველური სილამაზით,
ასეთი სიყვარულით ჩნდებიან ღმერთები
და ღმერთის დედობაც რა სიხარულია -
გეხარა, სულიწმინდით ნაყოფი გესახება,
მთავარანგელოზი ფრთებშენსკენ გამოწვდილი,
მზერას ვერ გისწორებს -
ლურჯი მონატრებით იღიმი.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო