იყიდება სახლი


ფშავი ქალია,

დედაბრული სიჩუმით მდგარი,
მამისეულ ხის მოხრილ სახლის
მოღიავებულ ჭიშკართან და დოინჯშემოყრილს,
მხრებზე, ბუერა ბალღებივით,
მთებს ადენილი ნისლი შეუსვამს.
დაბალ-დაბალი ვაშლის ხეების
გასწვრივ, სავსე ფურის ჯიქანივით, რძეგამოსულ
 მსხლის ყვავილობას
ისე ასცქერის, თითქოს ვაჟმა პატარძალი შემოაგელვა.
ლეღვის ბუჩქებს კი,
უყვავილოთ და თავდაპირველად ნაყოფთგამოსხმულთ,
ვარდიტაბლობას, ღელვით გამოკრეფს,
დამწიფებულნი, ძველ სკივრებში ისე ჩაფუთნოს,
თითქოს საზამთროდ, მადლი უნდა გამოიზოგოს.

ფშავი ქალია,
დედაბრული გულმოდგინებით,
მინდორზე მოკრეფს ნაირფერად მოჩითულ ბალახ-
ბულახთ და სახლის ჩრდილში,
გაახმობთ.
უცბად რომ სოფლის იშვიათ მცხოვრებს,
სამთვარეულომ წამოუაროს,
მცენარეებს წამოადუღებს სულზე სალბუნად რომ დააფინოს,
სიცარიელით დარდგაღვივებულ გამვლელ-გამომვლელს.


ფშავი ქალია,
მთათ განაბულ ღვთისშვილთა დაბლობს,
მამისეულ ხის სახლსა სახლობს.
დევის გმირებთან  ნაბრძოლებთან,
კაცთა სულების შემგროვებთა,
მიდგომილ ქალთა დამხმარეთა,
მარტო სულების შემჭირვეთა,
მარიამწმინდა, იახსარ, კოპალა,
საფშავლოს დაბრძანებულთა,
ერთქალას საქონელს მიმხედავთა,
მის სახლის ბანს ჩამომსხდარხართ,
დედაბერი შინ არ გახლავთ,
ქრისტეს დედის მოსალოცად
საყდარს, წირვას
წასულია,
დამცხვარ ქადებს კიდობანში,
თიხის დოქში ცივ-ცივ ღვინოს
ალბათ თქვენს სახელზედ ნახავთ.
გაიხარებს, რომ გაიგოს,
მის სახლს უფლის სტუმრებია.

ფშავი ქალია,
მოხუცია.
მოღიავებულ ეზოს ჭიშკართან ხელის მოჩრდილვით,
თავშალით მდგარი,
მხრებზე ბაცალიგოს ნისლი, დობილივით შემოხვეული.

სიჩუმეში თუ ატყდა ქარი, გულზე აბრა: იყიდება სახლი,
ხევისბერის თავსაფრებიან, ნაირფერა დროშასავით
ზანზალაკების ხმით გადაივლის.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო