აღმოსავლეთი დასავლეთით
რუკა და კომპასი
უღელტეხილის გადმოსვლისას
გადაყარე ხელუკუღმა.
დატოვე შენი აღმოსავლეთი,
კეთილი იყოს შენი მობრძანება
სხვა აღმოსავლეთში.
შენ თუ ზღვა არ გაქვს,
შავი ზღვაც შენია.
გასცქერი გემებს და
ზღვის კიდეს დაეძებ,
ზღვის იქეთ, გახსოვდეს,
ჩვენების ზეცაა.
აჰა, შენ, ეს პაწია ჩიტის,
კოპწია ბუდე,
წუხელ რომ ქარებს აუტყდათ წვიმა,
ტოტებმა მიწას მისცეს და ახლა,
შენს ხელებში ფართხალებს, როგორც
ნაძვებში ვიშვიშვებს ბარტყების დედა.
წაიღე, იქ სადაც, ელიან რაბის,
წაიღე, იქ სადაც საზღვრები, როგორც
წარმართ ღმერთების კერპები დგანან,
წაიღე, ქურმუხს და წმინდა გიორგს
ხელისგულები გამოუშალე:
ნუ გეშინია, ინგილო ბალღო,
ზღვის კაცები ოთხასი წელი ელოდნენ,
სანამ აეხსნებოდათ ქაჯების ჯადო.
აღმოსავლეთში იციან დაცდა,
შენს აღმოსავლეთს სამშობლო ნატრობს.
Comments
Post a Comment