სულთათანა უცხოსთვის

მთელი ერთი კვირა _
გავცდები წითელჯვრიან აფთიაქს, მიბრუნება მეზარება.
მზერა მიბრუნდება,
არადა, ლიფტში, თვალებში ვიწვეთებ,
შევიარო აფთიაქში და მერე მივყვე დღეს.
გადაიხადე კომუნალური დანახარჯები, ქარდის პროცენტი.
შეუთანხმდი დანტისტს დღეზე, სავარაუდოდ კვირის ბოლოსკენ
და წინა სამი კბილი,
ერთნაირად ამოივსე ჰელიოთი, რომ გადაფარო სიცარიელე.

ერთი კვირა – 
გრიმასი მაქვს მორგებული უსახოსა.
შემოდგომის რომელიმე დასუსტებულ დილას შემოგხვდე,
ზაფხულის სიბერისკენ მიერეკებოდე ფოთლების მწყემსი,
ნამწვავებივით დაგროვილ ვნებებს,
გარდაცვლილი ციცინათელებით
კოშკებიდან წამოყოლილი ქარი გემოსოს და ხმელ ბირკებს
ცოლის ნაწნავივით გზაგზა იცლიდე.
მე არ ვიქნები, რომც შემოგხვდე, ასეთი უცხო.
ჩემს ჩრდილს თუ გინდა შეეფარე,
მაგრამ დროებით და კენჭიანი მუჭა გაშალე,
ახლა მიწით თუ მომარჩენ.
ეგ ზღვის მუცლიდან ამოტანილი ფერადი ქვები და
მთის ყაყაჩოს უფერული ყვავილები
ჩემი მიწის მოსართავია.

კვირა
მე ყოველდღე საკუთარ თავს ვტოვებ საწოლში,
შვიდი დღეა თავი სხეულში ამოიქოლა
და ვიღაც მსგავსი გადის სახლიდან.
წითელჯვრიან აფთიაქის მომწვანო კარს,
გველნაკბენივით ჩაუქროლებს,
მობრუნება კი ეზარება, იყოს, ხვალ დილას.
თავს იიმედებს.
სამსახურიდან შევივლი და იყოს ეს მერვეც, ორშაბათი,
ფერისცვალების დღესასწაულს სათევზაოდ წასულ მამას,
მზის ჩასვლა და ღამე შეარგე.
ეს ერთი ღამეც ეძინოს მშვიდად დედის გვერდით,
თორმეტამდე წლები ექნება მხოლოდ უძილო.
თუ ცისკარზე მოხუჭა თვალი,
ამოეზრდება სიზმრებიდან პატარა გოგო,
ხუჭუჭა თმით, ტიტლიკანა და ჭუჭყიან ყელს გამოუწევს:
გამოიძახეთ ჩემი სული უკუნეთიდან,
მოგიყვებით ჭიშკართან დამსხდრებს,
რა ემართებათ თვითმკვლელ სულებს, საიქიოში,
სოფლის ბავშვებს სასაფლაოსკენ ღამით გაპარულთ
დააშინებთ ახალი ამბით.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო