განსაწმენდელი

3 დ.
სოფელში უეცრად წავიდა დენი,
მოვიდა შიში და უკუნეთი.
წაიღო ხმაური ელექტროენერგიამ, ჩამოწვა
სიჩუმე და დროში შევცურეთ.
ამ წამიერ განსაწმენდელში დაბრუნებამ -„შუქი ჩაქრა“,
(მოვარდა დიდი ძაბვა, გადაწვა ყველა ნათურა)
აწ და ამიერ სიბნელემ მოაძებნინა ბავშვს თავის დედა,
დედას ქმარი, ქმარს საქონელი,
ძაღლს ეზო-კარი,
მოხუცს სკამი,
ქურდს ბნელი ღამე უცნობ ციდან მიეცა,
ის რაც უნდოდა, გასაოცარი,
კაცი ურემით შემოიგრაგნა,
ურემზე თივა და დედაბერი უდევს და გზაზე მიჭრიალობს წაბლასთან ერთად,
მათი მეცხვარე ნაგაზი კი უბნის პატარა გოშია ძაღლებს ხმასაც კი არ სცემს.
ბებერ მგელზე დაგეშილია.
მრავალ ჟამი ერ.

უშუქობაა,
რა ვაკეთოთ, აქრობენ ლამპებს და
საწოლისკენ იბარგება მთელი სოფელი, ქათმებივით შეიბუდებენ
შებინდებულზე, ბინდისფერია,
ყველა თავის საძინებელს მიუბრუნდა
როგორც საკანს, მხოლოდ სახლის კაცს
დერეფნის ტახტზე მიწოლილს ნახავთ,
ყარაულობს უმთვარო ღამეს, სანამ ვარსკვლავნი
დაასწრებენ მანტიორის გრძელთითა ხელებს,
ჩასაქრობად. ცის კაბადონზე აინთებიან.

საღათას ძილით წაღებულმა სოფელმა,
ჩაბნელებულ ჩვენს უკუღმართ დროში
სწრაფი ხომალდით სხვა დროიდან შემოაღწია,
ყველა თამაში, სადიდოც და პატარებისაც,
ბურთაობა, დროშობანა, გაშეშობანა, ტაცება, პარვა
შუაში გაწყდა,
ვინ დახუჭული, ვინ დამალული
დარჩა თამაშში, სადაც მხოლოდ ნაცარი დარჩა.
ანაც პირიქით,
მხოლოდ ასწლოვან პაპებს ძილი
გაკრთობიათ და ტრიალებენ, გვერდსაც იცვლიან,
თითქოს შამფურზე წამოაცვეს,
ცხელ ნაკვერჩლებზე წვანანო, თითქოს,
უფრო კი ალბათ,
ახლა ვხვდები, ახსენდებოდათ დიდი ხნის წინ
დავიწყებული ღრმა ბავშვობა,
მაშინ ხომ შუქს, როგორც ახლა კოსმიურ ხომალდს,
ვერც ინატრებდნენ,
მაშინ ძილისმისვლის ლოცვას შეღამებულზე
იღიღინებდნენ და ღამესაც მიენდობოდნენ,
როგორც ჩვილის სიალალე და იღვიძებდნენ, ჰგავდნენ
ბეწვის ხიდზე გამსვლელებს.
ახლა კი გვერდზე მღვიმეები, ბებიების ცარიელი
ადგილები, შორ ქვეყნებისკენ სამოგზაუროდ ექაჩებიან
და ამ ბნელ სოფლის საშიშ თამაშში ძილს იბრუნებენ,
შუქის მოსვლას სიზმრად ხვდებიან.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო