ლაზარეთი. დაო სიდონია


გამახსენდა:
სიზმარი იყო, მაგრამ, რადგან გამახსენდა, ვამბობ მაინც, ჩემი რა მიდის.
რადგან ღია ვაგონში ვზივარ და სამადგილიან სკამზე მივყუჟულვარ, რა ბევრი ტვინის ჭყლეტვა ამას უნდა, მეტროპოლიტენით ვმგზავრობ.
ვის ვემალები აზზე  ვერ მოვდივარ, მაგრამ აშკარად კი ძებნაში მყოფს ვგავარ, ჩემი აწურული და ასევე დაწურული სიფათისა და მხრების ერთდროულად შემხედვარე. ამავე დროს, ასე ერთნაირად სიფათჩამოღვრემილსა და მხრებაწურულს, შესაბრალისი სახე მაქვს და გული მეკუმშება, სიზმარში, ისე, თითქოს ცხადში ვიყო, ასე.
- ზუზუნა, ზუზუნა, ზუზუნა - მესმის ხმა და თვალებით ვიხედები. თავი მოპირდაპირე მხარეს მაქვს მიტრიალებული, სად ეშმაკებისკენ, მე რა ვიცი, აბა?!
გამოვიხედე, ხო მაინც, როგორც იყო და რას ვხედავ, მამა ანდრია არ არის?! თვითონ მამა ანდრიაა, თავისი ლამაზი ფეხებით მობრძანებული. ეგრევე გონება გამეხსნა და გამახსენდა, ხო სიზმარში ვარ, მაგრამ მაინც, რომ მე მამა ელიზბარს ვემალები, ჩემს მოძღვარს. იმიტომ, რომ წინა საღამოს ცუდი ინფორმაცია მომცეს. ჩემმა კაცმა, უმსგავსად კი ჟღერს, მაგრამ ხო, ვინც მიყვარს, რა ბანალურია, ღმერთო ჩემო, ჯვარი დაიწერა. მოკლედ, თავის შეყვარებულზე. აბა, მე იმას არ ვუყვარვარ, მარტო მე მიყვარს ანუ უფრო გასაგებად დავწერო თუ გავიხსენო, ცალ მხრივად, გოიმურად ვარ შეყვარებული. ხოდა, რადგან, იმას ჯვარი დასწერა ღმერთმა და მე კი უზიარებლობით ვისჯები, ვთქვი: არ ყოფილა სამართალი მეთქი და ავდგები და ჟაკანის ტყვია რა იყო და არც ფრანგულით და არც მამაჩემის გეკოთი, რაიმე ადვილით და მარტივი წამლებით განვასრულებ გაწამებულ ყოფიერებას მეთქი.
წინა წელს, ჩემს დასთან, რომელიც ძალიან საყვარელი გოგოა, შემთხვევით, სახლში დარეკა ერთმა ბიჭმა. ხევსური ბიჭი იყო, ეგ ვიცი. წაგებული ჰქონდა ტოტალიზატორში დიდი თანხა და ახალთახალი მანქანაც მიმსხვრეულ-მიმტვრეული. ოჯახმა გარეთ გამოისროლა, სანამ ჭკუას არ ისწავლი არ დაგვენახოო. მეგობართან იყო შეხიზნული და ისე ავკრიფე ტელეფონის ნომერიო, უბრალოდ ლაპარაკი მინდაო..
ელაპარაკა რიმა ..
კიდევ დარეკა.
კიდევ ელაპარაკა რიმა, თან ბევრს. ბევრს რა, მთელი რამეები ელაპარაკა და მთელი ღამეებიც.
რიმა შეხვდა კიდეც. უთქვამს ამ ხევსურს, რომ ძალიან შეეხნენ ჩემს სინდისაო. ეს ერთი ბიჭი ვყავარ მამაჩემსაო და დავსჯი ახლა, მე მაგასო. უთქვამს რიმას, რომ ეგ ყველაზე დიდი სილაჩრეაო და ამას კიდევ უთქვამს, რომ დიახაც, ლაჩარი ვარო. მნახონ, როგორი ლაჩარიც ვარო.
დარეკა წინა დღეს.
მე ვუპასუხე. მე კიდევ კაი გაბმულა დეპრესია მქონდა. აი, ასეთ ჩამორჩენილ ცხოვრებას ვეწევი, დარეკა და მოკრძალებით მკითხა, შენ ვინ ხარ, დამელაპარაკეო და მე კიდევ, ერთი გემრიელად მივალანძღე და ყურმილიც დავუკიდე.
ხოდა, მერე აღდგომა დღე იყო და რიმა  ხმას არ იღებდა ორ დღეს. მეთქი რაო, რიმა მეთქი და წამლები უყიდიაო ბითუმად. როგორ მისცესო აფთიაქში, როგორ არ კითხესო. წნევის დამწევი და დამაძინებელი - თურმე სადღაც სამედიცინო წიგნში წაუკითხია ეს ორი ერთად უეცარ სიკვდილს იწვევსო და..
ხოდა, აქედან ვიცოდი წნევის დამწევი და დამაძინებელი.
მოკლედ, მამა ანდრია დამეძებს ახლა, მე. ვაგზლის მოედანზეა გაჩერებული  მატარებელი. ცარიელია ყველა ვაგონი და მარტო მე და მამა ანდრია ვართ.
- ზუ, ზუზუ, ზუზუნა -  მესმის მისი მკაცრი ხმა.
როგორც იქნა, მოვატრიალე ეს ოხერი, ჯიუტი თავი და ვხედავ, ფიზიკურად კარგი სპორტული აღნაგობის ბიჭია. კუნთიანი, შავი გადახუნებული მაისური აცვია და ტანზე მოტმასნილი, ასევე, გადახუნებული შავი შარვალი. ჩაცმულობით აი, 90-იანი წლების ბოლოს, ახალგაზრდა ბიჭებს რომ ეცვათ ასე გამოიყურება, მეთქი თუ მამა ანდრიაა ანაფორა რატომ არ აცვია მეთქი?! გამიკვირდა და..
მერე კი გამომეღვიძა ელდანაკრავივით, მაგრამ ძილის შებრუნება ვიცი და გამახსენდა:
ხეივნის ყურძენსა ვკრეფდით რომ დაიძახეს. საბაო თქვენიო 11 წლის საბაო მანქანაში დაიმტვრაო სულ დაიმტვრაო ერთი მთელი ნაწილი აღარა აქვსო.
მიხეილი კიდევ წინა წელს საფეხბურთო მოედანზე ათი წლისა ბურთის მოლოდინში მეკარედ იდგა კარში და ძელი დაეცა ფუძის ძვალი გადაუტყდა.

გამახსენდა კიდევ, მაგრამ სიზმარს არ ჰგავდა.
წმინდა გიორგის ცხენის ფლოქვებქვეშ მსუქანი, დაბალი და შავწვერიანი კაცი გართხმულიყო.
და გამომეღვიძა.

***  
გვირაბის მთავარ შესასვლელს ფორმიანი ჯარისკაცი იცავს. დიდი და მძიმე ურდულითაა შიგნიდან კრინის ორმაგი კარი ჩარაზული. დაჭრილები კასტილებით და დაბინტული სხეულის ნაწილებით ზედ იატაკზე არიან მიყრილები. უფრო მძიმეები გვირაბის სიღრმეში არიან სახელდახელოდ გამართულ ლაზარეთის საკაცეებზე გაშოტილნი.
მშვიდობიანი  მოსახლეობიდან მხოლოდ ქალებს და ბავშვებს დართეს ნება მეტროს გვირაბში თავშეფარებისა. ქალები შვილებს ზედაც არ უყურებენ, ბავშვები კი თავიაანთვის დააბოტებენ.
დღეში ერთხელ სადილის დროა. სარკის წინ ზარი დევს და იქვე ახლოს ხატებია ჩამწკრივებული. ზარს მღვდელი რეკავს ხოლმე ცისკრისა და მწუხრის ჟამს.
ლაზარეთში ერთი და ვარ. სიდონია მქვია და სადაცაა ოცდაცამეტი წლის გავხდები.  მონაზვნობა მინდოდა და რომ გადავწყვიტე ერიდან წასვლა, უეცრად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც კი ვერ მოასწრო ჩვენმა ხელისუფლებამ, ომი დაიწყო. არც მეტი-არც ნაკლები, სხვა პლანეტის სამხედრო ძალები წამოვიდნენ კოსმიური ხომალდებით და ჩვენი ქვეყნის მაინცდამაინც, დაპყრობა გადაწყვიტეს. არადა, ვამბობდით სადღეგრძელოებში, ვერავინ გაგვტეხავს, თვით ალექსანდრე მაკედონელმა ვერ დაგვაჩოქა და თემურ ლენგი და მონღოლთა ურდოები გვყავს მიჩმორებულიო. აი, თუ არა?!
აქ, არავინ იცის რამდენი ხანია რაც შემოვიხიზნეთ.  დრო გაჩერებულია. წელი ერთი დღეა და  წამ მზომი მუდმივად ჩართული. ქალებს შაჰიდის ქამრები აქვთ წელზე შემორტყმული და მამაკაცებს კი, ეგრეთ წოდებული, ლიმონკები. 
მე უარს ვამბობ იარაღზე.
ჩემი მთავარი მისიაა ახლა ერთი, ტყვედ ჩავარდნილი უცხოპლანეტელის გადარჩენა. ის ჯერ-ჯერობით, უგონო მდგომარეობაშია. გაგიკვირდებათ და მოხუცს ჰგავს. თეთრი თმა-წვერითა და უცნაურად წამოზრდილი კუზებით. კომაშია და მხოლოდ თვალებს აცეცებს. სახვევები სულ გამომელია და გამაყუჩებელსაც დიდი დოზებით ვერ ვუკეთებ, მარაგი ამოიწურა.  არადა, გაგლეჯილი ფერდიდან მუდმივი იარა სდის.
გუშინ ჩემი აღქმისამებრ, დაბადებიდან შეუკვეცელი თმა შევიჭერი, ჩემივე ხელით ზედ კინკრიხოსთან და ამ მოხუცს ფერდი გადავუხვიე. უნებურად მეცრემლებოდა, ფიცს რომ ვტეხდი და ცრემლები, სადაც დაეწვეთა, იმ ადგილას, რაც ვნახე, სასწაულს მივაწერე. პატარა მწვანე ნერგები ამოსულიყვნენ. გაგიკვირდებათ და ამ იარას ისეთი კეთილსურნელება ასდის, ღმერთო ჩემო, რა არის, ეს სუნია თუ რა არის, ყველანი ნეტარების სიმშვიდეში ვართ თავწარგულები.
ეჭვიანობენ ჩვენი რაზმის ჯარისკაცები.
დაო სიდონიაო, უნდა გისაყვედუროთო. რა არი ამ ჩვენს მოწინააღმდეგეს რომ გაფოფრილხარო, ჩვენც გვიმღერე იავნანა ძილის წინაო. მეცოდებიან, ვუმატებ ხოლმე ხმას. ყველას გასაგონად ვმღერი.
ბავშვებმა გუშინ ბეღურა ჩიტი მოიყვანეს. გვირაბის სიღრმეში შესულან და იქ დაუჭერიათ. საწყალს გული ისე უთრთოდა ამოვარდნაზე ჰქონდა. ის ჩიტი, იმ ახლად ამოსულ მწვანე ნერგებს აღარ მოსცილდა და ისეთი ჭიკჭიკი მორთო, მეთქი გაქრი შენა, ბეღურა მაინც არ იყო, გამომივიდა ესეც მგალობელი შაშვი.
სანამ თმა ჩამომეზრდება,  ალბათ აქ ვიქნებით. არა მგონია ეს ომი მალე დამთავრდეს. უთმო როგორ ვეჩვენები მზისქვეშეთს.
მოძღვარი კეთილი ადამიანია.
წირვის შემდეგ გვაზიარებს ხოლმე.  არ ელევა სეფისკვერი და წითელი ღვინო.
ნერგებმა უცნაური თავთავები გაიკეთეს მოხუცის ფერდზე. მოჰკრეფს ხოლმე ჩვენი ხუცესი და სეფისკვერიც ცხვება.  მართალია ჩემი უცხოპლანეტელი გონს არ მოსულა, მაგრამ რამდენჯერაც ატირდა ცრემლი სისხლისფერ ღვინოდ წამოედინა. თავიდან შევკრთი და მოვწმინდე  გვირაბის კედლებიდან აგროვებული ნაჟური წყაროს წყალით, მერე რომ ისევ განმეორდა, ავაგროვე სინჯარში და ღვინოც გვქონდა უკვე.
მგალობელმა ბეღურამ კიდევ კვერცხის დება დაიწყო. კვერცხისგან და თავთავის იფქლისგან კვერებს ვაცხობთ და ვიკვებებით.

მღვდელმა ბავშვებს ხატვა ასწავლა და მთელი გვირაბის კედლები, პატარებმა  ერთი ციცქნა მზეებით მოხატეს.
აქედან რომ გავალთ და ისევ ვნახავ ჩემს ნამდვილ მზესა და ტყე-ველებს, ჩემი სამშობლოს ბუმბერაზ მთებსა, მოვუყვები, როგორ უსაფრთხოდ ვიყავით მღვიმევში, მაგრამ ამ ამბავს კი ვერასოდეს დავივიწყებ, სულ გავიხსენებ. სულ..
ერთხელ, არ ვიცი რა დრო იქნებოდა, აბა, აქ რას გაიგებ როდის თენდება და როდის ღამდება, ჩვენი მოძღვარი ამბობს, მგონი მეც ამერია და მწუხრის ჟამნობას ცისკარზე ვასრულებო, მაგრამ მაინც შეიწირებისო ჩვენი მსგავსი შეჭირვებულებისგანაო და უეცრად რასა ვხედავ, მოდის ყმაწვილი მებრძოლი. ისე უცნაურად აცვია, აქ რომ რამე გაგიკვირდება ძე სულიერისა, მაგრამ ხამლები და ხმალი?! ხუჭუჭა, ოქროსფერი თმა აქვს და უკან, კეფაზე ერთი ცალი თეთრი ბუმბული არა აქვს?! მეთქი ეტყობა ბალიშიდან აყვა და გამეცინა.
მიყავს ორი პატარა ბიჭი. ქერები, ლოყებ წითლები, ლამაზები.. უი, მეთქი ჩემი გიორგი ხო არ მიყავს ამ ჭაბუკსა, ჩემი დისშვილი და გავიქეცი და ჩამოფრინდა ეს ახალგაზრდა მებრძოლი. ხო, როგორც წყალზე გაიარო ესეთი სიარული ჰქონდა და მეუბნება შენი არაა, ნუ შიშობ, ეს ორი ჩემი სტიქაროსნები იქნებიანო, იქ ზევით, ამ ზესკნელიდან ამოვიყვან და მოგეხმარებითო და გაქრა.
ერთს საბა ერქვა და მეორეს კიდევ მიხეილი.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო