ზაფხულის სიჩუმით თენებები

1.
სახლ-კარ დავსილო

წელიწადის პირველი თვე გაზაფხულისა,
ორანტა


მახსენდება, ხანდახან,
როცა აღარ ვმოძრაობ თვითმარქვია მკვდარი,
სახლში ვდევარ უსარგებლო, გაუქმებულ ნივთივით.
როცა გარეთ, ასე მოშორებით, ჩიტები, ცა და ადამიანები
შეხმატკბილებულად პასტორალობენ,
აი, მაშინ, თუ გამახსენდება, მახსენდება, ხანდახან,
რომ დიდი მინდორი მაწვება ზემოდან
და გაშლილა მდელო მთელ სხეულზე.
რომ წყაროც ვარ და კორომიც, ერთდროულად.
ბალახების ფესვებს მე ვზრდი,
მე ვასაფლავებ უპატრონო გველის წიწილებს,
მე ვაბუდებ საღამოობით ნიჟარებიდან გადმოცვენილ
ბებერ ლოკოკინებს, წყალქვეშეთში.
ხანდახან, მგონია, რომ სადაცაა ჩავვარდები,
ჩავიზნიქები,
მიწაც ვრბილდები ხშირ წვიმებისგან.
რომ სურვილმა წამომიაროს და ასე ავდგე,
წამოვდგე და ფეხი გავშალო,
გადმოვყარო იფნის ხეების
ფუღუროებიდან ჭალაში გაფუყული ყვითელი ბარტყები,
წყლები დავღვარო.
რომ წამოვიღო აყვავებული ველური აკაციები
და მწიფე ლეღვის ნაყოფები, დახეთქილები შუა მზისგან
გზაგზა დავფანტო.
განა, ამასაც ვფიქრობ, არ გამაჩერებენ!
გამაჩერებენ, ხელს შემავლებენ,
აბა როგორიაო, აბა, ვინ წამომდგარაო მიწიდან
მკვდარი ვის უნახავს გაცოცხლებულიო, კი, კი,
როგორ არა, მანამ გვერდები არ ამიდგეს.
ყველა გაშლილ ყვავილს შემაწყვეტენ,
ნაყოფებს ჩამომკრეფენ,
ანკარა წყაროებით მუცლებს დაიხეთქავენ,
იღლიებს ამოივსებენ,
რასაც ვერ მოერევიან ფეხებით შედგებიან,
მერე უკანვე მომაყრიან მიწას,
შე გასატიალებელოო. ხელახლა დამმარხავენ.
ასეთი ბუნება აქვთ, შენს შექმნილებს,
ასეთი რა მიწისგან მოზილე, ესენი.
იქნებ, შენს ხელებზე შერჩენილი თესლებია,
ხელებს რომ იფშვნეტდი და იცილებდი
მაშინ დაგიცვივდნენ უდაბურებაში.
მათ შორის მეც.
აი, უდაბურების ნაყოფიც,
საღამოს პირას, ხის ჩრდილშია შებუდებული
ჩემი შეყვარებული, როგორც საკუთარ ნარწყევში ჩამხრჩვალი
უგუნური.
ჩემი მისგან ფეხმძიმობის ბოლო თვე რომ არა,
უნაყოფობით დაგვსჯიდი, მხოლოდ გაძევებით დაცხრი
და დადუმდი.
შენს შემდეგ, მკვახე ხილს,
აღარ ვეკარებით, ძირნაყარით ვიტყუებთ მუცლებს.
გველსაც ვუჭეჭყავთ თავს და წელშიც ვწყვეტთ,
მოვდივართ,
შიშით, ოფლის და სისხლის ღვრით
ვმრავლდებით, არც რა გვაკლდება, აღარც გვემატება,
მაგრამ დღეს მე, მომიტევე,
ჩემმა უდაბურებამ და უჩრდილობამ გული გამიწყალა,
უხსენებელსაც კი ვლოცავ, მარტოობაში,
თუ შემოცოცდება საუბარს გავუბავ, მოვიშინაურებ, მივიჩვევ.


2.
ცოცხლად დამარხვა,
ელეუსა


- მოგსპობ.
დაგმარხავ ცოცხლად. იცოდე,
დაშინება _ ზრდის მეთოდები.
სადაც, წყევლის სიტყვების აცმა,
იქ, ტკბილი ნუგბარივით სიყვარულის
კრიალოსანი _ გაძლებაზეა.
რას მეხვეოდნენ წითურ თმაში,
ხუჭუჭა ღერებზე,
ნეკა თითის ხელა მწერები _
ხელუკუღმა შეყრილი ფეტვი.
ძილისწინ,
დათაფლული ჩაით მოტყუებული მუცლები,
პაპის თმასაკრეჭი მანქანების გასუფთავება.
ეს ძილში თავის გადახოტრები, ცოცხლად
დამარხვის სერიიდან,
იძინებ, როგორც ციხე-სიმაგრის მეფის ასული
და გეღვიძება უთმოს, ხოპალას,
მოწამლული ვაშლების გარეშე,
მოჯადოებულს.
გარეთ ვერ გახვალ,
სტუმართან ვერ გახვალ,
სარკეს დაივიწყებ,
ღამეს დაუმეგობრდები,
რომ შენი თმა, ქარის ამოვარდნისთანავე
მოგეჩვენოს თავზე,
ქარში სირბილი თმაგაშლილს დაგესიზმროს
და გქონდეს ნატვრა,
თმა გაგეზარდოს.
მაგრამ ამასაც გადაიტან,
თუ მეზობლად თანატოლი გოგონა ცხოვრობს,
რომელსაც დაბადებიდან თმის ღერიც კი არ ამოსვლია,
რომელიც პირველი კლასიდან ინდოეთიდან საპონს ელის,
წაისვამს და თმას ამოუყვანს.
მას ახურავს ქუდები ზამთარ-ზაფხულ,
ჩემი და დასდევს და აძრობს ქუდს,
ცოცხლად ვვმარხავთ, თან ენებსაც ვასავსავებთ:
-თავხოტორა რიმაა. მელოტიი.
ჩვენს ძილ-ბურანის კოშმარს, ასეთ სამაგიეროს მივუზღავთ,
და, როცა გავიზარდეთ, გონება გაგვინათდა,
პაპა ამპარტავნობისგან გვკურნავდა.
წარმოგიდგენიათ ზაფხული რიმასთვის,
როცა ჩვენც და ისიც უთმოები დავწანწალებთ.
გავიზარდეთ და
მეც და ჩემი დაც, სახეზე თმიანობით დავსაჩუქრდით,
ქალური დარღვევების არქონის მიუხედავად,
მთელ სახეზე ბეწვი მოგვედო,
დაგვცინოდნენ ბიჭები
და გარეთ გასვლას ვერიდობით. ესეც რიმას სამაგიერო.
რიმა კი მუნჯმა ითხოვა და გააყოლეს.
როცა სხვა ცოცხლად დამარხვების ნიადაგზე
წლების ნაზარდი თმა მოვიკვეცე
და მოვდიოდი ფარისეველი ქალაქის მიღმა,
თავსაბურავით,
მეტროს გვირაბში, მტკვრის ფსკერზე რომ გავდიოდით,
მოვკარი თვალი რიმას ხელოვნურ თმას,
ორბავშვიანი, უწამწამო და უწარბო თვალებით
გაკვირვებული უყურებდა ჩემს ხილაბანდს
და გვერდით ედგა ყრუ-მუნჯი ქმარი,
ხელის ანბანზე მოსაუბრე,
რომც ძალიან გააბრაზოს რიმამ ქმარი,
ის ვერასოდეს მიაძახებს ნაკლზე.
მე კი არც ქმარი და არც თმა _
არც ხელოვნური და არც მუნჯი.
ასეთი თამაშიც არსებობს,
გათვლის გარეშე.

3.
სიტყვების მაგიერ
აგიოსორიტისა


ასეთი ჯადოც არსებობს, ჯვარდაუწერელი ვქვრივდები.
ეს ობოლი ზინას ოინებია,
მისი შავი, აღმოსავლური ჭრილის თვალების შედეგი.
რადგან სახლი კი არა სასახლე მქონდა,
რადგან ოქროს ფულები გვიობდებოდა სარდაფებში,
რადგან არ აკლდა ჩვენს სახლს სტუმარი და მხიარულობა,
ობოლი ზინა, თვალწვრილი, თუ შემომხედავდა,
ან ფეხი მიბრუნდებოდა, ან უნებურად პაპა
სისხლისგან მეცლებოდა,
ან მამაჩემს ხსნიდნენ სამსახურიდან,
ან კიდევ, მაინც მშვიდი და ჩუმი ზინა
უდარდელობდა უცნაურად:
ჯვარდაუწერელი ვქვრივდებოდი ჩემს სიგიჟეში.
ეს ჯანდაბა ბავშვობის დროინდელი,
გადახუნებული, უფერო ტკივილები რომ არა,
რა დამაწერინებდა, გამოგონილი სიყვარულების
ყალბი ყალიბი?
ხომ იქნებოდა წყალწყალა ღვინოსავით?!
სიცხეში, ღამით, გამხმარი ფოთლები, უცხოს ფეხქვეშ
მჭახე ხმაზე იმსხვრევიან,
მოულოდნელად სახურავზე ჩამოვარდნილი
ხიდან ნაყოფიც ფეხის ხმას ჰგავს,
უჩინრად დადის ყოველღამით ვიღაც, გვდარაჯობს.
ვნატრობ აგრილდეს,
დილა ბნელზე ჭალაკიდან ამომღერდეს შაშვი
და ვიჯდე ჩვენი სოფლის ლამაზ სახლის აივანზე,
მზის ამოსვლას ველოდებოდე და ცისკრის ვარსკვლავის და სავსე მთვარის
გაქრობას თვალს ვადევნებდე. გაწვიმდეს თქეშით,
ელვა-ჭექით, დაგრუხუნებით
კავკასიონის მწვერვალებზე გამოიფინოს, ნისლის სარეცხი,
მოხუცი დევის კრეჭელა ცოლის.
იცი, ამ დროს, როცა ვრთავ ელექტრონულ მუსიკას და
მეზობლების ნერვებს ხემივით ვარხევ,
როცა ყველაზე უარესად ვიქცევი, მზად არიან სახლმმართველს
ხელწერილები აუგროვონ, გამასახლონ,
იცი, ამ დროს ზინას შავი, ბიორკის მსგავი თვალები მახსენდება,
როცა ის თვალმოწკურული ქვევიდან ამოიხედავდა
სახლის აივანზე მოცეკვავეებისკენ და
ტარაბუა გვესხმოდა თავს.
მაგრამ, ისიც მახსოვს,
ისე ვიდარდეთ პაპის უცხო ქვეყნისკენ გადაბარგება,
ისე ვიდარდეთ,
დავუმალეთ ერთი-მეორეს,
რომ მეტროში კაცი ცილინდრით,
დაგვყვებოდა და ვამსგავსებდით ორთავე პაპას,
რომ პაპაჩემის დარგული თხილის ბაღით ვიხდიდით სწავლის,
ბინის და საჭმლის ქირას,
რომ ერთხელ დაბალი ნავთქურა, კინაღამ აგვიფეთქა
და პაპის ლაბადის დათბილულმა ბეწვის ჟილეტმა გადაგვარჩინა.
დაიწვა, მაგრამ როდისღა მივხვდით,
რომ ცეცხლმოდებულ პატარა ნავთქურას, თვითონ პაპა გადაეფარა.
და ერთხელაც, ისე გვშიოდა,
ჩუმ-ჩუმად ვჭამდით, უპუროდ, პომინდვრის საწებელს.
და მოულოდნელად გამახსენდა, პაპის საათი, გერმანული,
ჩვენ ის ზუსტად ხუთ ლარად გავყიდეთ ბებერ მესაათესთან,
რომელიც გაკვირვებული ათვალიერებდა გერმანულ საათს,
რომლის ნამდვილი ფასი იქნებოდა 100 დოლარი.
და იმ დღეს ვჭამეთ, გემრიელი ღორის მწვადი.
და როდისღა მივხვდით, რომ იმდღესაც, პაპამ დაგვაპურა.
ახლა, არ ვიცი, რატომ გაწყდა
ის უხილავი მზრუნველობის საბურველი,
ახლა, როცა მე ჯვარდაუწერელი ქვრივი ვარ
და პაპის გაჩენის შანსს, ანუ შვილიერების გაქრობის წლებს
ხელებზე ვითვლი.
ასეთი ჯადოც არსებობს, გერქვას არარსებულს გარიდებული.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო