…ან ვიოლინოსთვის ორკესტრის თანხლებით

შუაღამეს, ივლისის გაუსაძლის სიცხეში,
თამბაქოსფერი სურნელოვანი
ნესვებით,
როგორც მფარველი ანგელოზის ღიმილი,
ჩემს კალთაში ჩაწვა - გერგეთის სამების გაცრუებული ლოცვა,
მუხლამდე დამდნარი ყინულით,
გამყინვარება დადგა.

არადა, ველოდი ნერვიულ აშლილობით,
მობრუნებას გაქცეულ განდეგილის,
რომელიც წუთისოფლის მორევში შევიდა,
და რომელსაც სამი ვეშაპის კანი მოსავდა.
წითელი - როგორც ჩემი წილი სისხლი.
შავი - როგორც მიწისპირი.
თეთრი - როგორც ჩემი ხმაგაუმტარი სახლის გლოვა.
უკუთქმით, დიდმარხვის გატეხვას ჰგავდა -
მეჩხერი ტყის გადაღმა,
მინდვრებიდან ჭალაკს შეჰყვა,
გზად, ორი ნესვისფერი ქედნის ხუნდი, მწიფე ნევსვებივით
ხურჯინში ჩააბუდა -
რა ნანაჯოგად დაიკარგა, თან ჩემი სურვილი წაიყოლა.
არც მიწამ ჩაყლაპა, არც ცამ.
წყალში შევიდა და დაიფარა.

ხი-ნანა, ძი.
დალაი, დალაი.
წყლის დედავ, ადგილის დედავ, ნანა, ნანინა,
ჯოგები გადარეკე, მწყემსი გაიტაცე,
ალი-კვალი ვეღარსად ვნახე.
მე თმა კარაქით გაგიპოხე,
ფრჩხილები, კაცნაკლავ ქარქაშიდან უკლებლივ
დაგიბრუნე,
არათითისა კი ვერსად ვნახე.
ხი-ნანა, ნანი-ნა.
მოუნელებელი სიმარტოვე ნანაჯოგად გადამიკარგე.

მოულოდნელად გადაიკარა.
სანამ მზის სხივების წვიმა დაიწყება,
ცვარ-ნამით დანამული შემოდის,
ადამიანის სუნით შემობრუნდა -
სამვეშაპის კანგამძვრალი,
კედელზე, როგორც ორი ტიხარი,
ბზის ტოტზეა -
ჯოჯოხეთშიც ასე ყვავდება,
უცაბედად.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო