ფასკუნჯის ფრთა


სამი ქაჯი წამოაგდო პირიდან. ხმალი შემოუქნია მზე-ქალს: 
უნდა ეხლავე გაგათავოო. 

სამთვარეულომ წამოუარა არაამქვეყნიურ მზე-ქალას.
- დამკარ, დამკარ ვულკანოსის ხმალი,
სამჯერ, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს.
მითხარ უნდა გაგათავო ახლავე
და პირიდან წამომვარდეს სამი ქაჯი,
სხეულში რომ გულს მიჭამდნენ.
ალგეთის ჭალაში, ქაჯავეთს, უთმო, უწამწამო
გველებმა, დორბლივით წამოსულმა
ურჩხულმა, ღორისთავიანმა ქალსახამ,
 ახალ მთვარეზე და უკუნეთს
სამსხვერპლო ქვაზე დამაკრეს,
აირია სეზონები, კალენდარი პირობითი.
დღე ღამეში, მზე მთვარეში,
ცნობამიხდილს გამისწორდნენ,
თვალით მჭამეს, გამთვალეს,
გამჩხიბეს და მათ მბრძანებელს სილამაზით მახარბეს.
ნამდვილი გიჟის სახელი მომაწებეს და ნიავქარზე,
ღრუბლების ჭვრეტამ თუ დამღალა,
თავი მხოლოდ ზეცას შევატოლე.
არრა რა მახსოვდა, თმა მომკვეცეს,
არრა რას გარდა არრა რა.
მხოლოდ სიყვარულმა არ დამტოვა,
მხოლოდ სიყვარულის ამარა,
კლდის ნატეხ ქვაზე სამსხვერპლოზე, სვავებისმოლოდინით,
გულაღმა დამაკრეს, გაბანგული,
სამთვარეულომ მომიარა, თვალებდახუჭული ავბუტბუტდი:
ჩემი სილამაზე ჩონჩხად იქცა,
მოსიარულე მკვდრად ვიქეცი.
მაგრამ, ჯოჯოხეთის კარიც თურმე
იხსნება ხანდახან,
უმზეო ტალანებში ცხელი ქარიშხლებით
ცხენებით ჩამომწვდნენ სამნი ძმა,
სამზეოზე რომ გამამაცხადეს,
ფასკუნჯის ფრთები მომაშ
ველეს.
დამკარ, სამჯერ ვულკანოსის ხმალი:
ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს.
გადმომვარდა პირიდან სამი ქაჯი,
გულს რომ მიჭამდნენ და აორთქლდნენ.

Comments

Popular posts from this blog

ბოროტებისთვის წესის აგება

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო