საჭადრაკო ეტიუდები

"პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდო ჰკიდია".
ხალხური

ამ სატანურ მარტოობაშიც, რამდენი რამეა:
მარცხნიდან, როგორც ჭრაქს  ცაზე,
ველოდი ნახევარრკალა მთვარეს.
თან აივანზე,
თან ახალ მეზობელს,
რომელიც თეთრებშია და სამზარეულოში
ყავას იმზადებს
ვეთამაშები ჭადრაკის პარტიას, აივნიდან.
რომელიც არის უხმო,
შუაში სანიშნია გზა და ორი საცალფეხო ბილიკი.
შავ-თეთრ კადრს ჰგავს,
ძველი ფილმიდან.
ადამიანები ბრუნდებიან სახლებში,
(სოფლებში ამ დროს მოდენიან მინდვრიდან ნახირს,
ამ დროს აბუდებს კრუხი წიწილებს.
შეღამებამდე სკამზე სხდებიან უბნის
ბავშვები, მოხუცების კალთებზე,
და იწყება სხვანაირი ამბავი -
გადის წინაპრების თავგადასავალი,
სოფლის საღამოს კინოთეატრში).

31 ივლისია. მე ვცხოვრობ მარტო.
მე სამსახურშიც ცალკე ოთახი მაქვს,
იქ მხოლოდ ერთი კაცის მაგიდაა.
ცვალებადმა მოღრუბრულობამ
გამახსენა მობილური, რომელიც არის ენაჩაგდებული
ჩემსავით, რადგან გაგზავნილ ესემესებს არ ეღირსათ უკანა
გზაზე პასუხი.
ცა გადასერა შროშნების გუნდმა.
ისინი მე გაზაფხულზე დავიმახსოვრე,
როცა დიდ წვიმას მოჰყვნენ თებერვალში, მოულოდნელად.
ვიფიქრე ყვავებს გზა აერიათ.
ამასობაში დარეკა მამამ.
იცის, როგორ მეშინია სფერული ელვის.
- მივდივარ სახლში; -მე ვპასუხობ, დიდი წვიმაა,
ალვის ხეებზე უცნაური სხედან ჩიტები.
მამაჩემი ამბობს: შროშნებს მოუფრენიათ,
გაზაფხული არის სულ ახლოს.
ახლა კი, იმავე მხარეს შვილებთან ერთად მიიჩქარიან.
ვხვდები, შემოდგომის კიდესთან ვმდგარვარ.
შევწყვიტე მწიფე შავი თითა,
ბეღურების გაბევრებულ წყვილს
თვალი ვკიდე,
რომლებიც ირჩევდნენ დასაძინებლად გვერდი-გვერდ მდგარ
ხეებიდან რომელიმეს.
მაისში ისე გაერთნენ ბუდის მორთვით,
მამრმა ჩიჩახვზე შავი ლაქით, საახალწლო ნაძვის ხის წვიმაც
კი მოათრია.
მე მომერიდა, მოპირდაპირე აივნის მიღმა,
ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჰგავდა ეგვიპტელების სიკვდილის
მკვდარ ღმერთს, ახლადმოყვანილ კუზიან ცოლს,
უკოცნის მუცელს.
ჭადრაკის პარტია ყაიმით დავამთავრე
და შემთხვევით მარჯვნივ გამეხედა,
იქედან, ამოპარებულიყო
ყვითელი სავსე მთვარე და ორსულის მუცელივით
ეკიდა ცას, გასკდომამდე.
იქნებ, ამ დროს მიდიან ხოლმე
დროებითი თავშესაფრებიდან?
სახლში შემოვედი,
სვლა თეთრეებისაა, გააკეთეთ ყაიმი.
ალბათ, ამ ყველაფერს სჯობდა,
სანამ სოფელში ვცხოვრობდი,
კეთილ გველს დავეგესლე.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო