ბარბარე და ტარიელი
ძველი გავაზში ერთ დედაკაცს სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ აქვს..
1909 წლის 1 ნოემბრის გაზეთ დროებაში ზ. ჩხიკვაძე იუწყებოდა: ძველ გავაზში
ერთ დედაკაცს ჰქონია ტყავზე ნაწერი სურათებიანი ვეფხისტყაოსანი, ბოლოში ქრონიკონი ჩუნე
(1455) ჩფნე (1555) სწერებია, დედაკაცს ხელნაწერი არ დაუნებებია, მისი სიკვდილის შემდეგ
კი ეს ხელნაწერი ვეღარ უპოვიათ.
- სად გაქრა ნეტავ? ესეც აუხსნელი ამოცანაა.
ზურაბ ჭუმბურიძე. „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“
1983. თბილისი. ნაკადული.
ეს ხელნაწერი ბარბარე ბაბოს მზითვი გახლდათ. ბარბარე ბაბო ილუზიონისტი
ხომ არ იყო, მომკვდარიყო და მისი საყვარელი ნივთი კი გაექრო, რა ბევრი ფიქრი ამას უნდა,
აბა?! როცა გარდაიცვალა და ას წელზე მეტს მოითვლიდა, დატოვა სიტყვა-ანდერძი: თან უნდა
ჩამაყოლოთო.
მის სიტყვას ვერავინ ვერ გადავიდოდა. ბარბარე ბებო გულთმისნობისა და ნათელხილვის
სახელის წყალობით, ბევრი ადამიანის პატივისცემას და შიშს იმსახურებდა.
1910 წელს დაიბადა ბებიაჩემი მარიამ-მანანა, ძველ გავაზში. ექვსი წლისა
სკოლაში წავიდა. იმას კარგად ახსოვდა მისი დიდი დიდედის კალთაში მოკალათებულს რამდენჯერ
ამ სანატრელი სურათებიანი ზღაპრის წიგნის სმენასა და თვალიერებაში ჩასძინებია, თუმცა,
გასაოცარი ის არის, რომ ბარბარე ბაბოს წერა-კითხვა არა სცოდნია. აბა, რას უკითხავდა
ბადიშსა?! მას მთელი ეს საოცნებო და მისთვის კი უკვდავების წამალის ძალის მქონე სიმდიდრე
ზეპირად დაესწავლა და მიუხედავად ხნიერი გონებისა და სხეულის პატრონი, ამასაც დაიკვეხნიდა:
თითი რომ მიგეყოლებინა, ერთ სტროფს არ გამოსტოვებდა.
მამის სახლიდან, მამის ხელებით გაკეთებულ რკინის სკივრით მოუტანია ახლადგათხოვილ
13 წლის ბარბარეს ქმრის ოჯახში ეს რელიქვია. კარგად იცოდა რა სიმდიდრესაც ფლობდა და
მის ქმარს, რომელიც საქონლის მწყემსი იყო, კარგა ხანს არც კი გამოუჩინა, არ იეჭვიანოსო
და ცეცხლს ან წყალს არ მისცეს, ნაადრევად არ დამიბნელოს ზეცაო.
აკვანთან თუ კერასთან, ვენახში თუ წყაროზე, წისქვილში თუ დღეობაში, მისი
ფიქრის ორიენტირი მხოლოდ ეს ძვირფასი ხელნაწერი იყო და მას სხვა არანაირი სიმდიდრე
არ აინტერესებდაო. იტყოდა ხოლმეო: რა არის ამისი ფასიო?
როცა გაიგეს, რომ მას სახლში, ძველ სკივრში უძვირფასესი ვეფხვისტყაოსნის
უძველესი ხელნაწერი გააჩნდა, ბევრი გადამთიელი და ქალაქელი შეუჩნდა, სტუმარს კეთილად
უმასპინძლდებოდა, მილიონ არაკს, ზღაპარს და ლექსს ჩაააწერინებდა, მაგრამ ზრდილობიანი
უარით ისტუმრებდა უკანა გზაზე.
ბოლოს, როცა ერთ დილით თქვა: სიზმარი ვნახე, ჩემ წიგნში ჩასვენებული მივირწეოდი
ლამაზ ბაღ-ვენახების თავზეო და ვიცი, რომ დიდი დღე აღარ მიწერიაო, იცოდეთ, კარგად დაიმახსოვრეთო,
მოვკვდები და ამ წიგნსაც თან ჩამაყოლებთო.
მისი სიტყვა კანონი გახლდათ ოჯახისთვის, სხვანაირი სიტყვების ძალის მქონე
გახლდათ. მისი ნათქვამი ცხადდებოდა და ბევრი მიეთ-მოეთი არ უნდოდა, რომ ესეც, უკანასკნელი
სურვილი უნდა ასრულებულიყო.
შეუსრულეს.
ასმათი ზებრა:)
ReplyDelete