ლაზარე


დიდება და ღმერთსაც დიდება,
აღარ გვინდა ტალახი, ღმერთო მოგვეც გოროხი.
ფეხს დავკრავ და ფრიი, გუმბათს ვარ აკრული
დოინჯშემოყრილი,
ხელები არც მაღლა, არც ქვევით
რა მაქვს სამადლო და სამათხოვრო,
მე ვარ ლაზარე თიხა-გამომწვარი კაცუნა
ქალების სათამაშო.

დიდება და ღმერთსაც დიდება,
აღარ გვინდა ტალახი, ღმერთო მოგვეც გოროხი.
თეთრი თავსაფრები თავზე წაიკარით,
თმები დაიმალეთ, ჭინკების დებო,
ჭიპთან მაქვს ხელები წრესავით შემორტყმული,
ჩემი ქამარ-ხანჯალია, ჩემივე ძალა.
მე ვაერთებ ყველა სრუტეს და ყველა ეკვატორს,
მე პოლუსების სარტყელზე ვდგავარ.
ფეხზე გაიხადეთ ტყავის ქალამნები,
ქალებო, მომღერალნო,
ფეხშიშველანი და თავდაბურულნი გამომყევით
ნელი როკვა-ტაატით,
შეხსენით ყველა სახლის ჭიშკარი.
მე ვარ ამინდისა და ტაროსის კაცუნა,
მე ვარ შუაწელი, ზესკნელის, ქვესკნელის.
თუ გსურთ, რომ თქვენი კაცები ომიდან,
დაბრუნდნენ უკლებლივ, არც ერთი განაკაწრით,
თუ გინდათ, ბერდედებს ნატირალის სურვილი გავუქრო,
თუ ლოცულობთ, აკვნის ბალღებს სიკვდილის სუნი მოვაცილო,
თუ ნატრობთ თქვენი მამების საფლავები ცეცხლმა არ გადაბუგოს,
რომ უფალს ქადა-ნამცხვარივით თქვენი სურვილები,
თაფკა-კვერებად ტკბილად ჩავუკაკლო.
მომაწვდინეთ ნადედარი იავნანინა:
დიდება და ღმეერთსაც დიდებაა.
მადლი ღმერთსა.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო