თეოს



რატომღაც შეგნატრე, უცნაურო,
რაა დასამალი,
ან შენი ბედი დღეს ვის შეშურდება.
ცისფერი ეკრანიდან, თქვი: რომ ფერადი ფშავი გელოდება,
იქეთ ცაბაურთა მთაა  მოქრუშული, უშენობით.
ვერც შენ ძლებ ქალაქის
უმზეო ქუჩებსა და ყინულეთში.
ან როგორ მღეროდი, ან როგორ ფარდაგებს ქარგავდი.
თვალები ცოცხალი ჭინკებით სავსე მუგუზლები,
რომ შემომანათე, იმ დღიდან მახსოვხარ,
დობილო.

და, როცა, შავ არაგვს, ხატობის წყალობას ატანდი,
და, როგორც, წარმართი დედების ჩვეულება დასაძრახი:
წყალმა წაიღო წასაღები.
გულში ჩაიკარი დასარჩენი,
ჯერ ძუძუში რძე არ გაგშრობია.
სიკვდილის ჟამს გულზე დასაკონად,
რომ დარჩე ლამაზი.
ამისთვის პატარა ხელებში დაგრჩენია.

ხევები აღმუვლდნენ, ხმით დაგიტირებენ
ხევსური კაცები.
ხეებით დაბურულს
გუდანის საჯვარეს დუმილით ამოვიცნობ,
კლდის ნაფლეთ ლოდებზე, შემოუწყვიათ მდინარის
თეთრი ქვები, მოგინიშნეს -
ორშვილიანი ქალთამზე,  უშვილ-ძიროდ რომ გადაეგო.

როცა თებერვალში, 
როგორც ლამაზქალა  კაბის კალთას,
შავმიწა თოვლის საფარს იმოკლებს,
და, როცა საწუთრო იზრდება, სიცოცხლე ნებივრობს,
შატილის სოფელში მამლები როცა იყივლებენ,
საგანათებოს,
წითელი ყვავილები იშლებიან,
ერთმანეთს ისე ჩახვეულები,
ისე სიყვარულით ახლართულები,
ისე სიცოცხლეს მოჭიდებულები,
ისე, დედა-შვილივით.
გინდა, რომ სამზეოსკენ მამის
დილის სიზმარივით ამოცხადებულებს
ხელისგულები მოუჩრდილო და
მარტოსული ფრინველის  იავნანა უმღერო.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო