შიდა საზღვრები. სამიზნე
წითელნიშნიან შლაგბაუმთან, ჩაფხუტიანი მოძალადე,
გტოვებს გონების თვალის
ამარად.
თითქოს სხეულის ის ნაწილი ჩამოგათალეს,
სადაც სულია.
ღია იარით. გზა დაკეტილია.
ნაბიჯით იარ.
თუმცა, საითკენ, საით?
ჩრდილოეთით თუ მზე არ
ამოდის,
სამხრეთით
დგომა აკრძალულია.
დასავლეთით ფოლიანტების ლოცვა უხმოა.
არჩევანი –
აღმოსავლეთით განთიადისას – ალილუია.
წრეში, როგორც მოჯარებული, თანაც
სამსხვერპლოდ გამზადებული, საითღა
წახვალ,
რომელ მხარეში?
იქ, მთის
მწვერვალზე დგას სალოცავი,
წინაპრის ხელით აგებულია.
იქ, საფლავის ქვებს ენატრებათ სანთლების სუნი.
იქ, ყოველ ღამით ვარსკვლავთკრებული,
მიტოვებულ სახლებს უამბობს,
რომ ჩვენ ვარსებობთ, აქვე, ახლოში.
სამშობლოშივე ვართ ლტოლვილები,
შინმიუსვლელი დევნილები და მოკვეთილი კიდურებივით
მაინც
ვატარებთ მიწას, სადაც ოდითგან ვსახლობთ,
სადაც მოწმედ დაგვიდგება ახლად მოწამე.
უკანა
გზაზეც,
საცალფეხო ბილიკებით უღელტეხილებს შევუდგებით,
შემოვლით გზებით გადმოვივლით გაყინულ ტყე-ღრეს –
როცა აგვყარეს, ვერ მოვასწარით, ისე ვჩქარობდით,
მიწის ზევით
დაგვრჩნენ მკვდრები.
წესს რომ ავუგებთ,
ღვთის კანონის ავან-ჩავანით,
სამშობლოს სისხლით გავუმთელდებით.
ვერც ერთი რკინის ბასრი კედელი,
ვერ შეაჩერებს უხილავ ლტოლვას,
ხელოვნურ
ჯებირს გაარღვევს
რწმენა.
ვერ
მოერევა გამყოფი
ზოლი,
მიცვალებულთა უენო ამბოხს.
და თქვენ,
ვინც გვხვდებით,
ვინც უჩვენობამ გამოგცვალათ,
ხელცარიელნი
როდი მოვსულვართ,
მოგვყავს
შვილები,
უდაბნოს სიმწრით გამოზრდილები,
ძილის წინა
ზღაპარსა თუ სიზმარში ცხადის
ასახდენად
ჩავამწკრივებთ ახალ ფორპოსტზე
და სინანულის ცრემლის ხიდს მოვქსოვთ,
შერიგებისთვის გვქონდეს ადგილი.
Comments
Post a Comment