საჩეჩელი


სოფლის სახლის უკანა ეზოში,
მარნის კართან,
პაპაჩემი ზის ხის დაბალ სკამზე,
მას სიარული აღარ შეუძლია.

უთენიას,  სათონეზე სხვენს,
მამა და ბიძა ნაფოტ-ნაფოტ შეესიენ.
ჩამოიტანეს პაპაჩემის დედის და მამის
ნაქონი ნივთები,
ჩამოზიდეს საუკუნეების წინანდელი სკივრები
თითისტარებით,
ფერადი ძაფებით გატენილი.
ჩამოიტანეს სანთლებისა და ფიტილების
ტომრები.
მიწას იასამნისფერ კვალი გაავლო დაფქვილმა
საკმეველმა, მომეჩვენა რომ მიწა გაიპო,
მიწამ იყივლა.

თონის ამოღება შავ-თეთრ სიზმარში
აღარ მახსენდება,
მხოლოდ იმ ადგილას  დიდი ორმო,
ვეებერთელა ქვების გროვით ავსებული დარჩენილა.
ძლივს ვარჩევ,
ბოროტ დედინაცვლის მონაყოლ ზღაპარს ჰგავს,
კერიას ნაცარიც აღარ აქვს.

თავისი „ზილი
მეზობლის მსუქან ბერბიჭასაც ვერ უცვნია,
თითქოს სახლის უჩინარმა, უხუცესმა ბინადარმა
გუდა-ნაბადი დააკრა,
სხვა დროში და სხვა ისტორიაში
გასაბარგებლად.
პაპაჩემი ზედაც არ უყურებს შვილებს,
არც ნივთებს,
არც მანქანას.
თვალს არ მაცილებს,
მე მასავით დუმილის პროტესტით
ვთამაშობ ქვიშაში, კარგად მახსოვს,
ვცდილობდი თვალებში ჩამეტოვებინა,
საჩეჩელი,
რომელსაც ეკრა ჟანგიანი ლითონის ფირფიტები,
რომელსაც კბილებზე,
მატყლის ბღუჯა ჰქონდა შერჩენილი,
რომელიც ახლად გატეხილი კაკლის ლებანივით
გამობრწყინდა -
იდედას წენგოიანი ნათითურები ემჩნეოდა.


მორიგ სამთვარეულოსას,
ჩემი ხერხემლის თორმეტივე მალაზე
ამოვიყვანე სათონე, სხვენი და ძველმანები,
გამოვფინე ფარდაგები, მზის წითელ იეროგრიფებით,
საჩეჩელიც გამოვდგი და პაპის თვალებიც
მივიხატე.

როცა მივდივარ, უკან მივიწევ.
როცა თმზე ზამთრის ჭირხლი
აღარ გადამდის,
როცა ორად ვიკაკვები და ნაოჭები,
ჩაბერებული სიყვარულის სიჯიუტით
ამომდის ტანზე,
მაგ დროსაც კი როდი  ვარ მარტო.
ზურგით მომაქვს ჩემ ბავშვობ
დამარხული: - საჩეჩელი არ ააგდოთ.
მაგრამ პაპა ჩუმადაა, არ მესარჩლება და
მეც ვუშვებ უტყვი ნებართვით, იმ საჩეჩელს
მოუსავლეთში.
იქ, ნებ ახლავს, თავის პატრონს
კალთაში უდგას და
ჩემს ამბებს გულდაგულ წეწენ ორასი წლის
ბებოს თითები,
ასუფთავებენ თვალ-ბოროტისგან.
და ამ უცნაურს, ზურგზე ბარგით,
მასთან მისასვლელ გზას მიიოლებს.
ხის ძელურაზე, მის გვერდით მჯდარი
ერთადერთი შვილი,
ჩუმად ყოფნით, ხმამაღლა ამბობს
და საჩეჩელისკენ თვალებს აპარებს:
- აი, პატარა პაპას ოქრო,
ეს საჩეჩელი რატომ არ გერგო.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო