ნანაჯოგად


ხანდახან იცოდნენ გადაკარგვა,
ნივთებმა სახლიდან. ეზოდან,
ისე გაქრებოდნენ,
თვალის შევლებას ვერ ვასწრებდით,
ვეღარავინ.
ბებიაჩემი ფუსფუსებდა, მოინაკლისებდა,
უყვარდა,
ძველი ნივთების მტვრისგან წმენდა,
მზეს გადგამდა.
- რა ნანაჯოგად დაიკარგა;
როცა ვერ ნახავდა, ბუტბუტებდა.
ვინ იყო ნანა ან რა ჯოგი
ჰყავდა და ნივთებს რად გვპარავდა,
ამის საკითხავად მოხუცებულს
სიზმარში დავეკითხე, სულმა მითხრა:
„მეც ჩემი დიდედისგან გამიგონავს,
ქრებოდნენ უწინაც უცნაურად.
სახლიდან, ეზოდან, სათონედან,
გობები,  თუნგები, ხელცულები,
სპილენძის მოჭიქული ქვაბები და
იცოდა გამოთქმა, რა ნანაჯოგად,
დავკარგე საყვარელი ჯიბის დანა.”
დილიდან ვუზივარ კომპიუტერს,
ვიკიპედიას ვუკირკიტებ:
თურმე ძველ ლაზებს სწამდათ
ნანასი,
ადგილის დედასი, ლამაზ ღვთაებისა.
ნანას ჰყავდა ჯოგი, ოღონდ
ეს ქალღმერთი,
ცხოვრობდა ზღვის  წყალწყალა სოფელში.
მესეფებს ეძახდნენ კოლხები, არსებებს,
რომლებიც ზღვიდან საქონელს მოდენიდნენ,
სამი დღით, მიწაზე, ტყეში სახლდებოდნენ,
მიწიერთ, ხორციელთ ნივთებსა სტაცებდნენ და
მერე უკანვე, ზღვის სახლის გზებისკენ,
საქონელს ჯოგად გაირეკავდნენ.
საიდან იცოდა,
ბებიაჩემის დიდედამ,
კავკასიის მთებში გამოზრდილმა,
ამ ზღვის არსებების არსობის ამბავი,
არავინ არ იცის.
ერთია, ხანდახან იცოდნენ გადაკარგვა,
ნივთებმა სახლიდან. ეზოდან,
ისე გაქრებოდნენ,
თვალის შევლებას ვერ ვასწრებდით,
ვეღარავინ.
ბებიაჩემი ფუსფუსებდა, მოინაკლისებდა,
უყვარდა,
ძველი ნივთების მტვრისგან წმენდა,
მზეს გადგამდა.
- რა ნანაჯოგად დაიკარგა;
როცა ვერ ნახავდა, ბუტბუტებდა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო