დეკალოგი
Gk. deka და logos
"ათი" და "სიტყვა, მოძღვრება" - ბიბლიის ათი მცნება.
„წუხელი სიზმარი ვნახე,
ნეტავ, დედავ, რაო?” - ფოლკლორი
ფარავნის ტბასთან წმ. ნინომ სასთუმლად „ლოდი“ დაიდო და ესიზმრა კაცი, რომელმაც დაბეჭდილი წიგნი გადასცა. (დეკალოგი).
ნეტავ, დედავ, რაო?!
წუხელი სიზმარი ვნახე,
იქ სიტყვებმა გაიხარეს, ვარდ-შროშანებსავით,
ქართველთ მხარეს, თოვლიან მთებს,
შემოადგა ქარი, ლამაზ სახით,
ნორჩი ქალი, ღრუბელთ მომავალი.
წუხელი სიზმარი ვნახე,
ნეტავ, დედავ, რაო,
არცა მამაკაცებაა, არც დედაკაცება,
სულიერი არ ჭაჭანებს ქვეყანაზედაო,
ერთნი გავხდით,
ჩვენ ყველანი, ბავშვი, ქალი, ყრმაო.
ნეტავ, დედავ, რაო?!
წუხელის სიზმარი ვნახე,
მოდიოდნენ ქართლის გზაზე
კაცნი მოსაგრენი,
ქვით, ირმებით, მგლით, ხატითა
ნათელსცემდნენ ადგილს,
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,
ნეტავ, დედავ, რაო?!
წუხელი სიზმარი ვნახე,
ნათელი გამოუბრწყინდა წარმართ შენსა ერსა,
ზედ დიდებად ისრაელისაო.
ნეტავ, დედავ, რაო?!
წუხელი სიზმარი ვნახე,
ქადაგებდნენ წმინდა წიგნსა
სასუფეველისას, ყოველს სოფელსაო,
ნეტავ, დედავ, რაო?!
წუხელი სიზმარი ვნახე,
ბანებზედ და შუკებზედაც გადმომდგარიყვნენო,
ქალი, რძალი, კაცი, ძე და ერთსულქმნილი ერი,
იწყნარებდნენ ნორჩ ალვის ხეს,
ცად ჩამოქნილ ტანსო.
ნეტავ, დედავ, რაო?!
წუხელი სიზმარი ვნახე,
რა ძალიან უყვარს უფალს, მარიამი, ვხედავ,
მარადის მის ჭეშმარიტ სიტყვას ყურს რომ უგდებს.
ნეტავ, დედავ, რაო?!
წუხელი სიზმარი ვნახე,
უეცრად, მოგვსწყვიტეს ხორცნნი, არ გვეშინიანო,
რადგან უკვე სულნი ჩვენი ვერ მოწყვიტონ მათო,
ნეტავ, დედავ, რაო?!
წუხელი სიზმარი ვნახე,
იესო მაგდალინელს ეუბნება ასე:
წადი და ახარე
დათა ჩემთა, შენ დედაკაცოო.
წუხელი სიზმარი ვნახე,
ნეტავ, დედავ, რაო?!
ვიქადაგოთ უნდა ყველგან,
რომ გადავრჩეთ, შვილო,
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,
ამინ!
ამინ!
Comments
Post a Comment