Marching Song
რაც არის, ეს სულ მოგონილი ამბებია,
ჰქვია ჩემი.
არც ჯადოქარი ვყოფილვარ და არც დედოფალი,
არცა მქონია მისნობის ძალა, არც მრქმევია მეფის ასული.
მამაჩემია, სულ ბაქი-ბუქობს.
მისი ცხენი,
უბრალო მჭედლის ნალებითაა დაჭედილი,
რა ღრუბლების და ელ-ჭექის მბრძანებელი?!
მისი ხმალი ქაჯებს ბუნაგში წაუღიათ,
ნაბდის ხმალი. ჩვილებს ახვევენ.
მე ობოლი დავიბადე. ასე მე მოვიგონე,
ვის უნახავს ხორციელი გაჩნდეს ჰაერზე?!
წითელ მხარეზე დედაბერი სხვა ამბებს თხზავდა,
დედა ჰერაზე.
მე მეგონა, ქალად მძერწავდა,
ის დედაბერი ფაშატის ფაშვში გამაზამთრებდა.
მის ზღაპარში თეთრი იყო უმანკოება,
ჩვენ მისთვის თვალი არ მოგვიკვრია.
აი, შავი კი ნაცნობი და შინაურული,
ჩვენი ფერია, ჩვენი არსობის თანმდევია.
შავ ფერში მოვწნავთ ახალ სურვილებს,
დაბადებამდე განწირულებს.
წითლის ჯერია.
ჰქონდათ სისხლი ტყვეებს, მამრებს, რომლებიც
დაეძებდნენ უკვდავების წამალს და ჯადოს,
ავურევდით ხოლმე მკვახე ხილს,
დავუტკბობდით ენების ნახარშს და ახალ მთვარეს,
როცა წყლები აწყდებიან ჯებირებს,
როცა მიქცევ-მოქცევაა, მათი სისხლი დუღდებოდა,
გადმოდიოდა, ძარღვებიდან მოჩქეფდა და ჩვენ,
მე, დედაბერი -
სისხლის ახალ საღებავით ტუჩებსა და ლოყისთავებს
ვიწითლებდით, ვიფერადებდით.
ჩვენ, დედაბერი და მე, ორი მაჯლაჯუნა უკვდავი,
სიყვარულს გამსკდარ შავ კლდეში დაემალა,
შავეთის ბრძანებელს ვყვარობდით.
წითელი, თეთრი, შავი - რა ფერია,
არაფერია.
მე მოვიგონე, მე მეზღაპრემ,
მუცლითმეზღაპრე ქაჯთა დედამ შემასწავლა
არყოფნის ენა.
და ახლა, როცა,
მე დავეძებ ქარნაკრავ საქმროს,
რომელიც ხელებს არასოდეს იჯვარედინებს,
რომელიც გარბის და უძველეს კატაკომბების
ჭიკშართან მდგარი, ისევ ყოყმანობს.
ხორციელი ბურანიდან გამოვიგნებ და
საკუთარ სიკვდილს გამოვიგონებ.
Comments
Post a Comment