ვარადა ვარადას შესახებ



დავიწყოთ  აქედან
ბავშვობის შავ-თეთრ ფოტოებს, მთლად შავ-თეთრსაც ვერ ვუწოდებ, უფრო ეს იყო სერია, ე.წ., მე ვამბობ, რომ იქ ნათლად ჩანს ჩემი მომავალი ცხოვრება. სახე ატყვია და თვალებისა და ხელების მოძრაობაზეც ვიშიფრები.
ნებისმიერ ადამიანს, სულიერს, ეს შეიძლება ფრინველებზე და ცხოველებზე, ხეებზე და ქვებზეც კი განავრცო, ეძლევა, როგორც სხეული და სხეულის ნაწილები და როგორც სული, ასევე ღმერთისგან თავისი ნიშა, დაბადებიდან გარკვეული გამოყოფილი აქვს ამ დედამიწაზე. ეს არის ე.წ. ადამიანის მისია.
მაგრამ ნახე აბა, ქვებს როგორი მისია აქვთ?! ისინი სახლებისთვისაა და საფლავებისთვის.
ხეები, ჩვენი ჟანგბადია და ჩვენი კუბოც.
ფუტკარი რა მაგარია, გაჭმევს და მერე სანთელს გაწვდის სამოთხისკენ მიმავალ გზაზე რომ ემანდ შემთხვვეით იმ ქვას ფეხი არ წამოკრა, რომელიც გულზე გადევს.
სიცოცხლე წყლით მოდის, ცხრა თვე წყლის ცხოველი ხარ ადამიანი, მერე კი მიწისა. ცხრა თვე ადამიანისთვის და ცხრა რიცხვი უფლისთვის, ხო არის საკრალური.
ცეცხლი გამოწრთვნის, გამოახმოს, გამოაშრობს და ცეცხლი გადაბუგავს, გაანადგურებს, მოსპობს. დატოვებს ნაცარს და ნაცრიდან და ფერფლიდან აღდგება.
ასეა. ნებისმიერ ადამიანს ეძლევა თავისი ნიშა, საიდანაც შეუძლია, რომ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვა-გამგეობაში, წვლილი და ენერგია გაიღოს, ილოცოს და სხვაც ალოცოს, დაბადოს და გაზარდოს, შექმნას და გაანაწილოს. ეს უკვე მასზეა. მის გონებაზე, მიხვედრილობაზე და ადგილისა და საკუთარი მისიის პოვნის ბედნიერ შემთხვევაზე.
ჰაერი? ლოცვის დროს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, მათ  სწორ განაწილებას, ენერგიის წარმოთქმა და მართვა შეუძლია.
თუმცა მიწას აუხსნელი, გამოუკვლევი როლი აქვს ადამიანის ყოფაში. მთელი ცხოვრება ეჭიდები მას, მას სადაც იცი რომ მოვა დრო და როგორც სათესლე კარტოფილი უნდა განთავსდე.  აქ, მუდმივობისა და წილადის, ერთი მთლიანისა და მისი შემადგენელი ნაწილაკების საიდუმლოა. ცის ვარკვლავები ადამიანებივითაა, არის ასეთი ბედის ვარსკვლავი. ხალების განლაგება სხეულზე, შენი თანავარსკვლავედის და კოსმიური ენერგიის წყაროს წარმოადგენს,
ხანდახან მგონია რომ ის რაც ხდება მიწაზე და ცაზე დაკავშირებულია უხილავად იმისთის, რომ ადამიანმა შეძლოს სიცოცხლე, თუმცა მიწის ქვეშ, სხეულის ამოფარება, რომ სული განთავისუფლდეს, აი, ამის საჭიროებას ვერ ვხსნი.
მწერლობა შემთხვევით არ გადამიწყვეტია, ჩემმა გარდაცვლილმა პაპამ მირჩია.
ასე, იყო. მის არქივში, მის ხელნაწერ ავტობიოგრაფიას გადავაწყდი. წერს მშრალ ფაქტებს და ისეთი მხატვრულობაა, შეშურდება კაი გვარიან მწერალსაც. თორმეტ დედ-მამიშვილიდან ეს ერთი, ნაბოლარა დავრჩენილვარ ჩემს მშობლებს, ვარ დედისერთა. მეთქი, ასე ერთ წინანადებაში მთელი წიგნი, ეს ნიჭია და მე რატომ არ შეიძლება წინაპრისგან ეს ნიჭი დამყვებოდეს-მეთქი?! აი, ასეთ ეშმაკურობას მივმართე და გაამართლა. მართლა. მე ახლა ბებიაქალი რომ ვიყო, თუ გინდა ვიყო ქუჩების გამნათებელი ან დამკრძალავი ბიუროს შეფი, აი, ამ წერას მაინც ხომ აყვანილი ვეყოლებოდი?! და, მაინც თავსარჩენი საქმე სხვა მაქვს, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება და ელექტრონული გამომცემლობა, მაინც, ვწირავ  საკუთარ თავს და ვწერ.
მე მგონია, რომ მთელი ჩემი შინაგანი და გარეგანი არსებობა ესაა, სხვა ადამიანების უფლებების, სიცოცხლის, უმანკოების, რწმენის  დაცვა.  ამას კი მწერლობის ნიშადან ასე თუ ისე თავს ვართმევ.

და მაინც, საიდან?! კომპასი რომ მქონდეს, სხვათა შორის ნოუთბუქის ეკრანზე გამოვიტანე. ძალიან საყვარელია, ისარს რომ ატრიალებს და პროცენტებს მიწერს. აი, ახლა წავედით ჩრდილოეთით, ახლა კი სამხრეთით.. სინამდვილეში საწოლში ვართ ჩამძვრალნი და გაყინული ხელის თითებით და წითელი ცხვირით, ვკითხულობთ სურამის ციხეს პდფ-ში.
კომპასი რომ, მართლაც, აღმოაჩინო სახლის ძველ ნივთებში და ხელში ჩაიგდო, დაიდო ხელისგულზე და წახვიდე, ისევ ამ ქალაქ-ტიფლისში მოვხვდებოდი?!
კუნძული რომ არსებობდა და გაქრები-გადაფრენა და უკან ანუ სადღაც 1920-იან წლებში, ეს ხომ იქნებოდა ფანტასტიკის სფერო?!
ჭრელ, აღმოსავლურ, მუთაქა-ხალიჯა-ფარდაგ სალონში მოვაწყობდი მხატვრული კითხვის საღამოებს, იქნებოდა ბევრი ჯაზი და აბსენტი. მოვიყრიდით თავს ერთი ვაი-ჭკუისგან რომ გვჭირს და იქნებოდა ღამის თენებები, აქ, აუცილებლად უნდა იყოს თრობითი საშუალება და თხრობითი წინადადება სასვენი ნიშნებით.

იმოქმედე ახლა.. იგრძენი ცხოვრება.. გაისმარტივე სიყვარული
გაეროს ქალთა ფონდი გრანტის მისაღებად კონკურსს აცხადებდა. მქონდა პროექტი, მინდოდა სამადლო სახლის დაფუძნება ჯერ თბილისში, მერე რეგიონებში. ეს სამადლო სახლი იქნებოდა ლიტერატორი ხალხის და ისინი, ღატაკი ოჯახის ბავშვებისთვის გამართავდნენ შეხვედრებს. კვირა დღეს სადილი, წიგნი, ხატვა და სიყვარული. ვერ ვიმოქმედე მაშინ, ახლა კი გვიან არის.
აი, ეს გაისმარტივე არის დიდი ერთუჯრედიანობა. ძველები გართულებულს უფრო პატივს მიაგებდნენ, იმიტომ, რომ ადვილ და იორღას ფასი არ ედო.
აი, ასეთი გართულება მაქვს სიყვარულთან დაკავშირებით. ახლა ხშირად წავიკითხე, სულელებს სჯერათო, აბა უფალი?!

მანქანას აქ ნუ გააჩერებთ
აბა სად გავაჩეროთ?! ეს უცნაური აკრძალვები მახალისებს. აქ არ მოფსათ, ეზოში ავი ძაღლია, მანქანას აქ ნუ გააჩერებთ, აქ ნუ დადგებით - როგორ ყველაფერი მიტაცებულია. მიწის მტკაველი აღარ დარჩა ფეხი დადგა ან მოსაქმება დაგჭირდეს კაცს. ყველგან სათვალთვალო კამერასავით ჭახჭახებს წარწერა აკრძალვის. მალე ჰაერის მრიცხველს დაგვიყენებენ. ეს გამოთქმაა კიდევ ძალიან სევდიანი და ამასთან რეალისტური და სხარტულა.

ვიბარებთ ფერად ლითონს
რა არის იცი?! რაღაც ქართული ისტორიისა და კულტურათა მისტერიასავით არის ეს ფერადი ლითონი, გამოულეველი და აღურიცხავი. რამდენი ფერადი ლითონი და ჯართი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას?! ნაბიჯს ვერ გადაადგამ ყველგან იბარებენ ფერად ლითონს და ჯართს. ხშირად ვხედავთ დიდ მანქანებზე დამაგრებულ გატეხილ რკინის საწოლებს, ძველ გაზებს, რადიატორებს, მაცივრებს.  ვიბარებ რადიატორებს, ვჭრით და ვიბარებთ ძველ რადიატორებს. ვიღაცას გააქვს ისტორია, ვიღაც გვწმენდს და თითქოს ესეც თავის გადარჩენის რაღაც ღვთის სასწაულია.

აი, ფული რომ მქონდეს მე გაყინულ ქათმის ბარკლების ძეგლს დავდგამდი, კვერცხებისა და შლოპანცების გვერდით. ნამდვილად ეკუთვნის გაყინულ ბარკალს ყვავილებით შემკობა, მან ხომ შიმშილისგან გვიხსნა.


თბილისის კონცერტინო
მიყვარს ძველი სვანეთის უბანი, ვორონცოვი, პლეხანოვი. ისეთი სახლებია, ისეთი კარით, აივნით, ფანჯრით და წარწერებით მთელი ისტორიაა. თბილისის კონცერტინო - რა ხასიათზე დგება კაცი?! ცირკი, სანახაობა, კინტო, დოლი, თბილისობა.

ჯიგარ ხანიანი, გულსუნდა ნადარბაზევი და ძაღლების დასაჭერი მარწუხი
90-წლებიდან რაც მახსოვს ეს ჰეიდარ ალიევის სიკვდილია და მისი ვაჟის, როგორც ხონთქრის შვილის ანდერძისდაგვარად გაპრეზიდენტება. გულსუნდა ნადარბაზევი კი არა, უზბეკეთის თუ ტაჯიკეთის პრეზიდენტი. სხვა სახელით და გვარით მაგრამ მეხსიერებაში ასე მყავს შემორჩენილი. ჯიგარ ხანიანიც მე მგონი ხშირად ისმოდა და კიდევ, უპატრონო ძაღლებს რკინის მჭრელი კავით რომ იჭერდნენ, მთელი უბნის ნარკომანობა და ბირჟა რომ ტიროდა და მერე ბუნკერებში გაზით გუდავდნენ - ქუჩის მაწანწალებს ასე დავსჯითო, თითქოს დაშინება იყო, მაგრამ ძაღლები რომ იყვნენ?!

მშრალი ხიდია, კიდე, მე მგონი, ის საყრდენი თუ ღერძი დედამიწასაც რომ აქვს და მგონი ყველას, ცენტრი აქვს მოშლილიო თუ დაკარგული რომ იტყვიან ადამიანზე, თიფლისზე უნდა თქვა მშრალი ხიდი არ მოგიშალოს ღმერთმა. ასე მგონია, ტიფლისელი მარტოხელების გარდაცვალების შემდეგ მათი გაჭირვებისგან დატილიანებული მოხუცი პენსიონერი მეზობლები იტაცებენ გარდაცვლილის ნივთებს, ბეჭდებს, ხალიჯებს, „ხრუსტალს“, ხატებს და მშრალ ხიდზე ეზიდებიან. ეს ძველი ჩრჩინაჭამი ნივთების გამოფენა, ამ ქალაქის განიავებას ჰგავს.
ჩვენ მეორადი ტანსაცმელიც რაღაც ცოდვების გამო გვერგო.

ლიტერატურა და სხვა
ლიტერატურა მოკვდა. მარტო პოეზია კი არა, ან პროზა. როგორც ასეთი ლიტერატურა. ახლა დოკუმენტური ნაწერების დროა. ეს არ არის ცუდი. აღმოსავლური თვალთმაქცური ვარდ-ბულბულიანი და ადამიანის გულის გატუტუცება კაი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო.
წერის დროს ვგრძნობ მეხსიერება მეთიშება. დროებით ვკარგავ გენეტიკას, სხვა რამედ გადვიქცევი ხოლმე, არ ვიცი ეს რა არის, როცა ვამთავრებ წერას, მაშინ ვუბრუნდები საკუთარ თავს და თავზე ხელს შემოვირტყავ ხოლმე, ვითომ აქ ვარ და მე ვარ. ხშირად ერთ სიტყვას მოვუყვანივარ აღტაცებაში, სასწრაფოდ ჩამირთავს ჩემი პაწაწა ნოუთბუქი და დამიწყია წერა. ღამე, ძილ-ღვიძილობისას მოდის რაღაც ფრაზები, მეზარება ხოლმე ადგომა და მოწოდება კომპის, ამიტომ ის ღამეული გაფრენები იკარგება, მერე სიზმარი ყლაპავს მათ. მარტოობის დროს უფრო დიდი გასვლები მაქვს, მაგრამ მიწერია სამუშაო ოთახში სადაც ათასი კაცი ერთად ტატყანებს და ათასი კიდევ ილანძღება და ათასი კიდევ სიტყვების კალამბურობაშია, ჩვენი საზოგადოება გეცნო? ადრე, სახლში კომპი არ მქონდა, ერთ ლარად კომპი არ მქონდა, ხო, ვწერდი სამსახურში და ვაპრინტერებდი, გავდიოდი საპირფარეშოში კი არადა,მმმ. სველ წერტილში ანუ ტუალეტში, იქ ვკითხულობდი და შენიშვნებს ვიმახსოვრებდი, მერე ისევ თავიდან, ასე სანამ ლექსი არ მომეწონებოდა. ასე დაიწერა ჩემი პირველი წიგნი.
დაკვირვებული ვარ, როცა სახლში ვსაქმობ, ან ვრეცხავ ან ვალაგებ ან სადილს ვამზადებ, ამ მოძრაობაში მოდის უეცარი გაფრენები, სასწრაფოდ მაწყებინებს წერას და გამოდის ხოლმე რაღაც კაი.
ადრე სიგიჟემდე მიყვარდა მწერლები, პერსონაჟები კი არა, არც ლიტერატურული გმირები, ახლაც რომ მკითხო ვერ დაგისახელებ ასეთ ლიტერატურულ გმირს, თინეიჯერობის დროს დათო მიყვარდა, ჯიბგირი და სიყვარულის ისტორიიდან, ახლა კი შეიძლება ვთქვა რომ არ მახსენდება, დოსტოევსკი მიყვარს, ბულგაკოვი, მათი პერსონაჟები კი არ მახსენდება, ხო, ამიტომ სიყვარულით დავიწყე წერა. სიყვარულში ხო ბევრი რამე გადამდებია და მე წერის ავადმყოფობა გადმომდეს, ეს ვენერიულზე უფრო საშიშია, თუ არ წერ,  ესე იგი, „ლომკა“ გყლაპავს და სულ არაფრის მნიშვნელობის მაგრამ უნდა კი აუცილებლობისა გამო კი დაწერო.


შინაგანი პროცესი
შემოქმედი ახალ ნაწ.-ზე მუშაობისას, გაუხედნავ ველურ ცხენს არჯულებს და ათვინიერებს., შესაძლებელია ხომ რომ გაიტაცოს, გადმოაგდოს, წიხლი უქნას და დააშავოს, მაგრამ ეს პროცესი ხანდახან გადაკარგვისა და დროის გაწელვისა მიზეზიც შეიქმნების, უცილობლივ.
ისე, გიტაცებს იმ მასალების სიღრმე, მთავარსაც შესაძლებელ არს გაგაცილოს, ეშმაკს ურიცხვი თავისი მანქანები აქვს, რითიც რჩოლას დაგიწყებს, მაგრამ შენ უნდა მოიკრიბო არაადამიანური ძალი და გახვიდე მთავარ გზაზედ.
ეს პროცესი, შინაგანი წვის, ბევრად უფრო საინტერესოა, ქმნადობისა და ღწვის, შემდეგ მზა მასალას ბევრად მირჩევნია. ამიტომ, ხომ არაა, რომ ბევრი საკუთარ შექმნილს აღარ უბრუნდება უკან, იქნებ ღმერთის საქციელიც ასე აიხსნას.


სიკეთე და ფანტაზია
ეს ორი განუყრელი რამ კაცობრიობის სიცოცხლისათვის აუცილებელი თანმდევი სურვილია.
დიდი რამეა, კეთილი კაცი. არ აქვს მნიშვნელობა ანგარებითია ეს სიკეთე თუ გულუბრყვილო, მთავარია სიკეთე იყოს.
    ფანტაზიორებს აქვთ სიკეთის ჩადენის სურვილები. ადამიანი, რომელსაც ფანტაზიების გარეშე ცხოვრობს, ის სიკეთესთან მწყრალადაა.
მე კიდევ იცი რა მიყვარს?! ძველი ქართული სიტყვები. ეს არის დღევანდელობაში სიგოიმე, იქნებ მართლაც ასეა. ტერმინი მისი არ მახსენდება რატომღაც, ხო ხვდები, არქაული, ხო გამახსენდა, მაგრამ უდიდესი კაიფია, მთელი შოთა რუსთაველი არქაულობაა და სრული სიგიჟეა. სხვათაშორის შოთა მაშინვე იმ ეპოქაში სიტყვებით თამაშობდა და სათავისოდ არგებდა, ჭრიდა და კერავდა, რაღაც უცნაური წრე-ბრუნვაში ჰყავს რიგი სიტყვებისა და კაიფობს ძალიან მაგრად, ანუ ენას ისე მაგრად ფლობს, რომ ამ სიტყვების ტრიალი არ ეზარება, ამას ახერხებს კიდევ გურამიშვილი, ეს მეტასიტყვობანაა. გურამიშვილის საერთოდ მე მგონი თავისი ენა აქვს. რაღაც ზეენა. ორივეს სიტყვების დიდ აუზს ვეძახი, გოგირდოვან აუზს, იმიტომ, გოგირდოვანს, რომ რაღაც უცნაური მისტიური და საშიში სიღრმე აქვს და იცი, ქვევრს სანამ გაწმენდა მამაჩემი, ქვევრის თავზე გოგირდს ახრჩოლებდა, ეს იცი რატომ?! მერე დაწურულ ყურძენში უხსენებელი რომ არ ჩამძვრალიყო და ქვევრი არ წაებილწა. გოგირდის სუნზე  ფრთხება და მიდის, ხოდა, შოთა და გურამიშვილის სიტყვების აუზსაც ეს გოგირდის სუნი აქვს, ბოროტი ვერ ეკარება.


პროზა თუ პოეზია
არც ერთი.  იმიტომ, რომ ორივე ერთია. როგორც ღმერთი ერთია, ასევე. მე მიყვარს როცა მკითხველი მომყვება. მისმენს და ჩემთან ერთად ცდილობს ახალი რამ თქვას, გამოიგონოს. მე მიყვარს მკითხველი რომელიც მეკამათება და არ მიჯერებს. ამიტომ, ჩემთან ყოველთვის ორი საწინააღმდეგო დინებაა, რასაც ვწერ, ქვეაზრად მის საწინააღმდეგოს ვდებ, რათა მკითხველმა არ მოიწონოს და ქვეშრეებში საინტერესო პლანს წააწყდეს. პლანი რა არის?!


შენი „ქვეყანა” _ ქალაქი, ხანა, მკვიდრნი შენს წიგნში
ისეთი რამეა შენ წერ, მაგრამ საბოლოოდ მისი სცენარით დაწერილ წიგნში ამოყოფ თავს.
ცხოვრება თვითონ გთავაზობს სცენარს, გარშემო დიდი დოკუმენტური კინო მიდის, მისი სცენარის ავტორი უხილავია, შენ მას რაღაცეებს პარავ და პლაგიატორობ, საბოლოოდ კი ისევ ის უხილავი გკარნახობს, შთაბეჭდილება, ადამიანებისგან მოსმენილი ამბები, თავსგადახდენილი უცნაურობები, ეს ყველაფერი სხვისი ხელით გეგზავნება, თუმცა ამას ვერსად გაექცევი, სულ რომ მეთორმეტე საუკუნის ციხე-გოჯში გამოიკეტო. შენ თვითონ ხარ ის ეპოქა, ქალაქი და მკვიდრი. მე, 15 წელი ვიცხოვრე სოფელში, გაუსაძლის დროს, სრულ უშუქუბასა და შიმშილობისას, როცა კალენდარზე 1992 წელია და შენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დროინდელ ტექნოლოგიებით არსებობ, ნავთის ლამპა, კერასინკა, ცეცხლი და ჭრაქი. ისე კაი სათაურია ცეცხლი და ჭრაქი. ან ნაცარი და ჭრაქი, ახლა თექვსმეტი წელი ხდება ქალაქში, თან ქვეყნის მთავარ დედაქალაქში ვცხოვრობ და იცი რა მინდა გითხრა, აი, სოფელი, ქალაქი ერთი ჩიტობაა. მთავარი სხვა რამეა. იმედი მაქვს იმ მთავარისკენ მივყავარ დინებას, მე ხომ სულ დინებას მივყვებოდი.  


რუსთველი და აღმაშენებელი
ესე ამბავი სპარსული.. შოთას იუმორი მხიბლავს, მისი პოეტური ფანტასმაგორია. სიკეთე, ერთი ღმერთის იარაღი, ხოლო ბოროტება ურელიგიო. ავთანდილის დუალისტური ანარეკლი, ბიბლიური ადამიანის განცდების ხორც-შესხმა ტარიელი.  სარკე. არაბულ-სპარსულ-ინდური - ერთი მთავარი ღმერთის სიკეთე და მასთან დაპირისპირებული ძალა - ბოროტება.
ტარიელის ვაჭრად შესვლა ქაჯეთს, აღმაშენებელმა კიდობანში ჩასვა მეომარნი, თავად ვაჭრის ტანსაცმელი გადაიცვა და ასე მიადგა დარიალის ხეობას, ციხეს და გააღეეს ლეკებმა ციხის დიდი ალაყაფი და შეუშვეს ვაჭარი. მეფემ კიდობნიდან ამოუშვა ასი მეომარი (ტროას ომი) და გადაბუგა ციხე, ჩამოხსნა კარი და ლეკებს აჰკიდა და ჩამოატანინა გელათში.
გეცნოთ?!
ამირანის და დევის ქალის გაბაასება? ვაჭარი ვარ, ტანტრე მქვია.
რუსთაველი დროში მოგზაურობს, ის არ შემოიფარგლება თამარის ეპოქით, იყალთოს ნასწავლი მეცნიერი, განა აღმაშენებლის გვერდის ავლით შესძლებდა უმთავრესი პოემის დაწერას? ვერ. ჯვრის იერუსალიმის მონასტერიც და იყალთოს აკადემიაც არის დავით აღმაშენებლის დაარსებული.
ვეფხისტყაოსანში ქართული მითოლოგია არის ქრისტიანულ რწმენამდე აყვანილი - ნეოპლატონიზმი. ბერძნული მითოსიდან დავარ-კირკეს სახე და მედეა-ნესტან-დარეჯნის განსახება - ნესტან-დარეჯანი სპარსულია და ნიშნავს - (ნესტ-ანდარი-ჯეჰან - არ არის ქვეყანაზე - მისი მსგავსი თუ უებრო არაამქვეყნიური?)  შაჰრიერი ანუ ტარიელიც სპარსულია და ნიშნავს ხელმწიფეს.
პოემა ქორწილით მთავრდება.
ეკლესია და მონაზნობა ნიშნავს დაქორწინებას იესოზე ანუ ეკლესიაზე. სასიძო-სარძლო. ერთარსს. ქალ-კაცის გაერთიანებით ხდება სრუყოფა ანუ ღმერთთან მიახლება.
ნებისმიერ რაინდულ თუ სამიჯნურო ეპოსში ჩვენ იშვიათად ვხვდებით ქორწინებით დაგვირგვინებას - მხოლოდ ქართულ ზღაპრებს აქვთ კეთილი ბოლო.
ხალხურ ვეფხის-ტყაოსანში კი საქმე უფრო მითოსშია, ძველ ამბებშია და ალეგორიული, აპოკრიფული ბიბლიის ანუ ძველი აღთქმის ნაწილს - წარღვნას უკავშირდება.
ქართველების ისტორიაც ხომ იწყება ასე, იაფეტურად, როცა ნოე შვილებს კიდობნის გარეთ გამოუშვებს. ხალხურში ტარიელი ჰქვია და მთელი პოემა ამ ღმერთივით მამაკაცზეა. ნესტან-დარეჯანი კი მზე-ქალაა. მაცილები მზე-ქალს კიდობანში მოტყუებით შესვამენ. მზე ბნელდება.
ტარიელი თუ უფალია, თითქოს ავთანდილი იესოს სახეა, რომელიც ეხმარება ქაჯეთში ჩასვლა რომ შეძლოს უფალმა და იქედან დატყვევეული მშვენიერება ანუ აბსოლიტური სიკეთე, როგორც მრავალჭირგამოვლილი არისტოტელე იტყოდა გამოიხსნან და ამას შეძლებენ. კიდევ, ერთი. ეკლესიაზე ქორწინება ასე ჰქვია მონოზნობას და ტარიელის და მზე-ქალის ქორწილიც სავარაუდოდ აქეთკენ მინიშნებაა.
დავით აღმაშენებელს პროგრამა გიორგი მთაწმინდელმა დაუწერა ორი საუკუნით ადრე, ხოლო რუსთველს იდეები ნეოპლატონიზმით გახურებული დავითმა და მისმა სემინარიის ლექტორებმა იოანე პეტრიწმა და არსენ იყალთოელმა მიაწოდეს. თამარი შოთას შთაგონებაა, რამაც გონი აუმღვრია, ქართულ მთის მითოსიდან ამოიზარდა ნერგი, რომელმაც ქრისტიანული ნაყოფი მოისხა.

წიგნები
პირველი წიგნისა ბევრი არაფერი. არც კი მინდოდა. ძალითძალათ გავაკეთე. თან რედაქტორმა, როსტომ ჩხეიძემ აკი დამიწერა დაგვიანებულია ასე ათი წლითო და კიდევ არ ვაპირებდი.
თუმცა კარგი სამკარედიანი წიგნი გამოვიდა, ქრისტინე რობაქიძეს შესანიშნავი ილუსტრაციებით.
მეორე წიგნი უფრო ხულიგნურია. სწრაფად. მარიამ წიკლაურის წიგნზე რეცენზიას ვწერდი და უცბად მომწერა მარიამომ რომ დაურეკე გამომცემელს, თანახმაა შენი მოთხრობები დაბეჭდესო.
მოკლედ. ასე.
ეს წიგნი უნდა გამომეცა. აქ ნამდვილი შთაბეჭდილებებია. აქ, ცოტაა ძაან მოგონილი ამბავი და უფრო მეტი ნამდვილია, თუმცა თავისებურად გაზქურაზე მიმწვარ-მომწვარი.
ამ წიგნისა ის ვიცი, რომ ჩემ სოფელში გაიყიდა. წაიღეს, ბავშვობის მოგონებები შერჩათ, მათზე იყო, გადაშალეს და სარკე დახვდათ. ბევრს უგრძნო გულმა, ვერაფერი კი ვერ გაუგო, მაგრამ ქვეს რომ ეს რა არისოო, რეები დაუწერიაო. ბევრმა გაჩუმება ირჩია, სკოლის ფილოლოგმა კი გემოვნებიანმა მკითხველმა, დიდი ხანია ასე წიგნი არ მომწონებიაო.
ეს წიგნი, სწორედ, იქ მოხვდა, სადაც უნდა მოხვედრილიყო. მ სოფლის ოჯახების ბიბლიოთეკებში უნდა დაედო ადგიილი.
ადგილმონაცვლეობა მწერლის აუცილებლობა რატომაა? როცა ტოვებ გარემოს, და ფიზიკურად გადაადგილდები, სული ჯერ ძველ სანახებში რჩება, მერე იწყებ წერას ქვეცნობიერით და უფრო ღრმად დაზუმავ ამბებს. აი, ქალაქში სულ რამდენიმე მოთხრობა მაქვს, დანარჩენი 15 წლის წინანდელი სოფლის თავგადასავალია, ახლა ამ ქალაქიდან რომ ავიბარგები, მერ დავწერ ამ ქალაქზე, როგორც ჯოჯოხეთის კარიბჭეზე.

ბოლოს
აიი, ამ ბოლოს კი უკვე საკუთარი პოეზია ხდება ჩემთვის შთაგონება. ვკითხულობ ძველს და ვწერ ახალს. ეს ალბათ ცუდია, წრეში სირბილს ჰგავს, მაგრამ ვნახოთ. მანქანას არ ვყიდულობ, მინდა საზოგადოებრივ ტრანსპორტით ვიმოძრაო, აირიოს ათასი სიტყვა, სუნი, მოძრაობა, ტკივილი, სიბინძურე და აღფრთოვანება. ცოტა დამღლელია, როცა თუ ვინმე შეგეხო შემთხვევით, შენ მისი მთელი გენეტიკა ზეპირად იცი.
ამბობენ, რომ რთული ვარ და ჩემი პეზიის გაგებას სჭირდება სხვა ცოდნა. ვეთანხმები, მე თითონ ბევრს ვკირკიტებ წიგნებში. გამიხარდა, როცა მარტვილში დამხვდა კარგი მკითხველი, ძალიან მოგვწონს სულ კითხულობთო, მაგრამ ვერ იგებთო. წავუკითხე მამა ანდრიას ლექსი და ლტოლვილების დაბრუნებაზე და იტირეს. მე ვუთხარი, ნუ ეძებთ ლექსის მიღმა სათქმელს, მე მიყვარს პირდაპირი საუბარი და წერა და ამიტომ, ჩემი სათქმელი არის წინა პლანზე. შესაძლებელია მკვლევალმა და კირკიტა კრიტიკოსმა დაინახოს და მიაგნოს ჩემი სიტყვების მიღმა ლიტერატურულ მემკვიდრეობას, ამას დიდი სიამაყე მოაქვს ჩემთვის, ეს ქვეცნობიერში დანალექი წიგნებია, ფოლკროლია, წიგნების შთაბეჭდილებებია, როცა ხელს აწერ ლექსს, მთელი შენი ბიბლიოთეკის წიგნების ავტორთა სახელით გაქვს უფლება ეს გააკეთო.
აი, თამაზ ბაძაღუა, ხო, როგორ მიყვარს და დარბაზში ზის და მისმენს, მისი დისშვილი, თუ დეიდაშვილი, ძაალიან კარგი ახალგაზრდა. მეთქი, თამაზის სული აქ ტრალებს და მასპინძლობს. მერე ჩავედით კანიონში და ჭყონდიდელის ეპარქიაში და თამაზ ბაძაღუას მისტიკა და მისი უცნაური ლტოლვა ამ დაფარული განზომილებებისკენ, ჩემთვის გასაგები გახდა.
მწერალი თუ გინდა გაიგო, უნდა ჩახვიდე და ნახო ის ადგილები, სადაც ის იზრდებოდა. ბავშვური პირველი შთაბეჭდილებები, ბუნების მიერ დატოვებული კვალი, ეს შემოქმედის საკვებია.

ხანდახან, ვგრძნობ, რომ პრეისტორიული პრიმიტიული ცოცხალი არსების მსგავსად, ვიკირები, ოღონდ ვულკანურ, ცარცულ პერიოდში კი არა, ჰაერში, ხორციელად და ცოცხლად. უცნაური შეგრძნებაა, ეს სამყარო თითქოს მართლა დაბერებულია.
მაგრამ, ახლა ამ დილას, როცა ვზივარ აივანზე, და მოპირდაპირე, გზის გადაღმა კორპუსის თავზე მტრედების დილის აბაზანას ვუყურებ, ყავას ვაგემოვნებ და გერონტი ქიქოძეს წერილებს ვკითხულობ, გამახსენდა, როგორ ვმალავდი ამ გიჟ-პოეტობას სახლში და როგორ გულდასმით მისაფრთებოდა ცალკე ეს მუზა და ცალკე ეს ოჯახობა. ვიყავი სულ დეპრესიული, ძილადმივარდნილი, „პატარა გიჟი იყავი“ დედაჩემი ასე იხსენებს ჩემს ბავშვობას, მეთქი რაში გამოიხატებოდა და ჯერ იყო შიშველი დარბოდი და ამ ხუჭუჭა თმას ცოცხალი თავით არ ივარცხნიდი, მერე ბუნების მოვლენების დროს, წვიმა, ქარი, ელ-ჭექი მთლად გადაირეოდი ხოლმეო.
როგორ არ მახსოვს, წვიმის დროს ცეკვა მიყვარდა ვერანდაზე, ქარში დავდიოდი ხოლმე და ხმამაღლა ვლაპარაკობდი, ასევე მიყვარდა უცნობ ადგილების ნახვა, სადაც არ ვიყავი ნამყოფი, ასე აღმოვაჩინე ქურმუხების სასაფლაო, წარმოდგენა არ მქონდა რომ მეორე სასაფლაოც ჰქონდა სოფელს და ეს იყო შოკი, მეგონა მარტო მე ვიცოდი ამ მეორე სასაფლაოს არსებობა, ქურმუხი კი იმიტომ ერქვა, რომ იქ ადრე სავარაუდოდ ქურმუხის წმინდა გიორგის ნიში იყო, ჰერეთის წმინდა გიორგი წამოვიდოდა ნათლის სვეტითა და აქაც დაბრძანდებოდა ხოლმე, გალავანი კი ახლაც არის შემორჩენილი, რომელიც სავარაუდოდ ნეკრეს-ქალაქიდან იწყება გაივლის მთელ ყვარელს და ლაგოდეხს და კახში კი მგონი დამთავრდება, გამოდის რომ ძველად, ძალიან ძველად კახეთის სამეფოს ერთი მთლიანი გალავანი ერტყა.
დავიტანჯე თავი ამ დამალობანათი. მაგრამ თუ გამომიჭერდნენ პოეტურ დოყლაპიობით, საშინლად დამცინოდნენ დები. ლექსების წერა მათთვის უცხოპლანეტელობა იყო და ამიტომაც, დიდხანს მინდოდა დავიწყება ამ უნარისა, და როგორც ჩვევას მავნეს თან შეძენილს ვებრძოდი, ვივიწყებდი, მაგრამ სანამ აქტიური წერა არ დავიწყე, მანამდე ბიოლოგიურად ცუდად ვიყავი, დეპრესიული, უძალო და ძილადმივარდნილი. და მერე კი ყველა მიხვდა შინ და გარეთ, რომ მე ეს დამყვა.

ქართველები, ხო, წარმართები ვიყავით და იმის იქეთ კი ვინ რა იცის, რა გვერქვა?!
ჭყონდიდის ეპარქიაში დავრწმუნდი, რომ ღვთისმშობლის რჩეული ერი ვართ.
საკურთხეველი უდიდესი ეკლესიისა არის მუხის ძირი, რომელიც არის ძალიან დიიდ რადიუსის. ამ მუხასთან წარმართ კოლხს პირველი შვილი მოჰყავდათ აკვნით და მიანარცხებდა ხოლმე ხეს და სწირავდა, თან სტიროდა, მე მოგკალი შვილო.
ქურუმები კი ჩვილის სისხლს იცხობდნენ და იწმინდებოდნენ და ქადაგად დავარდებოდნენ და მისნობდნენ.
მოვიდა ანდრია მოციქული, მარიამის ხილვით და თხოვნით და მოაჭრევინა და დააწვევინა ეს მუხა და ქრისტე იქადაგა და მიიღეს, კოლხებმა იესოს ჯვარცმა რა დაინახეს და ღვთისმშობლის სალმობა და ტანჯვა.
ნახე, როგორ ახლოს არიან?! ეს წარმართი საწყალი დედები და მარიამი, რომელიც ამხელა მიწიერ ტვირთს ზიდავს, იესოს, ხომ ყოველ კვირას წირვაზე, ხელახლა და თავიდან ვწირავთ საზიარებლად.


ნესტის სუნმა გამომაყრუა. ერთ ღამეში მოვიდა ნისლებით მოდონდლავებული, ლოფლოფი შემოდგომა, ხილის ჟელესავით ტკბილი და თანთალა.
წვიმას სიგარეტით და რძიანი ყავით ვიშინაურებ აივანზე, ყვითელია ნახევრად უკვე კაკლის ხე, მე ველური თუთის ხის მერიდება, ჩასაფრებული ვარ, მისი ფოთოლცვენა უნდა გადავიღო, შარი-შურით, სწრაფად და მზიანად ჩამოდის მისი ფოთოლი, სხივების სავარცხელით ივარცხნის სათოვლო ტოტებს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო