ანუ ჭიდილი მეფისტოფელის დასადგენად უთავო წიგნის ამბავში


ჩემი სახლის ბიბლიოთეკიდან დღეს ერთ ძველ წიგნს ამოვარჩევ და გაგაცნობთ. ეს წიგნი პაპის მამას შეუძენია და საოჯახო ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს იკავებს. თუმცა, სიძველის გამო, მისი ფურცლები შემოდგომის ფოთლებს ძალიან ჰგავს, გადაშლი და ისინი ერთმანეთს შორდებიან. წიგნს არც გარეკანი შემორჩა და არც სამწუხაროდ მთარგმნელის სახელი და გვარი და არც  გამოცემის  დრო არ შემორჩენია. თუმცა, გოეთეს „ფაუსტი” რომ არის ეს შიდა გვერდებზეც წერია და წინასიტყვაობაშიც, სადაც მთარგმნელი გერმანელ გენიოს აცნობს ქართველ მკითხველს.
ზაფხულის მიწურულს, შემოდგომის ჩვილობას წავედი სოფელში, სადაც ჩემი პაპის აშენებული მშვენიერი სახლი მაქვს. იქ იმდენი წაუკითხავი წიგნი მელოდება ყოველთვის, რომ ახალი წიგნების ყიდვის საჭიროებას ვერასოდეს ვერ ვხედავ, თუმცა წასვლამდე წიგნების მაღაზიებში მაინც შევისეირნე და დავით წერედიანის „ფაუსტის” ყიდვაც მოვინდომე, თუმცა მოხდა საოცარი რამ: მე ამ წიგნს ვერც ერთ მაღაზიაში ვერ მივაგენი.
მოკლედ, ისევ ძველი წიგნების იმედად, სოფელში კარგად რომ დაბინდდა და ძილისკენ მიიქცა ნებისმიერი სულიერი, მე ამ ჯადოსნურ თაროების წინ გამოვიჭიმე შეშლილი მთვარეულივით და იმ წიგნებისკენ წავიღე ხელი, სადაც პაპის პაპის მიერ ნაყიდი გამოცემებია. ასე წავაწყდი უყდო „ფაუსტს”, რომელიც მეფისტოფელის მსგავსად შენიღმული და ჩაჩუმებული “განისვენებდა”.
იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ეს წიგნი უოლტ უიტმენის კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ნათარგმნ ლექსების წიგნთან ერთად, ტყუპისცალივით იდო თაროზე, მე ჩავთვალე, რომ გოეთეს “ფაუსტის” პირველი ნაწილის ქართული თარგმანი სწორედ, კონსტანტინეს კალამს ეკუთვნის და როცა გადავამოწმე, ვნახე, რომ მხოლოდ ერთ საიტზე, საქართველოს პენ ცენტრის გრანდიოზულ პროექტის ელექტრონულ  „ლიტერატურულ რუკაზე” არის მითითებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფიაში ის ფაქტი, რომ ქართველმა ავტორმა, მართლაც თარგმნა „ფაუსტი”. ჩემი ეჭვი გამართლდა, ოღონდ ახლა ის, უტყუარ ინფორმაციად დადასტურდა.
ლიტერატურული რუკა: „XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე“, „ლომისი“ (.ტაბიძესა და .ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", „საქართველოს სამრეკლო“, „ქართული სიტყვა“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.
ამ ხანებში წერს მონოგრაფიას გოეთეზე, თარგმნისფაუსტისნაწილს. ამ დროს იგი ბევრს მუშაობს, როგორც მთარგმნელი, თარგმნის უიტმენს, პუშკინს, თომას მანს, რემარკს, წერს ლიტერატურულ ესსეებსა და წერილებს.”.

წიგნი სავარაუდოდ 1925 წელსაა გამოცემული, რადგან  პაპის მიერ შეძენილ  სხვა წიგნების თარიღიც 1899 წლიდან 1937 წლებამდე მერყეობს. როგორც, ახლა ვიგებ კონსტანტინე გამსახურდიას 20-იან წლებში უთარგმნია ფაუსტი და იმავე დროს დ. ონიაშვილის მიერ ნათარგმნი გოეთეს „ფაუსტი” საშინლად გაუკრიტიკებია.
თუმცა, საკითხს როცა ღრმად ჩავყევი რაღაც საინტერესო სურათი გამოისახა და მის ნეგატივს ახლა გასამჟღავნებლად გთავაზობთ.
აი, ამ საფეხურებით:
ერთ-ერთ ფორუმზე თარგმნილ წიგნებზე საუბრისას წამომცდა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ თარგმნილი ფაუსტი მაქვს. გამოხმაურებამ არ დააყოვნა, ჩვენმა თანამოქალაქემ, რომელიც ემიგრაციაში გერმანიაში იმყოფება მომწერა პირადში: თუ ეს ასეა გილოცავთ. ჩათვალეთ რომ უნიკალური გამოცემა ჩაგივარდათ ხელთ.
დამაინტერესა და გარდა იმისა, რომ ლიტერატურულ რუკაზე მოტანილ ინფორმაციას ვენდობოდი, საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ არქივ-საძიებელსაც ჩამოვეყრდენი:

გოეტე, იოჰან ვოლფგანგ
ფაუსტი / თარგმანი გერმანულით [და წინასიტყვაობა] . ონიაშვილის. - ტფ. : სახელგამი, 1927 (სსმუს პოლიგრ. 1-ლი სტ.). - XI,272გვ. ; 18სმ. - შენიშვნები, გვ. 253-272. - 1.50., 4000.[MFN: 40075]
UDC: 821.112.2-2
K 16.761/2 - საერთო ფონდი
K 27.011/2 - საერთო ფონდი
K 58.184/2 - საერთო ფონდი
K 61.208/2 - საერთო ფონდი
F 2.342/2 - ხელუხლებელი ფონდი
P 440/1927 - ხელუხლებელი ფონდი
დაცულია: სპებ; არქივი”.
აი, აქ კი კვლავ ჩემს უყდო წიგნს მივუბრუნდი. კიდევ ერთხელ კარგად შევათვალიერე. სატიტულო ფურცელზე: „ამ თარგმანს ვუძღვნი ჩემს ძვირფას და დაუვიწყარ დედის ხსოვნას. მთარგმნელი., მოჰყვება წინასიტყვაობა, რომელიც ფაუსტის და მისი ავტორის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს, სამგვერდიან წინასიტყვაობასაც ბოლოს აწერია მთარგმნელი.
ნაწყვეტი წინასიტყვაობიდან: „ფაუსტი მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია. მისი ავტორი არის გერმანიის დიდებული პოეტი იოჰან-ვოლფანგ გიოტე (Gcethe). დაიბადა 1749 წ. ქ. ფრანქფურტში და გარდაიცვალა ქ. ვეიმარში 1832 წ. მის მრავალ პოეტურ ნაწარმოებ შორის ფაუსტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, როგორც თავისი შინაარსით, ისე მდიდარი მხატვრული ფორმით. თვით გიოტე დიდი ყურადღებით ეპყრობოდა ამ ნაწარმოებს და თითქმის მთელი თავისი ხანგრლივი სიცოცხლე მას მოანდომა. გიოტემ ამ თხზულებას საფუძვლად ძველი გერმანული თქმულება დაუდო.
საშუალო საუკუნეებში ცხოვრობდა ვინმე იოჰანე ფაუსტი. იგი უბრალო დედ-მამის შვილი იყო და სწავლის მისაღებად 16 წლისა ვიტტენბერგში (გერმანიის ერთი ქალაქია მდ. ელბაზე) გაემგზავრა. აქ ცხოვრობდა მისი ბიძა (მამის ძმა), რომელიც ფრიად შეძლებული კაცი იყო და არაფერს ზოგავდა თავის ძმის წულისთვის. ტავისი ბიძის რჩევით ფაუსტი ინჰოლმშტატში (ბავარიაში) წავიდა და აქ უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე შეისწავლა მან მედიცინა, იურისპრუდენცია და მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. ამის შემდეგ ფაუსტი ისევ ვიტტენბერგში დაბრუნდა. აქ მალე გარდაიცვალა ფაუსტის ბიძა, რომელმაც მას დიდძალი ქონება უანდერძა. ფაუსტმა დაიწყო ხელგაშლილი ცხოვრება და შეუდგა ბიძის ქონების გაფლანგვას. იმ შიშის მოლოდინში, რომ ბოლოს სრულიად უსახსროდ არ დარჩენილიყო, ფაუსტმა ჯადოქრობას მიჰყო ხელი და გადასწყვიტა ეშმაკთან კავშირის დაჭერა. ერთხელ, როდესაც საშინელ ქარბუქიან ღამეში ფაუსტი თავის სამუშაო კაბინეტში იჯდა, მას მოულოდნელად ბერის ტანისამოსში ეშმაკი გამოეცხადა. „მე შენ გემსახურები, უთხრა ეშმაკმა ფაუსტს, თუ კი შეასრულებ იმ პირობებს, რომელიც ამ ეტრატზეა (პერგამენტზე) დაწერილი”.
1. „უარჰყავ ღმერთი და ყველა ზეციური ძალები.
2. აღმითქვი, რომ იქნები მტერი ადამიანისა და ყველა იმათი, ვინც შენ ბოროტ სიცოცხლეს გაჰკიცხავს.
3.  განსაკუთრებით შეიჯავრე ღვდლები და ყველა ღვთის მსახურნი და მათ ნურასოდეს დაემორჩილები.
4. ნუ წახვალ თავის დღეში ეკლესიაში და უარჰყავ წმ. ზიარება”.

ფაუსტმა მიიღო ეს პირობები და ნიშნად თანხმობისა ხელი მოაწერა თავის საკუთარი სისხლით. ამის შემდეგ ფაუსტი უბრძანებს ეშმაკს, რომ მან დახმარედ ბოროტი სული გამოუგზავნოს. მეორე დღესვე ეს სული გაჩნდება ფაუსტთან მეფისტოფელის სახით. ეს უკანასკნელი თან დასდევს ფაუსტს და აღარ შორდება მას. თავისი მფრინავი რაშებით მეფისტოფელი დააქროლებს ფაუსტს და ხიბლავს მას სხვადასხვა თვალწარმტაცი სურათებით. მაგრამ ფაუსტს მალე მოსწყინდება ასეთი ცხოვრებაც და მოისურვებს ეშმაკისაგან თავის დაღწევას. მაგრამ ამაოდ. ეშმაკი სამუდამოდ ეპატრონება ფაუსტის სულს.
ასეთია მოკლე ხალხური თქმულება დოქტორ ფაუსტზე. გიოტემ ისარგებლა ამ თქმულებით და მის ჩონჩხს თავისი უკვდავი სული შთაბერა.”.
შემდეგ არის ძალიან საინტერესოდ განხილული თავად ეს პოემა და წინასიტყვაობას მთარგმნელი ასრულებს ფაუსტის უკანასკნელი სიტყვებით: „- თაისუფლების და სიცოცხლის ღირსი ის არის, ვინც მას ყოველ დღე ბრძოლით მოიპოვებს! ის, ვინც, - იქნება ყრმა, ვაჟკაცი, თუ მოხუცი, - მთელ თავის სიცოცხლეს შრომაში ატარებს და სხვადასხვა საფრთხეს ებრძვის! მე მინდა ვიხილო თავისუფალ დედამიწაზე და თავისუფალ ხალხში ასეთი მღელვარე სიცოცხლე!
ფაუსტი არ ხდება ეშმაკის მსხვერპლი როგორც ეს ხალხურ თქმულებაშია. იგი სიკვდილის წამს შარავანდედით შეიმოსება, ხოლო ეშმაკი დამარცხებული ისევ ჯოჯოხეთს ჩავა. ასე სრულდება პროლოგში ნათქვამი სიტყვები: „შეცდომა მისწრაფების დროს ყველა ადამიანის ხვედრია”. „მებაღემ იცის, რომ თუ ხე ამწვანდა, შემდეგ ყვავილს და ნაყოფსაც გამოიღებს”. „თუ ფაუსტი მე ეხლა შემკრთალი გულით მემსახურება, მალე მე მას სწორე გზაზე დავაყენებ”.
და ფაუსტმაც მართლა სწორე გზა იპოვა. ფაუსტმა უარჰყო ეგოიზმი და ცხოვრების იდეალად შრომა და ხალხის ბედნიერბა დაისახა.”. /მთარგმნელი/
შემდეგ მე-13 გვერდიდან უშუალოდ ტექსტი იწყება, რომელსაც დართული აქვს შენიშვნების ციფრები.
252-ე გვერდზე მინაწერია: 1923 წ. 1 დეკ. საქართველოს დედა-ქალაქი ტფილისი და შემდეგ კი შენიშვნების განმარტებები იწყება.
268-ე გვერდზე წყდება მეფისტოფელის ვერაგული ისტორია და ფაუსტის ადამიანური გამარჯვება, ჩემი ადამიანური ცნობისმოყვარეობის ვერ დაკმაყოფილებით სრულდება.
თუმცა, მე სიამაყეს ვამარცხებ და ვაღიარებ, რომ ხელთ დავით ონიაშვილის მიერ თარგმნილი ფაუსტი მიპყრია, რომელიც სახელგამმა 1927 წელს გამოსცა.
ამის შემდეგ, უბრალოდ ინტერნეტ ქექვას ვიწყებ და ვაწყდები შემდეგ ინფორმაციებს:
(აქ სანდროს ლიტ. ბლოგში ონაშვილი წერია გვარი, ხოლო ბიბლიოთეკა ონიაშვილად წერს)
სანდროს ლიტ. ბლოგი:
გოეტესფაუსტი
გერმანულით თარგმნილი .ონაშვილის მიერ
ჩვენ ვესალმებით სახელგამის ცდას ევროპელ კლასიკოსების გამოცემის სფეროში. ჯერ კიდევ დიდი მუშაობაა საჭირო, ვიდრე შესაძლო გახდება უმთავრესი ევროპელი კლასიკოსების ქართულად წაკითხვა.
ამ მხრივ ქართული თარგმნილი ლიტერატურა ძლიერ ღარიბია. ქართველი მწერლები რატომღაც ერიდებიან ამ საქმეს.
ფაუსტისთარგმნის პირველ ცდას სასტიკი კრიტიკით შევეგებე 1912 წელს. მეგონა, ეს მეორე ცდა დამაკმაყოფილებელი მაინც იქნებოდა და ინტერესით შევუდექი ამ წიგნის კითხვას.
უბედურებაა, როცა არაპოეტი, დიდი პოეტის თარგმანს იკისრებს. ჩვენში უმეტეს წილად არაპოეტები ჰკიდებენ ხელს დიდი კლასიკოსების გადაქართულებას.
ყველა კულტურულ ენაზე თარგმნილიფაუსტილექსით და მე თითქოს არცერთი უნაკლო თარგმანი ხელში არ მომხვედრია. ფრანგები ძლიერ გონივრულად იქცევიან ასეთ შემთხვევაში. თითქმის ყველა დიდი პოემა მათ პროზითა აქვთ ნათარგმნი როგორც ჰომეროსის, ისე ვირგლიუსის, ოვიდის, ჰორაცის, დანტეს, კლოპსტოკის და გოეტესი.
რადგან გენიოსი პოეტის თარგმანს უთუოდ ვირტოუზ მთარგმნელის კალამი სჭირია, სხვანაირად იგი უთუოდ ეზოპის გალექსილი ზღაპარი გამოვა…“. კ. გამსახურდია
სანდროს ლიტ. ბლოგით მე ვიგებ, რომ თავად კ. გამსახურდიას საშინლად არ მოსწონებია დ. ონიაშვილის ნათარგმნი “ფაუსტი”. მე ამაში დიდ ქართველ მწერალს ვერ დავეთანხმები, მიუხედავად ისეთი ლაფსუსებისა, როგორიცაა: „ფაუსტი:
დიახ, თუ ღვდელი თვითონ არის კომედიანტი,
რაც ხშირად ხდება აქ ცხოვრების სინამდვილეში.”
თუმცა, ეს თითქმის ერთეული შემთხვევაა და არ ღირს წვრილმანებზე გამოკიდება, მით უმეტეს, როცა თავად ეშმაკს მივსდევთ კუდში.
თავად იოჰან ვოლფანგ გოეთეს შესახებ, ის ვიცი, რომ ძალიან მოხუცებულმა 17 წლის ტურფა გოგოს სიყვარულის ცეცხლი წაჰკიდა და იქორწინა კიდეც მასთან, მერე დიდხანს აღარ უცოცხლია ჩვენს შეყვარებულს, მაგრამ გულის წადილი კი აიხდინა, კიდევ მისი საუბრები ერკემანთან და ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი, და როცა ფაუსტის შესახებ მეტის გაგება მოვინდომე, აი, ქართულ გამომცემლობას თავის ვებგვერდზე რა გამოუქვეყნებია:

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა:
ფაუსტი იოჰან ვოლფგანგ გოეთე 
დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება, დიდი ხანია, მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმრავლესობაში სამყაროს ერთიანობისა დამშვენიერი ადამიანისიდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას არ აიგივებს ღმერთთანთვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოადგენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს“, რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა. „ფაუსტისპირველი ნაწილი 1810 წელს გამოქვეყნდა, მეორე – 22 წლის შემდეგ. მსოფლიო ლიტერატურის ეს ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული. დოქტორ ფაუსტსა და მეფისტოფელს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის სიმბოლოდ, მეორეერთი და იმავე მოაზროვნე გონის ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარედ მიიჩნევს. საინტერესო, დრამატული ფაბულა და სულისშემძვრელი ტექსტი დღემდე აღაფრთოვანებს ლიტერატურის მოყვარულებს. ამჯერად ქართველ მკითხველს საშუალება აქვს, დავით წერედიანის ახალი თარგმანით კიდევ ერთხელ, უკეთ გაიცნოს მსოფლიო ლიტერატურის შედევრი.
მინდა გითხრათ, რომ კრიტიკოსი მ. ხარბედია, რომელიც ახალ გამოცემების შესახებ ბევრს სწერს, ამასაც სწერს:
მალხაზ ხარბედია, რადიო თავისუფლება:
ქართული "ფაუსტის" მოკლე ისტორია ასეთია: იგი პირველად 1908 წელს გამოიცა სრულად, პეტრე მირიანაშვილის თარგმანი. შემდეგი, დავით ონიაშვილის თარგმანი, 1927 წელს დაბეჭდა "სახელგამმა", რომელიც 1962 წელს ხელახლა გამოსცა "საბჭოთა საქართველომ", დავით ლაშქარაძისა და ოთარ ჯინორიას წინასიტყვაობითა და კომენტარებით. ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გიორგი ჯორჯანელის მიერ შესრულებული პირველი ნაწილის გამოსვლა 1987 წელს - ეს წიგნი "მერანმა" გამოსცა და მას ირაკლი ფარჯიანის ბრწყინვალე ილუსტრაციები ახლდა თან. დღეს კი, სერიაში "მსოფლიო კლასიკა", დავით წერედიანის შესანიშნავი თარგმანიც გამოვიდა, წიგნი, რომელსაც ბევრი უკვე წერედიანის "ფაუსტს" უწოდებს.
მე სასწრაფოდ ქართულ ვიკიპედიის ბმულზე გადავედი:
ვიკიპედია:
პეტრე მირიანაშვილი (დ. 1860 - გ. 1944) - ქართველი ლიტერატორი, პუბლიცისტი, მთარგმნელი-პოლიგლოტი, ლიბრეტისტი.

აგერ, მეზობელ საიტზე დევს ასეთი საინტერესო მოგონება:
მერაბ ღაღანიძე, ლიბ.გე:
წიგნის მაღაზიები, რა თქმა უნდა, თბილისს გარეთაც იყო და უნდა გამოვტყდე, რომ, ჩემი ყმაწვილურად შეზღუდულ-გაზვიადებული განსჯით, ზოგიერთი ქალაქი ამ საზომითაც ფასდებოდა (მაგალითად, ასე მგონია, რომ ტალინი იმიტომაც არ მომწონდა, რადგან იქ წიგნის მაღაზიები ცუდი და ცოტა იყო). ამჯერად, მახსოვრობაში ჩარჩენილ პირველთა შორის, თვალწინ წარმომიდგება შუშის მოზრდილი ჯიხური კისლოვოდსკში, მდინარის პირას, ხიდთან, სადაც მართლაც ძველი, ძვირფასი, აქამდე იშვიათად ნანახი წიგნებია გამოფენილი. ჯიხურის წინ დღეში ორჯერ მაინც მიწევს ჩავლა და შეჩერება, _ ის იმ სახლის გზაზე დგას, სადაც თვენახევრით ბინა გვაქვს დაქირავებული. ერთი წიგნი კი მაინც განსაკუთრებულად, გამორჩეულად მიზიდავს. დედაჩემს რამდენჯერმე ვთხოვ, გამყიდველმა თაროდან გადმომიღოს და მეც რამდენჯერმე დიდხანს, აუჩქარებლად ვშლი მის ფურცლებს, _ დედაჩემი კი გვერდით მიდგას და მეხმარება, რადგან წიგნი იმხელაა, ორი ხელითაც ვერ ვერევი. მის თითოეულ გვერდს, აღბეჭდილს მოზრდილი და ლამაზი ასოებით, წნული მთავრულებით, კუთხეებსა და კიდეებში ორნამენტული ხლართი გასდევს, ყოველი სამი-ოთხი ფურცლის შემდეგ კი ცალკე გვერდზე მონაცრიფრო-ვერცხლისფერი ილუსტრაციები ბზინავს, ყდა კი მოჩუქურთმებული და შემკულია, _ ავტორის პროფილის ამობურცული სილუეტით და ღრმად ამოტვიფრული ფერადი ასოებით.
წიგნი გოეთესფაუსტია”, მეცხრამეტე საუკუნის ძველი, ძვირფასი, ძვირფასი ადამიანისთვის სასაჩუქრო გამოცემა. ის, რა თქმა უნდა, იაფი არ ღირს, მაგრამ მამაჩემს მაინც ვუბედავ თხოვნას, ეს საოცნებო წიგნი მიყიდოს. თავდაპირველად იგი უთუო უარს მეუბნება, მაგრამ, როცა ხედავს, რომ დაჟინებული ვარ და თხოვნას ისევ და ისევ ვუმეორებ, სიტყვას ბანზე მიგდებს და თავის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღით გადამიდებს ხოლმე. მაგრამ დღეები და იმედი ნელ-ნელა იწურება. ხვალ დილაადრიან უკვე გაგრას მივფრინავთ. მამაჩემმა საბოლოოდ მითხრა, რომ წიგნი ძალიან ძვირი ღირს, რასაც მისი ჯიბე ახლა ვერ გასწვდება, თუმცა გულს მთლად არ მიტეხს და მაიმედებს, რომ ამ წიგნს თბილისშიც მოვიძიებთ და მაშინ კი აუცილებლად მიყიდის.”.
მოკლედ, მე ჩემს ახლადდამეგობრებულ გერმანელ ქართველს, რომელიც ფორუმზე პმ-ებით დიდ მიმოწერას მიცხადებს, ვაცნობებ უახლოეს ცნობებს და საბოლოოდ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ძველი წიგნები და გამოცემები, მიუხედავად ავტორებისა და ნაწარმოებების ხარისხისა თუ მნიშვნელობისა, ძალიან საინტერესოა.
ახლა ამ ეგზემპლარის შესახებ, რომელიც ჩემი პირადი საკუთრებაა.
ინტერნეტი ღაღადებს, რომ ჩემი სახლის ბიბლიოთეკის ეს წიგნი, დავით ონიაშვილის მიერ ქართულად ნათარგმნი გოეთეს „ფაუსტია”. გამოცემულია 1927 წელს, სახელგამის მიერ და დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ  ბიბლიოთეკაში და არქივში. და კიდევ ერთი ეგზემპლარი ჩემს ბიბლიოთეკაში.
მე ეს წიგნი მიყვარს. და ყველაზე ძლიერ მონაკვეთზე ჯერ კიდევ ვფიქრობ:


სული
სიცოცხლის ტალღებში, ქვეყნის ქმნის ქარცეცხლში,
ხან აღვიგზნები და ხან ჩავქრები,
ირგვლივ ვმოძრაობ, ყველგან გავჩნდები,
შობა და საფლავი,
ზღვა მარადიული,
ცვალებად-მოძრავი
სიცოცხლე მზიური.
ასე ვქმნი ჟამთა სვლის დაზგაზე საიდუმლო ქსელს
და მის გუგუნში ვქსოვ ღვთაების ცოცხალ სამოსელს”.

საშუალო საუკუნეებიის გერმანიაში, მდინარე ელბაზე გაშენებულ ქალაქში გათამაშებული  ეს დრამა, რომელიც ადამიანს მის მარადიულ მტერთან თავს გადახდა, ძალიან მაგონებს ჩვენი შუა საუკუნეების ჰუმანისტის შოთა რუსთაველის  „ვეფხისტყაოსანში” მოთხრობილ საარაკო ამბავს. ქაჯების, მათი უხორცო სხეულების, სიკეთის, მეგობრობის და სიყვარულის ბრძოლა, დიახ, ყოველდღიური და თავს გადამხდარი ათასი უბედურება, ადამიანის საბოლოო გამარჯვებამდე, სხვა არაფერია თუ არა მარადიული ბრძოლა სიკეთისა და ბოროტებისა. თან, ეშმაკი ხო არც ბერდება და არც კვდება და მისი გამხმარი თავი დედამიწის ყველა წერტილში ერთსა და იმავე დროს გაჩნდება ხოლმე.
ფაუსტის და მეფისტოფელის დრამატული თავგადასავალი, ასევე ძალიან მაგონებს  მარადიულ წიგნს, რომელსაც ბიბლია ჰქვია და მე მგონია, რომ გერმანულ ფოლკლორში ნაპოვნი ობოლი მარგალიტის (თქმულება ფაუსტზე), მაღალ მხატვრულ ლიტერატურაში გადასახლება, მშვენიერი ბიბლიურ-აპოკრიფული ალუზიაა.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო