უშვილო ნინა და მართა


შილდაში, დედაჩემის დედინაცვლის
მხარეს,
უფანჯრო ოთახის ირმის თავიანი კარადა
როგორ იყურებოდა,
კავკასიონის ქედივით დაქრუშული,
ჭინკებშეჩენილი
და ნისლით გაბრუებული.
ადუღებულ რძეში ვცურავდით,
აივანზე, სადაც სუსხი და მწვერვალებზე
დადებული უკვდავი თოვლის სითეთრე
გვეხვეოდა და გვწვავდა,
როგორ ჰგავდა ეზოში დანთებულ კოცონს
მწვადისთვის,
ცეცხლზე და ყინულზე
ერთნაირად გიწითლდება ხელ-ფეხი,
ერთნაირად გვწვავს ორივე.
ცეცხლი და ყინული.
ნინა დედაჩემის მამის მესამე
ცოლი,
სომხის ოქროსკბილა ქალი,
უცნაური სიცილით ჩემდანახავი, უშვილო.
ის ცოცხალი იყო,
როცა ერთ აღდგომას,
როცა 18 წლის მოწიფული ქალიშვილი გახლდით,
წავედით მე და დედა შილდაში,
დედის მშობლების საფლავებისთვის წითელკვერცხებიანი
და სანთლებიანი მოწნული კალათით.
დედაჩემი - წითელქუდა,
სასაფლაოს გზაზე წითლდებოდა, ღუოდა,
სიხარულისგან,
დღეების დარჩა თავის დედას,
დედამისი სისხლისგან დაიცალა,
მდინარეზე რეცხავდა ჩვილის საფენებს და
 ისე გაცივდა, 28 წლისამ მიატოვა სამი პატარა.
დედაჩემს მივყავარ ნაბოლარა,
დედაჩემი უღიმის მამამისს,
დედა მისთვის კი ისევ უცნობია.
იმ საფლავზე თითქოს მოვინათლე,
ხელისგულებით წამოვიყოლე სინათლე და
საფლავიდან ფოსფორივით ამოსული პაპ-ბებიის სითბო.
უკან მობრუნებულებს,
ნინა დაგვხდვა ბოსტანში,
გოგრისხელა პომინვდრებიდან ოქროსკბილით
იღიმოდა ჩვენ შემხედვარე.
იმ ღამით,
ისეთ ფუმფულა ლოგინში დამაძინეს,
დედამ და დედინაცვალმა,
საწოლის ქვეშ სიმონა პაპას მოკლული დათვი
მეწვა და მდარაჯობდა,
მზემ გამაღვიძა, მომდგომოდა.რომ დილით, 
თავისთავად მეთქვა:
-ასე კარგად არ მძინებია -
ნინას სახე აუვარდისფრდა. 
და, როცა ჩემ ბავშვობის სკივრში თავით ვეყუდები,
თითქოს პურებს ვაკრავდე გახურებულ თონეს, 
ხელები მეწვებოდეს და სახეც, 
ამოდის ხოლმე მართას სახეც.  
მართა ბებიაჩემის დედინაცვალი.
დიდ პაპის მეორე ცოლი, ისიც უშვილო.
ახალსოფლის კარალიოკების ხეებში მჯდარი,
სიბერისგან გამოჭმული გულით, 
როგორ ასწია გამოხრული მკლავები და
უკბილო სიხარულით ჩამეხუტა:
-ისე არ ვკვდები, ეს ბალღი ახლა 
ღმერთმა მაჩუქა.  
ისე გამაცია, ერთიანად ავკანკალდი. 



Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო