Endless Rain. გაუვალი, დაბურული ტყის კარიკატურა

ისე თანხმობით
მაცხოვრე ღმერთო, როგორც
ხეები თავს უხრიან გარდუვალობას ნოემბრის თვეში,
სიშიშვლე და ყინვა ტოტებზე,
მათი განკითხვა ყოველ ახალ წელს.
და მეც მათ შორის, როგორც ორგანული ნაწილი,
და არა უცხო,
თავს თუკი მოვხრი და პურის ნაცვლად
სელის ხმიადებს ჩავიწყობ საგზლად,
თუ ველურ თაფლის შეგროვებას დავყაბულდები,
თუ დავანგრევ ნაქირავებ სახლის ოთხივე კედელს,
გადავაბიჯებ და შორი-ახლოს შენც მეგულები,
რა მინდა მეტი?!
მეც, დედის მუცელს ვსტუმრობდი ერთი და
ჩემს საფლავსაც სხვა ვერ აავსებს, ჩემი ძვლების სიფრიფანე
მის საზომზეა ზედგამოჭრილი,
და რომ არ იყოს პირდაღებული,
მიტოვებული, ამოთხრილი
ნებით დავიკრეფ ხელებს გულზე,
გემორჩილები, ოღონდ,
ის ბოლო, რომელიც
დამიმალე და არ მოყევი,
ბავშვობის ზამთრის თბილ ღამეებში,
ზღაპრების ნაცვლად ბიბლიური ალუზიებით
გათეთრებულ ბებიაჩემის თმით მოწნულ
წიგნში - დამპირდი, რომ
როგორც გაცრუვდა მიწიერი იმედები,
არახდენილი სიზმრებივით, გაბაცდა
სიყვარულები და შვილები,
დამპირდი, რომ შენ მათ არ ჰგავხარ,
ჭუჭრუტანაში შემოღწეულ მზის სხივივით -
ყველა რომ მტოვებს, ყველა რომ ჩემს წინ
სანოემბრე ხესავით შიშველი დგას და
თავის თანდაყოლილ ნაკლს მიჩვენებს,
შესაძულებლად, შენ მუდამ რჩები - თავდაპირველი. და
დამრჩები, სანამ ნებით სული არ ამომივა,
გვიმრას შუაღამის წითელ ყვავილივით.

Comments

Popular posts from this blog

ბოროტებისთვის წესის აგება

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო