ტკბილხმოვანი სულები შლიან კიდეებს


სულებმა, რომლებმაც ვერ კი დაივიწყეს
მკვდარი სხეულები მიწამიყრილები,
ნელი ტორტმანით მოარღვევენ ბინდბუნდის
სინესტიდან გაზაფხულების ნეტარ გაყუჩებას.
ტკბილხმოვანი სულები შლიან
კიდეებს. მე ვუყვარდი, მე ვსურდი;-
გამოკრთის მათთგან განწირულობა.
მე კომშის ხის ყვავილობას
განვიცდიდი ტანზე, არ მცალოდა.
სახლის ანგელოზები
მამაჩემის  გარეცხილ ქვევრში იბანებიან,
გოგირდი ფოსფორისფრად ყარს.
წითელი ღვინით დალაქავდება, სუნი
გახდება გაუსაძლისი -
ღვინო კი არა, ღმერთის სისხლია,
გაისმება ქება. ეს ვაჭრობა ცელს გამომისვამს
კოჭისთავებზე, მოვიკვეთები კვეთით სახლიდან.
ყურის, ენის და ცხვირის მოჭრას გადავურჩები,
მამაკაცური სურვილისგან შორს ვარ. მივიზლაზნები
აღმოსავლური თრიაქის და ხემის წყვეტამდე,
სულებო აქეთ, რომლებსაც ჯერ კიდევ გვტკივა
სხეულზე ნაფერები მწიფე ადგილები,  გავყვეთ
მდინარეს, დავიწყების სახელს ატარებს.



მეზარები
შესაზარად მეზარები,
დილის სიბლანტევ. მაინც ვიწევი,
სათითაოდ ჩემი წილი ხმაურისთვის
შევიხსენი მე ზარები.

გზა წვიმის თანხმლებით
მოსახელე მუნჯი სოფლები -
მიმავალი ავტომანქანის საქარე მინიდან.
მოსახელე მუნჯი ხეებიც -
შესეული ყვავ-ყრანტალებით.
გქვია ამ ქალაქის სახელი,
აქ ვიყავი, დავსვი წერტილი.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო