ხეობა
რაც იყავ მიწაში ჩაგდე, ისევ ის ამოგჩიჩქნე.
თეთრ მარლებში გაგხვევ,
მხარზე გაგიდებ და აი, მაინც,
სადამდე გავძლებ?!
დაუმარხავი ძვალი სულს მომთხოვ,
სული წყალგაღმა დაიწყებ მოთქმას.
ნება დამრთოს და მერე მე ვიცი, ჩემმა ქალობამ
და გავშლიდი ამ ძვლებს გამოქვაბულში,
გავიშლიდი თმას, ბუტბუტით
შევულოცავდი. გამო, გა-
მო-
დით.
ხორცს ავასხავდი, ამოვკემსამდი,
სულს ვშთაბერდი,
ჩავარდნილ თვალს ამოვიყვანდი,
თავიდანაც კი დაგართავდი.
ასწლოვან უთხოვარას ძირში
ხავსიან ქოხმახს აბლაბუდებს გავუქრობდით,
ცეცხლს დავანთებდით,
ცეცხლს დავანთებდით,
გავაცოცხლებდით.
რადგან დავრჩით ხეების ანაბარა,
რადგან დავრჩით მიწის პირზე,
რადგან დავრჩით ალალბედზე,
წყალმაც კი არ წაგვიღო.
Comments
Post a Comment