წიგნები
წიგნის სიყვარული ისეთი ჩვევაა, თან რომ უნდა დაგყვეს, თუმცა მისი შეძენაც შესაძლებელია. მე ვერსად გავექცეოდი ამ ჩვევას, რადგან ჩემი ოჯახი და ძველი სახლი, როგორც ადამიანებს, ასევე ეკუთვნოდათ წიგნებს. დიდი პაპის საყვარელი წიგნი, ხელნაწერი ბიბლია, რომელიც მუდმივად თან ჰქონდა, სამწუხაროდ ოჯახის გარე ბიძაშვილმა მოიპარა და მე არ მინახავს. ამბობდნენ ახალსოფლის დიაკვანი, რომელიც იაკობს შვილს ეკლესიურად ზრდიდა, მის მიერ ნაჩუქარი იყო ის ბიბლია. თუმცა პირველი აღმოჩენა, რომელიც მე მეკუთვნის, ცოტა სხვანაირ წიგნებს ეხება. ღრმა ბავშვობაში, კედლის თაროებზე, შიგნით, თვალსმოფარებული ძველი წიგნების მთელი ბიბლიოთეკა ვნახე და რამაც გამაკვირვა, უმეტესობა წიგნებისა გამოცემული იყო 1900 წლებში და ასევე, ისინი ყდაშემოცლილები იყვნენ, მათთგან უხნესი ანტონ ფურცელაძის დიდმოურავიანნი, რომელიც 1890 წელს დაისტამბა და სტამბა კეკელიძისაო, ასე აწერია. ვეფხისტყაოსანი, გოგებაშვილის კლასგარეშე საკითხავი, თამარიანი, ჩახრუხაძე, ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის შექსპირი და კიდევ უამრავი გამოცემა, ვინ იცის წლე...