წიგნები


 წიგნის სიყვარული ისეთი ჩვევაა, თან რომ უნდა დაგყვეს, თუმცა მისი შეძენაც შესაძლებელია.
მე ვერსად გავექცეოდი ამ ჩვევას, რადგან ჩემი ოჯახი და ძველი სახლი, როგორც ადამიანებს, ასევე ეკუთვნოდათ წიგნებს.
დიდი პაპის საყვარელი წიგნი, ხელნაწერი ბიბლია, რომელიც მუდმივად თან ჰქონდა, სამწუხაროდ ოჯახის გარე ბიძაშვილმა მოიპარა და მე არ მინახავს. ამბობდნენ ახალსოფლის დიაკვანი, რომელიც იაკობს შვილს ეკლესიურად ზრდიდა, მის მიერ ნაჩუქარი იყო ის ბიბლია. თუმცა პირველი აღმოჩენა, რომელიც მე მეკუთვნის, ცოტა სხვანაირ წიგნებს ეხება.
ღრმა ბავშვობაში, კედლის თაროებზე, შიგნით, თვალსმოფარებული ძველი წიგნების მთელი ბიბლიოთეკა ვნახე და რამაც გამაკვირვა, უმეტესობა წიგნებისა გამოცემული იყო 1900 წლებში და ასევე, ისინი ყდაშემოცლილები იყვნენ, მათთგან უხნესი ანტონ ფურცელაძის დიდმოურავიანნი, რომელიც 1890 წელს დაისტამბა და სტამბა კეკელიძისაო, ასე აწერია. ვეფხისტყაოსანი, გოგებაშვილის კლასგარეშე საკითხავი, თამარიანი, ჩახრუხაძე, ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის შექსპირი და კიდევ უამრავი გამოცემა, ვინ იცის წლები ითმენდნენ უმზეობას.
ამ დღეებში მივხდი, რომ ისინი გადაურჩნენ არც წყალს და არც ცეცხლს, არამედ, უღმერთო კაცებს. რადგან ჩემი ოჯახი ვერ გადაურჩა ბოროტ ადამიანებს. პაპა, რომელიც გამოირჩეოდა წიგნიერების სიყვარულით, გააკულაკეს, თუმცა, სანამ სოფლის მამასახლისს საბას ქონებას დაუყადაღებდნენ, მოასწრო ავლაბრის აგურის სახლის გაყიდვა და კახეთში მიწების შესყიდვა და ბაღის გაშენებაც, იმ ადგილებს, რომელიც შემდეგ კოლმეურნეობამ მიიწერა, დღესაც ფეხშველას ნაბაღარს ეძახიან. ისე ჰქონდა თურმე დარგული ხეები, ადრიანი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვაოდა და მწიფდა ხილიც და ყვავილიც.
წყლით სავსე სარდაფშიც მინახავს, მიმალული სამოვრები, თიხის ულამაზესი ქოთნები, დოქები, სპილენძის თუნგები და ქვაბები, მაგრამ წიგნების ბედი თუ უბედობა, მხოლოდ ამ დღეების ბოლოს გავაანალიზე.  როგორც, ჩანს, იმ დროს ლიტერატურას ეგრეთ წოდებულ, აკრძალულ ლიტერატურასაც დაეძებდნენ და ან წვავდნენ ან იყენებდნენ მამხილებელ მასალებად, და პაპას, წიგნები რომ დაეცვა, მათ ყდები გახადა და როგორც უსარგებლო, ძველი გამოცემები, თაროს უკან დაუდევრად მიაწყო ერთმანეთზე, ხოლო წინ კი სტალინის ტომეულები, მარქსიზმ-ენგელსის ფილოსოფია ააფარა. თვითონ გააციმბირეს, წიგნები კი სახლში გადარჩნენ.

წიგნები, მე კიდევ მგონია რომ ცალკე კონტინენტები არიან. სათაურიდან დაწყებული, სარჩევით დამთავრებული, ერთმთლიანობად ქცეულნი, თავისი ეპიგრამებით, მიძღვნებითა და ბოლოთქმებით, ცალკე სამყაროს წარმომადგენლები, წიგნის თაროები კი ერთი მთლიანი კოსმოსია, სადაც უამრავი პლანეტაა უხილავად ერთმანეთთან დაკავშირებული.

შეიძლება ითქვას, კიდევ რომ წიგნები ადამიანებიც არიან, ან პირიქით. ადამიანები არიან დაუწერელი წიგნები, წაუკითხავები, ან წასაკითხები. დედამიწაზე რამდენი ადამიანიც არის, იმდენივე მოსიარულე სამგანზომილებიანი, და იქნებ მეტიც, არეული დროების მქონე წიგნი არსებობს.

ალბათ, ამიტომ, მე არ და ვერ გადავარჩი წიგნის გარეშე. ახლა ორი წიგნი მაქვს, ნაბეჭდი სახით, პოეზია - „ერთი საათით გვიან“, ალექსანდრე ორბელიანი საზოგადოების მიერ გამოცემული, რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, მხატვარი ქრისტინე რობაქიძე და პროზა - „დედის კერძი“, გამომცემელი საუნჯე და ვაჟა წოწკოლაური, რედაქტორი ბესო ხვედელიძე, მხატვარი ქრისტინე რობაქიძე და ორიც ელექტრონული ახალი პოეტური კრებული  „სკნელები“, და ესეების წიგნი -„ ესეც ესე“, ორივე ლითერასმა გამოსცა და ლიტ.გეს ელექტრონული წიგნების მაღაზიის ვებგვერდზეა.

ეს, როგორც სიცოცხლე, ან სიყვარული და სხვა ბევრი მარადიული და აუხსნელი რამ, ჩვენს გარშემო დაუმთავრებელ  ამბად ჩაფიქრებული,  მგონია.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო