ანგელოსი ესმა ონიანი


მწიფე სუნებით გაბრუებული,
მე გრძელთმიანი, საზიზღარ ქვეწარმავალივით
მივიზლაზნები შუადღის მზეში, დამდნარ ასფალტში.
სად გინდა გასვლა,
როცა მარტოობა მხოლოდ სასაფლაოზეა და
წიგნების მაღაზიაში.
დღეს, ურმებზე დაბარგებულ გლეხების
ცნობისმოყვარე მზერის არ მაქვს სურვილი,
ისინი, ჭუჭყიან პატარებთან ერთად,
ყურძნის წვენით გათხუპნულები,
მიყურებენ მე - მოჩვენებას,
რომელიც საფლავის ქვებს ეფარება.
დღეს წიგნის დღეა, მაგრამ ნატალა
ტუჩაბზუებით და მტრულად მიცქერს,
მისი ანზორი დახლის ქვევიდან
ნეკა თითზე წაზრდილი ფრჩხილით
პერსონაჟობას იხდენს - ჟანრი უცვლელი.

თუმცა, იმ დროს, აბა, რა ერქვა, საშინელებათა?!
მიამიტი დედინაცვლის ასულები.
გუდიანი კაცი,
გვრიტების შემგროვებელი.
მაგრამ, წიგნებისგან შორს,
ჩემს ქვეყანაში ქუხდნენ მთები,
ზღვას კი ქვიშა გადმოსდიოდა.
იყო ომი, და ჯარისკაცები, დაუმარხავნი
იწვნენ ცის პირას, ბედის ანაბრად.
თეთრი სტუმრები“ - ჩუმი წიგნი.
აი, რა მსურდა.
წამოვედი და შემოდგომის საღამოს,
დავემალე იქ, სადაც მთვარე ღამღამობით
მშობიარობდა, ანუ სხვენში
და ეს ლექსები და ეს სახელი ესმა ონიანი,
სურათ-ხატებად გამიცოცხლდა.
ასე დაიბადა ეს ჩემი თავშესაფარი, ნავმისადგომის გარეშე.
მე წამოსვლისას,
ბევრ რამეს ხელი გავაშვებინე,
მე მივატოვე დამტვერილი სასაფლაოს ხმელი ჭადრები,
და ეს წიგნი და ეს სახელი ესმა ონიანი
თან წამოვიღე.
მაგრამ, ქალაქი, სადაც უნდა მესწავლა ხელობა,
სადაც ვისწავლე ჯოჯოხეთის სურათებზე წერა,
დამხვდა ომისგან გაბრუებული,
ნაშიმშილარი, ნაავადარი.

სახლიდან უნივერსიტეტის ბაღამდე,
მე გავდიოდი ესმა ონიანის სახლის ჭიშკარს,
მე დავდიოდი ამ ქალაქში და თავში აზრადაც არ გამივლია,
რომ გამეკითხა ლექტორებთან,
ნეტავ, სად სახლობს პოეტი ქალი,
ნეტავ, იმ დროში აკრძალულ უფალს, გაგრძელებებად
ისევ თუ ხატავს?!

ვინ იცის, სტუდენტურ ზურგჩანთით,
სადაც მუდმივად დამქონდა პოეტის წიგნი ავგაროზივით,
პლეხანოვზე, რამდენჯერ გვერდითაც კი ჩავუარე,
ვინ იცის,
და მან ჩემი თვალები საკუთარი ლექსებით იცნო.
თუმცა,
მე ახლაც,
როცა წუთისოფლის მშიერ ხახამდე ერთი ნაბიჯი მრჩება,
ვგრძნობ უხილავ ხელს,
რომელსაც, როგორც ხავსს, ისე ვეჭიდები,
რომელიც, მიმიყვანს ხოლმე ესმა ონიანის პოეზიასთან
და მესმის: დარჩი.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო