ვაკუუმი



შენ ერთადერთი შემორჩი ჩემს
ვაკუუმში, როცა მე 
სიჯიუტით განაყოფიერებული
უშიშრად მივიწევ სახელმწიფო დაწესებულების
რუხ და უსარკმლო შენობისკენ,
დილაობით, როცა მზე,
წმინდანივით სისხლგაცლილი
წევს გზაზე და იქ, კი
დეპარტამენტი მხვდება გამწკრივებული,
ხეების მუნჯი ჯარივით და
სათითაოდ, ათივე თითს ჩემსკენ იშვერენ:
- ამას აკლია, ეს გიჟია
და მაგას ჩვენ ხმას არ ვცემთ,
გიჟ-პოეტაა, გიჟ-პოეტა.

ჩემს ერთადერთ შემორჩენილს,
შენ ვაკუუმიდან შეგიყვან მათ ეიფორიისკენ
და გავძვრებით, ისე, თითქმის
ავგაროზ აცმულ ავთვალ უნახავ
თევზს რომ სჩვევია.

მე მკლავებზე ხორცი ჩამომიგრძელდა,
მე ამ წამებულ მზის სისხლში ჩამოვდნი,
ორივე ხელს ვაჯვარედინებ,
ჩვილივით გულთან ახლოს გიხუტებ.

შენ ჭარმაგი მამაკაცი,
თითქმის უთმო, წელში მოხრილი
უსქესო ემბრიონი,
მეკვრი ცახცახით, თვალდახუჭული
და ვაკუუმიდან უკანასკნელ ჰაერს მთხოვ,
აჰა, ვიწველი 
ჩემს სიჩუმეს შენ სუნთქვაში ვაწვენ.
ეს რისკის ჯგუფის
მზის გარდამოხსნა ციდან ჩამოხსნას და
ერთ ღამეში აფეთქებულ ვაშლის ხეს ჰგავს.
სამახსოვროდ მე დაგიხატე.




Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო