*


ხელს თვალთან ვერ მიიტან უკუნ სიბნელეში,
ნათდება წამიერად ეს აბსოლიტურად
ამნეზიური სიშორე.
ახლა კი ვამჟღავნებ, რომ გადაიტანო,
ახალი ამბავი.
აირჩიე, რომლით დავიწყო,
რა გირჩევნია,
ის რომ აღარსად, თუ სადმე მაინც,
ოღონდ არავინ?!
რა მედარდება, ჩემი გული დაწრეტილი
ელოდება გამოდარებას, რომ მზეზე გახმეს.
ნაწილებდასატეხად, ხელებში მოვიფშვნიტო.
გავუშვა ფრინველივით თავისუფალი.


ეს შენთვის ჩნდება, მდინარის წყალში
რომ შეიძლება ასეც გწამდეს,
ღმერთებთან მოხვდი,
ადამიანებს რომ გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან,
მათ შორის გაჩნდი.
რა ძნელია ღმერთების მეზობლობა, მოსწავლეობა,
ღმერთის შვილებთან წუწაობა,
ნაყინის ჭამა.
რა ამბავია ღმერთპაპების მოტყუება და მათი
გულბრყვილო თხოვნების, წყალზე გაგზავნა დაზარება.
რა ბედენაა, ღმერთის დედებთან ერთად ტირილი,
ყოველი ძაღლის აყმუვლება,
პიეტას ნიშნავს,
რადგან ვინც კვდება, ყველას ჰყავს დედა.
არის მეორეც, მდინარის წყალზე ისეც ხდება,
მჟღავნდება თეთრ ფურცლებზე,
რომ ღმერთები რომ გეგონა და მათ დანახვაზე
წითლდებოდი,
გეგონა, რომ ნებისმიერი უცხო შემხვედრი,
შენს ავ ზრახვებს კითხულობდა და გულში გტუქსავდა,
არიან მხოლოდ კაცნი და ქალნი და მეტი არც რა.
ერთი ამბავია, მოგეწურება წამიერად გული,
ადამიანები, ცოდვის მქმნელნი,
სხვა ვერაფრის მომგონებელნი,
შენს გვერდით და შენს წინ,
მხოლოდ სიკვდილის მოლოდინით მოთენთილები,
რიგში ჩამდგარან.

ეს იცი რას ჰგავს?!
სეზონების ამობრუნებას.
როგორც ახლა, ზამთრის კუდის მოქნევა
რომ გეგონება,
არადა, გადაიწია, გადაიწია და
მხარე იცვალა გაბერილმა დედამიწამ.
ჩვენ ბარს ჩამოსახლებულები,
ყინულიან მწვერვალებზე გადავსკუპდით.
და თითქოს, გვესიზმრება,
ოდესღაც, აქ ვსახლობთ,
აქ ვკრეფთ ყვავილებს გასახმობად,
აქ ვახმობთ ხილს საზამთროდ,
აქ ვწყევლით გამჩენს რომ გაგვაჩინა და
აქ ვკვდებით, სხვების გულების დასაწყვეტად

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო