აკრძალული კადრები


13 მაისი
ყოველწლიური აღდგომა,
სოფელში ბიძაშვილის მობრუნება
სასაფლაოდან მიწიანი ხელებით,
თვალის ვერ გასწორება მის სახეზე:
აი, მე ვისი სურათი მაქვს ტელეფონში" -
გულის ამოვარდნა ყოველწლიური აღდგომა,
ორშაბათს იქაც გასასვლელები ვართ,
იქაურობაც მისახედია.
ამ სახლში კი გაიბზარა საძინებლის ის კედელი,
სადაც ხის საწოლი დგას,
ხის რიკულებიანი საწოლი.
პატარა ბიჭის. ცარიელი.



ბაბუშერას გზა
 აეროდრომი აბალახდა,
ბაბუშერას აეროდრომი,
აბალახდა, როგორც ეზო-კარი.
უპატრონოთა.
სასაფლაო ბაბუშერასი უპატრონოთა.
ცა გაიხსნება,
გვერდი გვერდით, მხარი-მხარსაა ძმათა სამარეები,
მიწა ერთია.
გაიხსნება, „ლაზარე გამო“.
ეს მეორედ მოსვლაა, ანუ დაბრუნება.

არჩევანი კი ასეთია,
დედების მოსვლა აბალახებულ ბაბუშერას აეროდრომზე,
დედების ფრთებიდან ყვავილების აბიბინება.

მიწა ერთია.
მკვდრები აქედან ფეხს არ იცვლიან.
ადრე თუ გვიან,
დაბრუნება გვიწერია, სისხლით წმინდანის.


 
კალენდარი
ჩემი თავიდან ამოსული,
გლუვ სარკეების ზედაპირზე თეთრ სუდარა-სუფრებს
ვაფარებ, ანუ
ვრჩები საკუთარ თავთან.



კუსტურიცა, ცა
ცხენი მზის დისკოზე. კვირა. დღე.
მეტრო იეროგლიფებისა. წერაქვული დამწერლობისა.
ფლობით მყრობელი.
ხვთისა მშობელი.
განა არა და, ეშმაკიც ცოდოა. ცოდვა.
მასაც უნდა მიუგდო რამე, სახრავად რამე.
მთლად არ გამგელდეს,
შენზე მეტად შვილი არ გახრას.


თბილისი ხაზზეა
დოკუმენტური ფილმის თბილისი.
ვაგზლის ხაზი, ეს მეორე გადასასვლელი.
ბრმების შიშველი ხელის გაწვდენა.
ერთ ხელის გაწვდენაზე. და ისიც პეშვით.
თავისებური ბრაილის შრიფტი. ნევროსტიმის რეკლამა,
ლიანდაგის კედელზე:
„ხსნის შიშებს, გაღიზიანებადობას.
ცხრა ლახვარი, 9 აპრილი.
მომღერალი ბრმა  ქალის შვილი.
საბურთალოს ხაზზეა.
„მარტის თვეა შენი,
შენ ნუკრი ხარ შვლისა,
ეგ ნუკრობა გშველის.
ხაზზეა თბილისი, თბილისი ხაზზეა.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო