თებერვლისათვის

ხეების ჯადომ მოიხმო თოვლი,
ასეთ ამინდში ჭალები, ღმერთო,
გადათოვლილი გარბის მდინარე,
ასეთ ამინდში ხმელი ხეების წყევლა,
ძუ თეთრი მგლების ყმუილივით
ედება
მინდვრებს და ხნულში ჯიჯვლდება თესლი.


ამოსდის,
მწვანე ბალახი ჩვენი პაპა-ბებოების საფლავებს,
ამოდ სდის
როგორც ჩვენი ბავშვობის სიწმინდე -
ცრემლი.
და დაიძვრება საფლავის მიწა,
და მოედება ცემენტის ქალაქს,
ქალაქს, ბეტონის, სადაც სული
მოუკვდათ სახლებს.
სადაც, ომებში ნამყოფ მეომრებს,
გადახეთქილი კეფები სტკივათ,
სადაც, დედები, გაიხიზნენ მონებად
და თბილ ქვეყნებისკენ იმზირებიან
მოწყენილი მამაკაცები.
ასეთი მე არ მინატრიხარ,
დროა პირ-ბადე აიხსნა და აიხსნა წყევლა,
გამომიჩინე, ჩემო ქვეყანავ,
ოქროს აკვანი,
გამომიჩინე იესოს კვართი.
თებერვალში, წყლით ორსულ ხეებს,
უორთქლდებათ მერქანი - თოვლი,
ჭალებს ედება ფრინველთა გუნდი,
ბრუნდებიან სახლებში წყებად.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო