დამალობანა გაზის კაცებთან - Illusion




ლიკა ფაცაციას

კარზე ზარია.
სიჩუმე!
კარზე კაკუნი.
არავინ.
გაზიდან კაცები კარებთან.
კაცები გაზის დადიან -
არ ვაღებთ.
არ ვიხდით.
შეგვეშვით.

ჩუუ,
სახლში არიან და  არ აღებენ.
ჩუუ,
კარს იქეთ გვემალებიან,
ჩუუ,
დავჭირდებით და არ მოვიდეთ,
ჩუუ,
ტელეფონი გაბმით რეკავს,
ჩუუ,
ჩვენც აღარა ვართ,
არ გპასუხობთ,
დაკეტილ კართან აღარ მოვალთ.

არადა,
დღეს სახლი გაიფატრა,
აფეთქდა გაზქურა, სადენი,
აფეთქდა ლიკა და გაფრინდა
და სახლში დაგროვებულ აირებს,
სიკვდილის სუნი აქვს,
რადგან, ამ ქალაქში არასოდეს
არ ჩაისახლებენ ლტოლვილებს,
გოგონას,
ვინც სახლი დაკარგა და ახლა,
დაეძებს გასასვლელს,  რომ სადმე დასახლდეს
მუდმივად.

უფალო,
თუ ერთხელ განდევნი გოგონას სახლიდან,
უბნიდან, სოფლიდან,

თუ ერთხელ უღელტეხილს ფეხშიშველს
ატარებ,
ატარებ ფეხშიშველს ყინულზე,
შენ მაინც რა მოგდის ხანდახან, 
უფალო,
სახლი არ აღირსო, თბილოდეს,
მეორედ,
სახლი არ აღირსო, თბილოდეს,
მესამედ,
სახლი არ აღირსო, თბილოდეს,
რომელი თამაშის წესია?!


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო