მაისისთვის 1, გოგონა საათის კოლოფში




მოგმართავთ, თხოვნით
მამებს, ბიძიებს, პაპებს თუ გნებავთ,
მამინაცვლებს,
ნუ ააშენებთ სოფლის შუაში,
მაღალ სახლებს, კოშკების მსგავსებს,
ლამაზებს, ავთვალ უნახავებს.
ნუ ააშენებთ, უკარ-ფანჯრო
ბეტონის კედლებს,
ყრუ სოფლელების დასაბრმავებლად.
დიდ ხანს თუ ერთხელ,
მე ვცხოვრობდი კედლის საათში,
გუგულივით.
კოლოფის კარი იღებოდა ყოველსაათში,
საათში ერთხელ,
გამოვდიოდი მთელი სოფლის დასანახავად
გუ, გუ, გუუ.
გამოვდიოდი და სოფელი თვალებს ითხრიდა.
ხუთ წუთში უნდა მოესწრო და
სოფლის ყველა გიჟს,
მოეხადა ქუდი, უნდოდ პირჯვარი გადაეწერა.
მოეღერა მუშტი, ტუჩები მობრეცვოდა,
დუში გადმოსვლოდა.
ყველა მკვდარი ჩაივლიდა თეთრი ნისლივით,
ყველა მექორწილე სიგნალებით თავს მიბრუებდა.
მე არ ვიყავი ამ სოფლისთვის,
სოფლის ბრუნვისთვის, მხოლოდ
ჭვრეტა მევალებოდა.
კოლოფში კი ვცხოვრობდი მშვიდად:
ძველ სტამბებში დამცხვარ წიგნებთან,
ომის მაუწყებელ ორარხიან ტელევიზორთან,
შინაურ ფრინველთან,
მარადიულ მიცვალებულ სულებთან
ჩოხიან და ჩიხტა-კოპიან კოხტა ცოლ-ქმარს
დაუზარებლად წესს ვუგებდი მზის ჩასვლისას.
წესის აგება მევალებოდა, რათა ხმელი,
ნაცარკუტა პურის
ყუა ბეღურებისთვის მიმეფშხვნია საქათმის ბოლოს.
ან ნაშიმშილარ,
ოსის მეზობლის, მეხუთე ვაჟისთვის მოსახარში ლობიო
გამეტანა ქოთნით და მას კი სიმორცხვისგან ხელი აეკრა.
მშიერს დაგვეძინა
და სიზმრებში გარდაცვლილ პაპ-ბებიებს,
სულ ქადა ნაზუქები დაეცხოთ,
სულ ტყის კომშის ფიჩხზე
გაეხუხათ დედას პურები, ჩასუქებული
დედალი მწყრები მოეზიდათ ნაზამთრალი
ბალღებისათვის,
სულ ზღაპრები და ტყვიები, ტყვიები,
ბრმა ტყვიები.
სულ ობოლი ცრემლების დენა.
რა ღმერთი გაწყრა, შუა სოფელში წამომართა ბიძაჩემმა
თეთრი სახლი,
დაუბრმავა ობოლ-ღატაკებს ამოღამებული თვალები,
მათ შურიან გამოღრუტნულ მუცლებში
წყევლები და ოხრობები ჩასახლდნენ.
შუადღისას, გამოვჩნდებოდი,
გავხედავდი სოფელს, ამომხედავდა.
თვალი თვალის წილ,
თვალი თვალში
როგორც ქვის სროლა ორღობეში წვიმიან დილას,
მამლების ყივილიან-ბურუსიან დარაჯობისას.
მოგმართავთ, თხოვნით,
ბიძიებს, მამებს,
სახლისკაცებს, პაპებს, ანდა პაპის ნაცვალებს,
ნუ ააშენებთ, შუა სოფელში მაღალ სახლებს,
თეთრებს, ლამაზ აივნიანებს,
ოქრო გოგოებს, სულის კოკობებს,
ნუ გამოკეტავთ,
ჩრჩილის და ვადაგასულ ამბების მარა.
სოფლის გასაგონად,
გიჟის ნებაზე მისაშვებად,
ბოროტების გასახარად.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო