მიშგუ ლადეღ სი
თოკზე თვალდახუჭულს უჯოხოდ გამეარა.
ცერა თითი ნეკასთან:
მომყევი!
შუა თითი არათითს:
წვიმის ხმაა,
სუნიც მიწას ასდის ბალახის.
გადამეყლაპა სულ შემთხვევით ზამთრისპირს
ენა,
ხელის ცეცებით
მოგაგენი კი არ განიშნებ,
არც გესალმები, თითით გიჩვენებ (ცუდი ჩვევაა)
ეს ჩემს ენაზე ვლაპარაკობ.
თვალი დამიგდე.
არათითი ხელისგულს:
ორ ლოდს, ამღვრეულ მდინარეში,
დევის ახალშობილ ბახალებს,
რა უნდა?!
გასაყოფად უნდა განეწყო.
კლდის ყვავილებიც ისე ნაზები,
ცისფერები და ვარდისფერები –
დუმილით რამდენს ბაასობენ.
მიკვირს როგორ ეკვრიან კლდეებს,
მიწა არ ყოფნით, ცით სააზრდოობენ,
მომეც მე ამათი გაძლება.
ხელის ცეცებით გიხსნი,
მოგძებნე.
აზრი სიტყვებს მაშინ აქვთ მხოლოდ,
როცა გულის გზას ადგანან და გულის კარიც
იღება მაშინ,
როცა ავდარში მოხვდება მგზავრი.
ცერა შუათითს,
ამათ შუა საჩვენებელი:
დაგორებული ხნულებიდან ამოსული ბინდის
ჩრდილების პირუჩუმარ პროცესიას მეც შევესწარი.
საჩვენებლით:
განიშნებ!
ნისლებდაყრილი თეთნულდის ძირას,
ფაშატი კვიცს რომ აწოვებს თბილ
რძეს,
ახავსებული ტყის კაკლები ტოტებაწვდილნი გამოსთხოვენ ზევით სალოცავს, ნაყოფს,
საკლავისფერი ფრესკები ჩამოათოვენ წყალობას.
აღვლენილია საერთო წირვა.
მზის საგალობელს გუგუნებენ ვაშლის ხეები.
– ილაპარაკე, დიდო დედაო, აქაფქაფებულ ჩანჩქერის ხმით -
– ილაპარაკე, დიდო დედაო, აქაფქაფებულ ჩანჩქერის ხმით -
პირქვე დამხობილს ზურგზე ტყეები ამოგსვლია,
სიცოცხლისათვის გახმოვანებ.
გაგენდობი,
თვალდახუჭული გავდივარ ბაგირს.
ნეკი ნეკისა:
- მიშგუ ლადეღ სი.
Comments
Post a Comment